სხივი წარსულისა (თავი მეორე)


როცა საქართველოში ფეხი გაიმაგრეს მონგოლებმა, მათ მოიწადინეს დამორჩილება ერთის დიდის მთაგორიანის ქვეყნისა, რომელიც იყო სამხრეთით, მცირე აზიაში, და რომელსაც სახელად ერქვა ალმუთი. ოთხივე ნოინი თავისი ჯარებით გაეჩქარნენ ამ ქვეყნისაკენ, რათა უცებ თავს დასხმოდნენ. თან გაიყოლიეს მათ ქართველი ჯარი, რომელიც ცალკე რაზმებს შეადგენდა და რომელსაც თავისი წინამძღოლი ჰყავდა.

ალმუთის მცხოვრებნი ძლიერ მხნენი, ეშმაკნი და ვერაგნი იყვნენ. ისინი ერიდებოდნენ პირდაპირ ბრძოლას მძლავრს მტერთან, _ ციხეებში, ტყეებსა და მთებში იყვნენ შეფარულნი, უსაფრდებოდნენ გზებში, მოულოდნელად დაეცემოდნენ ხოლმე ღამით მონგოლებსა და საქმეს უჭირვებდნენ. თუმცა მონგოლები ბევრს ეცადნენ, მაგრამ შვიდის წლის განმავლობაში ვერ დაიმორჩილეს ალმუთის ქვეყანა. ალმუთელებს მაინც ძლიერ აწუხებდა და ავიწროებდა მტრის ჯარის ფარფაშობა მათს ქვეყანაში, და ამის გამო გადაწყვიტეს, რაიმე ეშმაკური ღონისძიებით თავიდან მოეშორებინათ ისინი. ამ განზრახვით ალმუთელებმა თავიანთ შორის ამოირჩიეს ერთი ჩუმს მკვლელობაში დახელოვნებული კაცი და დაავალეს, რომ მიჰპაროდა ღამით მონგოლთა ჯარსა, ჩუმად შეპარულიყო მთავარ ნოინის კარავში და მოეკლა იგი ისე ფარულად, ისე საიდუმლოდ, რომ ვერავის ვერ შეეტყო და ეს მკვლელობა ქართველებისათვის დაებრალებინათ მონგოლებსა. ამ დაბრალების იმედი იმიტომ ჰქონდათ, რომ ქართველებსა და მონგოლებს შორის არამც თუ თანხმობა არ არსებობდა, არამედ ერთმანეთი აშკარადა სძულდათ. ბრძოლაშიაც ქართველები მაგდენად არ ეშველებოდნენ მონგოლებსა და იმის ნატვრაში იყვნენ, რომ ალმუთელებს მათთვის საქმე გაეჭირვებინათ, ბევრი ზარალი მიეყენებინათ და არ დამორჩილებოდნენ.

რაკი მონგოლები თავიანთის ნოინის მოკვლას ქართველებს დააბრალებენო, ფიქრობდნენ ალმუთელნი, მიესევიან მათ, გაჩნდება ომი, ერთმანეთს დახოცავენ და მაშინ შესაძლებელი იქნება მტრის განდევნა ჩვენი ქვეყნიდანაო.

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი