ამ პატარას,იმ პატარას!
აგერ ვაკე მინდორია, ხეები დგას ირგვლივ ჯარად, წრე შეუკრავთ პაწაწინებს, წრეში მწკრივად ჩამომდგარან. ისმის ტაში, მწყობრი ტაში, ტრიალებენ, როგორც ჯარა, - დოლი მღერის: “ვათამაშებ ამ პატარას, იმ პატარას, იმ პატარას, ამ პატარას! “ გამოუხტა ოთარიკო და ქართული დაუარა, ფეხებს ისე ათამაშებს, მიწას არცკი წააკარა; მზეხათუნა მასთან ცეკვავს, გადაიქცნენ ნიავქარად, — დოლი მღერის: “ვათამაშებ ამ პატარას, იმ პატარას, იმ პატარას, ამ პატარას! “ ქართულს მოჰყვა ბაღდადური, დავლური და განდაგანა! ცეკვაში რომ სხვას ჩამორჩეს, მათში არის ვინმე განა? გიამ ნუნუ ათამაშა, რეზომ - მზია და მანანა, - დოლი მღერის: “ვათამაშებ ამ პატარას, იმ პატარას, იმ პატარას, ამ პატარას! “ ტაში, ტაში, ტაში, ტაში! ყველამ ფეხებს აუჩქარა, ტრიალებენ მხრებგაშლილი ჩიტუნების დასადარად; მზე მაღლიდან დაკაშკაშებს პატარების გასახარად, - დოლი მღერის: “ვათამაშებ ამ პატარას, იმ პატარას, იმ პატარას, ამ პატარას! “
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი