სხივი წარსულისა (თავი პირველი)
(ისტორიული ამბავი) დიდს აღმართს დიდი თავდაღმართი მოსდევს; ხანგრძლივ გვალვას ხანგრძლივი წვიმა მოჰყვება ხოლმე; დიდი სიხარული ხშირად დიდ სიმწუხარედ იცვლება ადამიანისა და ქვეყნის ცხოვრებაში. მსგავსად ამისა, დიდს ბედნიერებას საქართველოისას თამარ მეფის დროს მოჰყვა დიდი უბედურება მისი შვილების მეფობის ჟამსა. თამარის სიკვდილის შემდეგ თორმეტი წელიწადი ჯერ არ გასულიყო, რომ ბედნიერს საქართველოს უცბად შემოესია ველური და შეუბრალებელი მტერი. ეს მტერი იყო მონგოლთა ჯარი. მეთორმეტესა და მეცამეტე საუკუნეში მონგოლები, რჯულით მაჰმადიანნი, იყვნენ უძლიერესნი მეომარნი და მათ დაიპ-ყრეს ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთი, რუსეთი და კიდევ სხვა ქვეყნები. თუ უზარმაზარმა ქვეყნებმა ვერ მოიგერიეს ეს მტერი და იძულებულნი გახ-დნენ მისი უღელი კისერზე დაედოთ, მით უმეტეს ვერ გაუმაგრდებოდა მას პატარა საქართველო, რომელსაც მონგოლები შემოესივნენ ოთხპირად. თითო პირს ჯარისას შეადგენდა ათი ათასი კაცი და ჰყავდა ცალკე სარდალი, რომელსაც მონგოლურად ნოინი ერქვა. ასე რომ სულ ორმოცი ათასი მონგოლი, ოთხი ნოინის წინამძღოლობით, დაესხა თავს ჩვენს ქვეყანასა. ამ ჯარს არა ერთი ქვეყანა დაეპყრო, ძლიერ გამოცდილი და გაფოლადებული იყო ომში და მასთან ბრძოლა მეტად ძნელი იყო. მართალია, ქართველმა ჯარმა ძლიერ გაუჭირა მონგოლებს საქმე, ყოველი ნაბიჯის წინ წამოდგმა მტერს ძვირად უჯდებოდა, ბრძოლის ველზე ბევრი მონგოლი ესალმებოდა წუთისოფელს, მაგრამ მტერს ახალ-ახალი ჯარი ემატებოდა, ქართველებშიაც მტკიცე ერთობა არ იყო და ამის გამო ბოლოს საქართველო იძულებული შეიქმნა ქედი მოეხარა. მონგოლების ნოი-ნები გახდნენ მბრძანებლები საქართველოსი, დაადგეს მას მძიმე უღელი, დაადეს მძიმე ხარჯი. ხარჯს გარდა ჩვენი ქვეყანა მონგოლებმა ვალდებული გახადეს, რომ მას თავისი ჯარი ყოველთვის გაეყოლებინა მათთვის, როდესაც ისინი სხვა ქვეყნებზე გაილაშქრებდნენ. ქართველის ჯარის თან გაყოლა უფრო იმის გამო მიაჩნდათ მათ საჭიროდ, რომ ეშინოდათ: ვაი თუ ჩვენი სხვაგან ყოფნის დროს ქართველმა ჯარმა თავისი ქვეყანა ააჯანყოს ჩვენს წინააღმდეგ, ციხეები, რომლებშიაც ჩვენი ჯარი გვიყენია, აიღოს, ჩვენები ამოჟლიტოს, ჩვენი მფლობელობა და ბატონობა გააუქმოს და საქართველო გაათავისუფლოსო.
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი