თავდადება ცოტნესი (თავი მეოთხე)


ამასობაში დადგა ის დრო, როდესაც პირობისამებრ უნდა შეყრილიყვნენ საქართველოს მთავარნი თავიანთი ჯარებით ახალციხის ახლოს; აქ დანიშნულ ვადაზე ცოტნე დადიანი გამოცხადდა თავისი ჯარით, მაგრამ ნაცვლად თავმოყრილი ქართველი ლაშქრისა, მას დახვდა საზარელი ამბავი. მან იმწამსვე მიიღო იმისთანა მაღალი და საკვირველი გარდაწყვეტილება, რომელიც შეეფერება სამაგალითო მამულიშვილს და ყოვლად ღირსეულ ვაჟკაცს. თავისი ლაშქარი მთლად უკანვე აფხაზეთში დააბრუნა, თვითონ კი გასწია ანისისაკენ ორი მოსამსახურით იმ განზრახვით, რომ მისულიყო დატყვევებულ ქართველებთან და ჭირსა და ტანჯვაში მათთან ყოფილიყო.

ცოტნემ გაიარა მესხეთი ანუ ახლანდელი ახალციხის მხარე, შემდეგ ჯავახეთი, ჩავიდა სომხეთს და შევიდა სომეხთა დედაქალაქ ანისში. ერთ დიდ მოედანზე დაინახა ქართველი ტყვეები, რომელნიც გატიტვლებულნი და მკლავებ-შეკრულნი ისხდნენ მზის გულზე და იხრაკებოდნენ. საშინელმა წუხილმა შეიპყრო გმირული გული ცოტნესი, როცა ამისთანა დამამცირებელ მდგომარეობაში ნახა წარჩინებული ქართველნი. მაგრამ ამასთან ნუგეშიც იგრძნო, რადგან დაინახა, თუ რა ღირსეული ვაჟკაცობით იტანდნენ ამ სათაკილო სასჯელს მისი მეგობარნი.

ცოტნე გადმოხტა ცხენიდან, მივიდა თავის მეგობრებთან და მხურვალედ მიესალმა; მერე ფიცხლავ გაიძრო თავისი ტანისამოსი, გატიტვლდა, თვითონვე შეიკრა თოკებით მკლავები და ჩაჯდა ამ სახით თავის მეგობრებს შორის დაღონებული. როცა ეს ამბავი ნოინს მოახსენეს, იგი საშინლად გაოცდა, დაიბარა თავისთან ცოტნე და ჰკითხა მიზეზი, რად მოვიდა აქ და რად ჩაჯდა გატიტვლებულ ქართველთა შორის. ცოტნემ მიუგო: მე მოვედი იმიტომ, რომ ჩემი ამხანაგები უდანაშაულონი არიან. უდანაშაულოთა დასჯა კი თუ შეიძლება, მეც მათთან ერთად დამსაჯეთო.

ამ სამაგალითო სათნოებამ და იშვიათმა მეგობრულმა ერთგულებამ ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ნოინზე, რომ მან თქვა: რადგანაც ქართველნი იმდენად სათნონი და კეთილნი ყოფილან, იმდენად ერთგულნი ერთმანეთისა, რომ შორეული აფხაზეთით მოვიდა ეს დიდებული კაცი, რათა თავი დასდოს მეგობრებისათვის, ამიტომ ვენდობი მეც მათ და ვანთავისუფლებ ყველასო.

ასე იხსნა სახელოვანმა მამულიშვილმა ცოტნე დადიანმა რჩეული ქართველები საშინელი წამებისაგან.

ტყვეობიდან დაბრუნებულნი ქართველნი შეუდგნენ ქვეყნის გაძლიერებას, დაამყარეს ამერთა და იმერთა შორის ძმური კავშირი და ერთობა, და განდევნეს თავისი ქვეყნიდან მონგოლნი.

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი