VIII საუკუნის ქართველი მწერალი, ჰაგიოგრაფი, ავტორი "აბო თბილელის წამებისა", რომელშიც აღწერილია არაბი ჭაბუკის აბოს მარტვილობა, ქრისტიანობისათვის მისი თავდადება. "აბოს წამებას" დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი ჰქონდა. ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. თხზულებას წამძღვარებული აქვს სამოელ კათალიკოსის ეპისტოლე და თავისი პასუხი. კათალიკოსის მოკრძალებული ტონი გვაფიქრებინებს, რომ იოანე საბანისძე საერო პირი უნდა ყოფილიყო. მის თხზულებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არაბთა ბატონობით შევიწროებული და ეროვნული გადაგვარების საფრთხის წინაშე მდგომი ქართველებისათვის. იოანე საბანისძისათვის დამახასიათებელია მკაცრად გააზრებული კომპოზიცია, თხრობის ლაღი და ხატოვანი მანერა, ღრმა დრამატიზმი. თხზულება შესანიშნავი ისტორიული წყაროა VIII საუკუნის ქართლის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრების, ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეალების, საზოგადოებრივი ყოფის შესასწავლად, ჩვენამდე მოღწეულია X საუკუნის ხელნაწერით. იგი პირველად გამოსცა მ. საბანიანმა (1882), მეორედ - კ. კეკელიძემ (1935). ნათარგმნია რუსულად და გერმანულად - შულცეს (1905) და ლათინურად - პეეტერსის მიერ.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი