მოსწავლეთა და მასწავლებელთათვის
საბუნებისმეტყველო შინაარსს "ბუნების კარში" უჭირავს დიდი ადგილი, ორას გვერდზე მეტი. ამას შემდეგ მოსაზრება დაედო საფუძვლად. დაწინაურებულს განათლებულს ქვეყნებში კარგად აქვთ შეგნებული, რომ ბუნების ცოდნა და მის ძალთა დამორჩილება შეადგენს ერთს უმთავრეს ბურჯს ერისა და კაცობრიობის ბედნიერბისას. ამის გამო იქ ბუნების შესწავლას დიდს ადგილს უთმობენ ბავშვების განვითარებაში როგორც ოჯახები, ისე სკოლები. სწორედ ამისთანა აღზრდის მეოხებით მოხდა ის, რომ ევროპიელმა კაცობრიობამ თანდათან გაიხადა უმორჩილეს მოსამსახურედ მძლავრნი ძალნი ბუნებისანი და დღითი დღე ზრდის თავისს კეთილდღეობას მათ შემწეობით. ჩვენში აქამდინ მეფობს მოზარდის თაობის აღზრდაში ფანტაზია. მხოლოდ ფანტაზიას ბავშვისას ავარჯიშებენ და ასაზრდოებენ ხშირად იმისთანა რამეებით, რომელნიც სრულიად უმახინჯებს მას გონებასა. ჭკუის განმავითარებელი და განმაფხიზლებელი საგნები, საღის მსჯელობის აღმზრდელნი რეალურნი ვარჯიშობანი, ცხოველი ბუნება, ჩვენებურს მშობლებს სრულიად მივიწყებული აქვთ თავისი შვილების აღზრდა-განვითარებაში. ჩვენებური ბიუროკრატიული სკოლაც ისე უსულგულოდ, იშე უძლურად და მკვდრად ასწავლის ბუნებისმეტყველებას, ანუ, უკეთ რომ ვსთქვათ, მის ჩონჩხსა, რომ ჩვენს ბავშვებს და ყმაწვილებს სრულიად უცრუვდებათ მასზე გული. საქართველოს ბუნება ისეთი მდიდარია და მრავალ-ფეროვანი, რომ ევროპის ბუნება მასთან ნარცხადაც არ მოვა. მაგრამ ჩვენ ამ მდიდარის ბუნებისა არაფერი გაგვეგება, უკუღმართი აღზრდის წყალობით. ამის გამო ჩვენს ბუნებას ეპატრონებიან უცხოელნი, შეიარაღებულნი რეალური ცოდნით, იძენენ აურებელს ქონებას და ჩვენ კი ხახა-მშრალები ვრჩებით. უმეცრება ჩვენი ამ მხრივ კიდევ უფრო შორს მიდის. მთავარი მტერნი ყოველ-გვარის მოსავლისა არიან სხვა-და-სხვა ჭია-მატლები, რომელნიც უღრღნიან და უფუჭებენ საჭირნახულო მცენარეობას ფესვებს, ფოთლებსა და ნაყოფსა, და დიდს ზარალს აყენებენ მხვნელ-მთესველთა. ნადირთა და ფრინველთა შორის მოიპოვებიან იმისთანანი, რომელნიც ემტერებიან ამ მავნე ჭია-მატლებს, სდევნიან მათ და აუარებელს მათს რიცხვს ჟლეტენ დღე და ღამ. მაგრამ ეს ჩვენმა უვიცმა ხალხმა არ იცის, მტრულად ეკიდება ამ თავისს დაუფასებელ მეგობრებს და უწყალოდ ჟლეტს მათ, თავის საზარალოდ. აი რის გამო დავუთმეთ "ბუნების კარში" მთელი განყოფილება ამ დაუფასებელ მეგობრების აღწერას სათაურით: "მ ო ს ა ვ ლ ი ს მ ც ვ ე ლ ნ ი". რათა უფრო მიმზიდველი გაგვეხადა ყმაწვილებისათვის "ბუნების კარი", მის შედგენის დროს გერდი ავუქციეთ იმისთანა მშრალს მხარეებს საგნებისას, როგორიც არის კლასიფიკაცია მცენარეებისა და ცხოველებისა და მათი ანატომიური აგებულება, რაც შეადგენს პირდაპირ საგანს ბუნების-მეტყველების სახელმძღვანელოისას. სამაგიეროდ, დიდი ყურადღება მივაქციეთ მას, თუ რა დამოკიდებულება არსებობს მცენარეთა და ადამიანთა შორის, როგორ სცხოვრობს ცხოველი, როგორ იბრძვის არსებობისათვის, რა ადგილი უჭირავს ბუნებაში, რა დამოკიდებულება აქვს სხვა ცხოველებთან და მეტადრე ადამიანთან და თვით თავისს სამშობლოსთან (ფრინველების მგზავრობა, ორაგულის ცხოვრება). საბუნებისმეტყველო წერილები შედგენილია ჩვენ მიერ საუკეთესო წყაროების მიხედვით, როგორც მაგალითად, ვესტნიკ ესტენსტვენნიხ ნაუკ, თხზულებანი: ბრემისა, კარლ ფოხტისა, ბაგდანოვიჩისა, ვანგრესისა და კიდევ სხვებისა. რათა გაგვეადვილებინა ამოდენა წიგნის გათავება ორის წლის განმავლობაში, ჩვენს წერილებს მივეცით უმეტეს ნაწილად მოთხრობითი ფორმა, რომელიც ერთი ორად და სამად უადვილებს მოსწავლეთ საგნის შეთვისებასა. საბუნებისმეტყველო განყოფილების ოდენაა თითქმის მეორე, სალიტერატურო განყოფილება, რომელშიაც მოთავსებულია საუკეთესო საყმაწვილო ლექსები, საუკეთესო ადგილები საყმაწვილო მოთხრობებისა და მთელი მოთხრობებიც უკლებლივ. ეს ლექსები და მოთხრობანი თითქმის ყველანი ეკუთვნიან სახელოვანს ქართველს მწერლებს, დაწერილნი არიან ნამდვილი და წმინდა ქართულის ენით, სავსენი არიან მაღალი მისწრაფებით, მხატვრული სურათებით და მოზარდს თაობაში უნდა აღზარდონ, ენის ცოდნის გარდა, ღირსეულის ადამიანის და მხურვალე მამულიშვილის თვისებანი. ეს განყოფილება იპყრობს თითქმის ყველა იმ მოთხრობასა და ლექსებსა, რომელნიც დასახელებულნი არიან მასწავლებელთა კრებულის მიერ შემუშავებულს პროგრამაში იმ კლასებისათვის, რომელშიაც გადადიან მოსწავლენი "დედა-ენის" გათავების შემდეგ. ბევრი სხვა ლექსებიც და მოთხრობებიც მოქცეულნი არიან ამ სალიტერატურო განყოფილებაში, რადგანაც იგინი ჩვენ მიგვაჩნია ფრიად სასარგებლოდ მოსწავლეთათვის. მესამე განყოფილებას ამ წიგნისას შეადგენს საქართევლოს გეოგრაფია და ეტნოგრაფია. შესაბამი ლექსების და სურათების ჩართვით. ყველას კარგად მოეხსენება, რომ სამშობლოს შესწავლა საძირკველია მისი სიყვარულისა, ნამდვილი მამულიშვილობისა. ხოლო ქართველობა იმ გვარ პირობებში არის ახლა ჩაყენებული, რომ სახალხო სკოლის მოსწვლენი უვიცნი დარჩებიან სამშობლოს გეოგრაფიისა და ისტორიისა, თუ მათ ეს ცოდნა არ მივაწოდეთ იმ სახელმძღვანელოებში, რომელნიც დანიშნულნი არიან მესამე და მეოთხე წლისათვის. გეოგრაფიულს ნაწილში, სხვათა შორის, ჩვენ ჯეროვანი ყურადღება მივაქციეთ მრეწველობასა და საკმაოდ ვრცლად ავსწერეთ მარგანეცის, ანუ შავი-ქვის, წარმოება ჭიათურაში, ნავთის წარმოება ბაქოს გუბერნიაში, ქვა-ნახშირის წარმოება ტყიბულში. აგრეთვე ფრიად საჭიროდ ვსცანით საკმაოდ ვრცელი წერილი გვეძღვნა სპარსეთის ქართველების თავგადასავლისა და აწინდელის მათის მდგომარეობისათვის. წინანდელი ქარტაც საქართველოსი და ამიერ კავკასიისა შევასწორეთ, შევავსეთ, ახლად ამოვაჭრევინეთ ქვაზე და ისე ჩავურთეთ ამ წიგნის ბოლოში. გეოგრაფიული განყოფილება ამ წიგნისა შეადგენს მეორე კონცერტს, რომელსაც წინ უძღვის პატარა პირველ დაწყებითი კონცერტი "დედა-ენის" ბოლოში, სათაურით: "ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო". მეოთხე, საისტორიო, განყოფილება იპყრობს ეპიზოდურს მოთხრობებს საქართველოს წარსულის ცხოვრებიდან, საისტორიო ლექსების დამატებით და მთავარი ისტორიული პირების სურათების ჩართვით. ამ განყოფილბის დანიშნულება არის - გაუთვალისწინოს მოსწავლეებს ჩვენის ერის წარსული ბედი და უბედობა, უმთავრესი ისტორიული მომენტები, მთავარი ისტორიული გვამების მოქმედება, მათი ვაჟკაობა, თავდადებულობა, ზრუნვა ერის განათლებასა და მის კეთილდღეობაზე. მასწავლებლებს და მშობლებს კარგად უნდა ჰქონდეთ შეგნებული, რომ სამშობლო ისტორიის შესწავლას უბრალო ცნობის მოყვარეობის დაკმაყოფილება არა აქვს მიზნად. დიდი ხანია ნათქვამია, რომ ისტორია მოძღვარია ერისაო. ხოლო მოძღვრებას ისტორიული მოთხრობანი მაშინ გაუწევენ მოსწავლეთა, როცა იგინი გარკვევით და ნათლად დაუხატავენ მათ თვალწინ, თუ რა უშლიდა და რა უმართავდა ხელს ჩვენს ერსა წარსულში, რისგან სუსტდებოდა და ეცემოდა იგი ძირსა და რისგან ძლიერდებოდა, მაღლდებოდა და ძალ-ღონით ივსებოდა. მხოლოდ ამისთანა მოთხრობებს შეუძლიათ მისცენ ნაციონალური გაკვეთილები მოსწავლეთა და ჩააგონონ მათ, თუ რას უნდა ერიდოს ჩვენი ერი აწმდგომში, რას უნდა ეტრფოდეს, საითკენ უნდა მიისწრაფოდეს, რათა აწმდგომი თავისი არსებობა მან გააძლიეროს და მომავალიც სანატრელი მოიმზადოს. ამ მოსაზრებით ჩვენ ისტორიულს მოთხრობებში ვხსნით, ვარკვევთ, თუ რა ასუსტებდა წარსულში ჩვენს ერსა და რა აყენებს მას აყვავების გზაზე. მაგალითად, განცალკევება საქართველოს კუთხეებისა ნამდვილი შხამი იყო ჩვენი ერისათვის, ერთობა კი - უებარი წამალი, ამ აზრს, სხვათა შორის, ჩვენ ვიხსენიებთ რამდენჯერმე, როცა ისტორიული მომენტი მარჯვე შემთხვევას გვაძლევს, ვმარტავთ ხაზ-გასმით და ამით ყმაწვილს ვუნერგავთ გულში, რომ ვენი ერის წარმატება და აყვავება ყოვლად შეუძლებელია ნაციონალურობის ერთობის გარეშე, ხოლო ამ ერთობას ასუსტებს და ვნებს ამ ჟამად ჯერ განხეთქილება გლეხთა და მემამულეთა შორის და მერე პროვინციალიზმი, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენში ახლაც არ გამქრალა. ეს ეპიზოდიურნი მოთხრობანი შეადგენენ მეორე ისტორიულს კონცერტს, რომელსაც წინ უძღვის პირველი კონცერტი, მოთავსებული "დედა-ენის" ბოლოში ამ სათაურით: "თავდადებულნი ქართველნი". წიგნის ბოლოში საჭიროდ დავინახეთ ჩაგვერთო სრულიად ახალი განყოფილება: "კ ა ც ო ბ რ ი ო ბ ა". ამ განყოფილებაში აღწერილია უმთავრესად დაწინაურებული ქვეყნების მდგომარეობა, კონსტიტუციური მართვა-გამგეობა, ზნე-ჩვეულებანი მცხოვრებთა და სხვანი. საჭიროდ ვრაცხთ ამას დავუმატოთ, რომ ვენ ახლა სრულიად დამთავრებულად მიგვაჩნია "ბუნების კარი", და ამიტომ მასში აღარ მოვახდენთ აღარავითარს ცვლილებას ახლო მომავალში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი