თოვლაობა


- აბა, ბიჭო, თოვლის გუნდა
მაგრად აჰკარ, გასძარ მკლავი!
არეული, დარეული...
რა კარგია სანახავი!

ამან გიგლას, იმან ვანოს,
ორივემ კი ერთმანეთსა!
შენ, ეი, პეტრე, შენთვის იყავ,
გაუფრთხილდი შენს გვერდებსა!

მიშველება აქ არ იყოს,
ვინც ბიჭია, დადგეს მარტო,
იმედია თქვენი რაზმი
ხალი ხელით გადავფანტო.

- რაო, რაო, რას იქადი?
დადექ მაგრა, შე ბაქია!
თუ ბოლს ზურგზე არ აგადენ,
მაშ მე ბიჭი არა მქვია!

წადი იქით, შე ცანცარავ,
ერთი გუნდით დაგცემ ძირსა,
რაც გმირი ხარ დაგანახვებ,
დამიდექი პირი-პირსა!

აგერ მებრძოლნი დამზადდნენ,
აირია უცებ ეზო,
იქ კუნტრუშით გარბის ვანო,
აქეთ გდია ჩვენი რეზო.

მიდის გუნდი, მისრიალებს,
გაუწითლდა ყველას ცხვირი
და ერთმანეთს შეუსრულეს
დანაქადი, დანაპირი!

მოიქანცნენ, შედგა ომი,
სიცილი და ხარხარია;
ყველას გმირად მოაქვს თავი,
მხიარული ზამთარია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი