მთავარნი საჭიროებანი (ამონარიდი)
…თბილისში გოლოვინის პროსპეკტზედ, ფოჩტის სადგურის მახლობლად არის ერთი მაღაზია წიგნებისა, დაარსებული ბრიტანიის “დაბადების” საზოგადოებისაგან. ამ საზოგადოებას ერთადერთ მიზნად აქვს – ყოველს ენაზედ ბეჭდოს გასაგები ენით დაბადება და ჰფინოს მთელის დედა-მიწის ზურგზედ. ამ მაღალს დანიშნულებას საზოგადოება ემსახურება სწორედ ინგლისური მცნებით. დედა-მიწის ზურგზედ არ მოიპოვება იმისთანა მოზრდილი ქალაქი, სადაც არ ჰქონდეს ამ საზოგადოებას თავისი საწყობი საღვთო წიგნებისა. დაბადება, საღვთო წერილი მათ გადათარგმნილი აქვთ და დაბეჭდილი კაცობრიობის ყოველს ენაზედ, რომელიც კი ცოტაოდნად მაინც განვითარებულია და აქვს თავისი ანბანი. დიდს ფულსა ხარჯავს ვთრგმანში, ბეჭდვასა და საწყობების მართვაში ეს საზოგადოება. ამასთან დაბადებას და სახარებას ჰყიდის ისე იაფად, რომ არა კერძო გამომცემელს არ შეუძლიან ესა. ათასობით, ათი ათასობით იფანტებიან მთელს კაცობრიობაში ამ საზოგადოების გამოცემანი და ჰქადაგობენ მაღალს სწავლას მაცხოვრისა ჩვენისასა. დიახ, როგორც მოგახსენეთ, ამ საზოგადოებას ჩვენს დედაქალაქშიც აქვს საწყობი დაბადებისა, სახარებისა. შევიდეთ შიგ და გავშინჯოთ საწყობი. მთელი საწყობი სავსეა მწკრივად დაწყობილი წიგნებით, ლამაზათ დაკაზმულით. აი პირველი მწკრივი. იგი იპყრობს დაბადებას რუსულს ენაზედ. აი მეორე მწკრივი. იგი შემდგარია დაბადებიდგან სომხურს ენაზედ. აი აგერ მესამე მწკრივი. იქ ალაგია დაბადება არაბულს ენაზედ. თქვენ აქ ნახავთ დაბადებას ფრანგულს, ნემეცურს, სპარსულს, ოსმალურს და სხვა ენებზედ. სომხურს ენაზედ თუ მოიკითხავთ სახარებას, გკითხავენ: რომელს სომხურზედ გნებავთ, ძველზედ არარატულზედ, თუ კონსტანტინოპოლურზედ? და რომელზედაც გინდათ იმ ენაზედ მოგართმევენ… მხოლოდ ერთი ენის ჭაჭანება არ არის აქა. რომლისა?- სწორედ იმ ენისა, რომლის დედა-ქალაქი იყო, არის და, იმედია, იქმნება თბილისი. დიახ, დაბადება მხოლოდ ქართულს ენაზედ არ მოიპოვება საწყობში არც ძველზე და არც ახალზედ. რა ამბავია, რომელი მიზეზის გამო? იქნება ეს ბრიტანეთის საზოგადოების ბრალი იყოს? სრულიადაც არა. თქვენ ამ საწყობში გეტყვიან, ბევრი ვეცადენით ქართულს გასაგებ ენაზედ გადაგვეთარგმნა დაბადება, ერთს თქვენს მაგისტრს დეკანოზს ათასი თუმანიც შევაძლიეთ შრომის ფასათაო ამ ათის წლის წინედა; მაგრამ ხელი არავინ მოგვიმართა, არავინ დაგვეხმარა და ეს არის მიზეზი რომ აქამომდე ჩვენი ენა მოკლებულია დაბადებას, წყაროს ქრისტიანობისას. დიახ, სწორედ მოკლებულია. ამ ათის წლის წინად დაბეჭდილი დაბადება სათვალავში არ ჩაითვლება. პირველად, იგი არის იმისთანა ენით ნათარგმნი, რომ არამც თუ ეხლა აღარავის ესმის, ვგონებ იმ ძველ დროშიაც არავის ესმოდა, როდესაც ეს დაბადება გადმოითარგმნა; მეორედ, უცხო ენაზედ კი დაბადება ისეა ნათარგმნი რომ ყოველს წიგნის მცოდნეს შეუძლიან მისი გაგება. მთარგმნელს სრული გაგება დედნისა არა ჰქონია და ბევრს ადგილას ჩვენი დაბადების აზრი ეწინააღმდეგება ნამდვილის აზრსა; მესამედ, დაბეჭდვის დროს ზოგი ადგილი გამოშვებულია, მრავალი სიტყვა გადასხვაფერებული, დამახინჯებული და საზოგადოდ ისე დაუდევრად არის დაბეჭდილი, რომ სიმრავლეს კორექტურულის შეცდომებისა საშინელს ბრაზზედ მოჰყავს ყოველი ქართველი, რომელსაც კი უკითხნია ეს დაბადება; მეოთხედ, ფასი დიდი ადევს, სახელდობრ კი ექვსი მანეთი, მაშინ, როდესაც უცხო ენაზედ დაბადება იყიდება ორ-ორ მანეთად; მეხუთედ, უცხო ენაზედ დაბადება იბეჭდება წვრილი, გარკვეული კორპუსით, წიგნი გამოდის მორჩილი ტანისა და ადამიანს შეუძლიან ჯიბეშიც კი ატაროს მთელი დაბადება; ჩვენი დაბადების დაბეჭდვის დროს კი ყოველი ღონისძიება უხმარნიათ, რომ წიგნი გამოსულიყო დიდი, ფარღალალად დაუბეჭდიათ უშველებელი ასოებითა, წიგნს ერთი სამად და ოთხად უმატნია, სასიხარულოდ სტამბისა და კორექტორისა და ისეთი ტლანქი სახე მიუღია, რომ ურმით თუ ატარებთ მას, თორმე სხვაფრივ არ შეიძლება. ამისთანა დაბადების ქონა უდრის არ ქონასა. საჭიროა მთელი დაბადება გადმოითარგმნოს გასაგებ ენაზედ, დაიბეჭდოს იგი ვენის მშვენიერი კორპუსით და ფასი დაედოს ძალიან მცირე, ხელმისაწვდომი ჩვენის ღარიბი ხალხისათვის. როცა ამისთანა დაბადება მოეფინება ჩვენს ხალხში და ყოველის წიგნის მცოდნესათვის შეიქმნება ყოველდღიურ საკითხველად, მხოლოდ მაშინ იწყებს ქრისტიანობა ფესვების გადგმას ჩვენს ქვეყანაში. მანამდის კი მხოლოდ გარეგანი კანი ქრისტიანობისა, შემთხვევითი და დროებითი მისი ფორმები, იქმნებიან სათაყვანებელი საგანი ქართველთათვის…
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი