სხივი წარსულისა (თავი მეოთხე)
ამ საშინელის წამის დროს ქართველს ჯარს გამოუჩნდა გმირი, რომელმაც მოიწადინა თავდადებულობით და თავის განწირვით გადაერჩინა ქართველი ჯარი და მასთან საქართველო დიდი უბედურებისაგან. ეს გმირი იყო გრიგოლ სურამელი, ქართლის ერისთავი, მთავარი წინამძღოლი ქართველი ჯარისა. მან აღიმაღლა ხმა და მიმართა ქართველს ჯარს შემდეგი სიტყვებით: არა, ძმებო, არ გვიჯობს ახლა ჩვენ ბრძოლა! ჩვენ რომ ახლა მტერს შევებათ, მართალია, ვაჟკაცობას გამოვიჩენთ, სახელსაც მოვიხვეჭთ, მაგრამ ქვეყანას კი უპატრონოდ დავარჩენთ და დავღუპავთ. დიაღ, ბევრს მტერს დავუბნელებთ მზესა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დიდით პატარამდე მთლად ამოჟლეტილნი ვიქნებით ძლიერის მტრის სიმრავლისაგან, და იმა-საც ეს უნდა. მაშინ რა მდგომარეობაში ჩავარდება ჩვენი სამშობლო? მას მფარველი და მცველი აღარ ეყოლება. მისი საუკეთესო ჯარი ბრძოლის ველზე ეყრება, იგი დაობლდება და ურჯულო მტრის ხელში გამოივლის აუარებელს ტანჯვას და წვალებას. მონგოლნი უპატრონო საქართველოს გალეწავენ და მიწასთან გაასწორებენ. არა, ძმებო ჩვენ ბრძოლა მონგოლებთან სხვა დროისათვის უნდა გადავდოთ. ახლა კი ქვეყნის სიკეთე მოითხოვს, რომ ვაჟკაცური გული შევიკავოთ, ხელი არ გამოვიღოთ და არ შევებათ მტერსა. მაშინ მტერი თავის ჯავრს იყრის ჩემზე და იქნება ზოგიერთს სხვა უფროსებზედაც, ჩვენ დაგვსჯის იგი, დაგვხოცავს, მაგრამ თვითონ ჯარი კი, ეს ძალა და ბურჯი ქვეყნისა, გადარჩება და იგი თავის შორის აირჩევს ახალს სარდლებსა, უპატრონებს ქვეყანასა და თავის სამაგიეროს გადაუხდის ურჯულოებს. მხოლოდ თავდადებულობა სარდლებისა იხსნის ჯარს ამოჟლეტისაგან და ქვეყანას აოხრებისაგან.
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი