სხივი წარსულისა (თავი მეხუთე)
«ქართლის ცხოვრების» სიტყვით, მაშინ მოხდა ყოვლად უცნაური, მოულოდნელი და სასწაულებრივი ამბავი. მაღალი და ხშირი ლერწმოვანიდან, რომელიც იყო იქვე ახლო, უცებ გამოვარდა უცნაური კაცი, რომელსაც ხელ-ში ეჭირა სისხლში მოსვრილი ხანჯალი, ჰქნა პირი მონგოლებისაკენ, ხანჯალი აიღო მაღლა, ჰაერში დაატრიალა, მთელს ჯარს დაანახვა და ძლიერი ხმით შესძახა მაღლა სპარსულად: «მან ქაუშტემ ჩაღატარ!», რაც ქართულად ნიშნავს: «მე მოვკალ ჩაღატარი». მონგოლებმა რომ ეს უცნაური სურათი დაინახეს და გაიგონეს საზარელი სიტყვები, გაოცდნენ, განცვიფრდნენ და გაქვავდნენ ერთს ადგილს. მერე კი გაცეცხლებულნი გამოექანნენ ამ კაცისაკენ და უნდოდათ ლუკმა-ლუკმა აეკაფათ, მაგრამ იგი, შეშინებული, ისევე ლერწამში შევარდა და ისე დაიმალა, რომ მონგოლებს მისი პოვნა ვერ შეეძლოთ. მაშინ ლერწამს ცეც-ხლი წაუკიდეს მათ. გამხმარმა ლერწამმა პრიალი დაიწყო და იქაურობა აივსო კომლით და ალით. ჯერ ის უცნაური კაცი მაინც კერპობდა, არ გამოდიოდა, რადგანაც კარგად იცოდა, რომ ტანჯვა და მწარე სიკვდილი მოელოდა; მაგრამ ბოლოს კომლისა და ალისაგან შეწუხებული თავბრუდას-ხმული თვითონვე გამოვიდა ლერწმოვანიდან. მონგოლებმა შეიპყრეს და წარუდგინეს თავიანთს სარდლებს _ ნოინებსა. ნოინებმა ჰკითხეს: ვინ ხარ შენ, რად და როგორ მოჰკალი ჩაღატარნოინი? მან უპასუხა: მე ვარ მულიდი, მულიდთა შორის საჩინო: მათ, მულიდთა, დიდძალი ოქრო მომცეს და გამომგზავნეს მთავარ ნოინის მოსაკლავად. წამოვედი და მოვედი აქ ღამით, მოვკალი ჩაღატარი ნოინი თავის კარავში და დავიმალე ლერწმოვანში. მერმე ჰკითხეს ნოინებმა: რა იყო მიზეზი, რომ ლერწმოვანიდგან შენი ნებით გამოხვედი სისხლიანი ხანჯლით და დაიწყე ყვირილი: «მე მოვკალ ჩაღატარ». შენ ისე იყავ დამალული, რომ ვერავის შეეძლო შენი პოვნა. რად გამოხვედი და განაცხადე შენი ცოდო, რად აღიარე მკვლელობა დიდის ნოინისა და რად მიეცი თავი სატანჯველსა? ხელახლად მიუგო მულიდმა: მე ვიყავი დამალული მაღალს ლერწმოვანში და უშიშრად ვგრძნობდი ჩემს თავსა; მაგრამ უცებ გამომეცხადა დედაკაცი, მადლით შემოსილი, სიტურფით აღმატებული და მითხრა: «რა ესე ჰქმენ, კაცო? შენ მოჰკალ კაცი იგი და სხვანი კი, სრულიად უბრალონი ამ საზარელს საქმეში უნდა დაიტანჯნენ და ამოიჟლიტნენ». მე ვუპასუხე შიშით: «რა ვქნა, დედოფალო?» ხოლო მან მიბრძანა: «ადეგ და მომყე მე; და როცა გა-ვალთ ამ ლერწმოვანიდან; ხმა მაღლა აღიარე, რომ შენ მოჰკალ კაცი იგი, და ამითი გამოიხსენ უბრალონი ტანჯვისა და სიკვდილისაგან». ხოლო მე მაშინვე ავდეგ და უკან გამოვყე მას, და მან მომიყვანა თქვენს წინაშე. და რა წამს ხმა ავიმაღლე, მკვლელობა ვაღიარე და თქვენც დამინახეთ, უჩინარ იქნა დედაკაცი თვალთაგან ჩემთა. ეხლაც არ ვიცი, ვინ იყო იგი უცნაური დედაკაცი და რა იქნა. და აჰა ეხლა მე თქვენს წინაშე ვდგევარ, უნებლიეთ მოყვანილი იმ საოცარის ქალის მიერ. მონგოლებმა რომ მოისმინეს აღსარება მკვლელისაგან, მეტად განცვიფრდნენ; შემდეგ გაბრაზებულებმა ჩაღატარ ნოინის მკვლელი ალმუთელი ხმლით შუაზე გააპეს. როცა მკვლელი დასაჯეს, მონგოლთა წინამძღოლნი მიუახლოვდნენ ქართველს ჯარსა, ბოდიში მოიხადეს იმის გამო, რომ ტყუილუბრალოდ დასწამეს მათ მოკვლა ჩაღატარ-ნოინისა და უკანვე დაბრუნდნენ თავიანთს ბანაკში, მეტად გაოცებულნი და განცვიფრებულნი ამ უცნაური მოვლენითა. ასე გადარჩა ქართველი ჯარი ამოწყვეტისაგან და საქართველო აოხრებისაგან _ ამბობს «ქართლის ცხოვრება», საიდანაც ეს თქმულება ამოვიღეთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი