ადრე შემოდგომები...


ცვლიან ერთმანეთს შემოდგომები,
წყლის წისქვილი კვლავ ადგილზე ბრუნავს,
შარაზე დგანან უბნის ლოთები,
ელოდებიან ღვინის დაწურვას.

ამ ბალახებში ადრე არ ვჩანდით,
მზისფერი ბავშვები, რომ ვიყავით,
მე ისევ პირში მინდვრის თავთავით 
თმები აშლილი ოქტომბრის ქარით.

ის ხე ჩრდილს გვიფენს, ერთად რომ დავრგეთ.
მეგონა მოიწონებდი ამას, 
ზედ სახელები, რომ ამოვკაწრე.
შენ კი ატირდი, ტკივაო მასაც.

ბავშვურად ხელს მკრავ, მე გეჭიდები
ერთად ვეშვებით, წარსულში მთიდან.
თმაში გეხვევა, ხმელი ფოთლები
მინდორში ვწევართ, მდინარის პირას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი