პოლიტ კორექტული ლექსი
ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?! ვინც პირდაპირ გაიგებს ის, უსათუოდ არის შტერი. თითქოს და არც არაფერი მეფის ტახტზე დაჯდა მტერი. ვერ გაიგებ რუსთაველი, ქუჩაა თუ რუსთა ველი. მზეა, მეწამული მწველი მოედანი სისხლისფერი. ბარიკადებთან დგას ღმერთი, ბრძოლაა - მისი სახელი. ბრაზის ფოერვერკებს აფრქვევს, ხალხი დრაკონია ქუჩის. წაქცეულთა თავის ქალებს, ამსხვრევს სპეცრაზმელის ქუსლი. მომწამვლელ კვამლში ეხვევა, თვალაკრული დედა ქართლის. მტერს მოყვრისგან ვერ არჩევს და იგუდება ქვეყნის დარდით, კედლებს ტალღებად ასკდება. ქარიშხალი აჯანყება. ვენებში შავი ზღვა ღელავს, ბრიყვთა გემი იძირება. იარები კვლავ ატყვია, სხეულს მეამბოხეების. ვერ იშუშებენ ნატყვიარს, ნახელკეტარ-ნაცემები. ერთნაირ სახეებიან, შავ პაიკებს ვინ გაარჩევს? მოჭადრაკე მმართველია, სპეცრაზმელებს ათამაშებს. უსამართლო სასამართლო! კვლავ გაჰყვირის მეგაფონით. ერთი გოგო, განა მარტო - ზღვა მომიტინგეთა შორის. აქ სიტყვის თავისუფლებას ვერ აკავებს გისოსები. ტყვიით არ ღირს დამუქრება, არ კვდებიან პოეტები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი