სხივი წარსულისა (თავი მესამე)
მეტად ოსტატური ხერხი მოიგონეს ალმუთელებმა და უფრო კიდევ ოსტატურად მოიყვანეს იგი სისრულეში. ერთ ბნელს ღამეში მთავარ ნოინს ჩაღატარს ტკბილად და მშვიდობიანად ეძინა თავის კარავში. ვინ იფიქრებდა, თუ ეს მისი უკანასკნელი ღამე იქნებოდა. კარავს გარშემო ფრთხილი მცველები უდარაჯებდნენ. მარჯვე მკვლელი შორიდან ადევნებდა თვალს, და, როცა იდროვა, მიიპარა შუაღამისას საოცარი ოსტატობით, შეუმჩნევლად გაძვრა მცველთა შორის, შეიპარა კარავში, ამოიღო ხანჯალი, დაუმიზნა ნოინს შიგ გულში და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ჩასცა შიგ. ნოინი მოკვდა ისე სწრაფად, გათავდა ისე უცებ, რომ კრინტის დაძვრაც ვერ მოასწრო. ვერაფერი ვერ შეიტყეს თვით მცველებმაცა. მკვლელმა შეასრულა თავისი საზარელი წადილი, მერმე შეუმჩნევლად გამოიპარა კარავიდან, გაძვრა მცველებს შორის და გაჰქრა ღამის სიბნელეში. ასე აღუსრულდათ ალმუთელებს თავიანთი პირველი წადილი, აღუსრულდათ სავსებით და მათთვის სანატრელის საიდუმლოებით. მაგრამ ეს კიდევ არაფერი. ამაზე უფრო უარესი ის იყო, რომ მეორე მათი ეშმაკური წადილიც აღსრულებაში მოდიოდა. მონგოლებმა ეს საზარელი მკვლელობა დააბრალეს არა ალმუთელებს, არამედ ქართველებს, რომელთაც არამც თუ არავითარი მონაწილეობა არა ჰქონდათ ამ მკვლელობაში, არამედ სრულიად არაფერი იცოდნენ მისი. ქართველი ჯარი ჩავარდა საშინელს განსაცდელში და მისი გაწყვეტა აუცილებელი იყო გაშმაგებულის მონგოლების ხელით, თუ რომ მას მხსნელად არ გამოსჩენოდათ ის, ვისიც წილხდომილი იყო საქართველო. «და ვითარ გათენდა, _ მოგვითხრობს ქართლის ცხოვრება, _ იხილეს კარავის მცველთა ჩაღატარ ნოინი მოკლული, იწყეს ტირილი, თავპირის ტყეპა და ვაება. და როცა ესმათ სპათა ჩაღატარ-ნოინისათა, მირბოდეს და, იხილეს რომ მათცა მოკლული, იწყეს ვაება და ტირილი, და არ უწყოდეს, თუ ვითარ, ან ვის მიერ მოკლულ იყო. მაშინ თქვეს ყოველთა: რადგან ქართველნი დიდს ჭირსა და სასჯელში არიან ჩვენ მიერ, ამისათვის მოუკლავთ ქართველთაო». ამას ყოველნი უცილობით ამტკიცებდნენ, გარდა ქარმაღან ნოინისა, რომელიც იტყოდა: «დაწყნარდით, კაცნო, რამეთუ არ არიან ნათესავნი ქართველთანი კაცის მკვლელნი და არცა სჯული აძლევთ მათ ნებას ესრეთი საქმე ჰქმნან». ხოლო სპანი, აღშფოთებულნი და განძვინებულნი თავიანთი პატრონის სიკვდილით, გამოექანენ ქართველთა ბანაკისაკენ, რათა თავისი ბრაზი იმათზე ამოეყარათ. ამ სრულიად მოულოდნელმა გამოქანებამ მონგოლთა ჯარისამ ქართველი ჯარი შეაძრწუნა და საშინელს საგონებელში ჩააგდო. არ იცოდნენ, რა ექნათ. ზოგნი სწრაფად ემზადებოდნენ საომრად, ზოგნი კი აშოშმინებდნენ მათ, ომს არ ურჩევდნენ და ეუბნებოდნენ: რა გაგვივა ამოდენა მტრის წინააღმდეგ. ისინი არიან მრავალნი, ჩვენ კი მცირენი, იმათ მომშველებელი სხვანიც ბევრი ჰყავთ, ჩვენ კი მარტოდმარტო ვართ უცხო ქვეყანაში.
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი