მხოლოდ ნაღველი სამუდამოა
საღამო არის. მწვანე ფოთლებზე სძინავს ნიავსა, დღე იწურება; უკანასკნელი კვდება მზის სხივი, მთა ცის სივრცეში გაიყურება. აღმოსავლეთით გამოჩნდა მთვარე, მოსდევს ვარსკვლავი - პირის ფარეში; ასე სდარაჯობს სატრფო საყვარელს, სდარაჯობს ცელქსა ტურფა ღამეში, იცრება სიო. ველმა გულ-მკერდი აივსო ნამით, სწოვს სიცოცხლესა, რომ განთიადზე ნეტარსურნელი მან დააპკუროს მომავალ დღესა.დიაღ, ღამეს დღე ისევ მოჰყვება, მზე გაბადრული ისევ ამოვა, ღამეს დღე შესცვლის, დილას - საღამო, მხოლოდ ნაღველი სამუდამოა! აჰა, აივსო ცა ვარსკვლავებით, აენთო ხომლი, შეკრთა ღრუბელი, - წავიდა ზლაზვნით და ცის კიდურზე გაწვა, ვით ავი, შხამკბილა გველი. მთამ გადიბერტყა საღამოს ბინდი, ტყემ გაიღვიძა, დაიშრიალა, მოსწყდა ნიავი და გაიტაცა სურნელოვანი ტკბილი ფიალა. მეჯლისობს ღამე გაზაფხულისა, ვიდრე ზამთარი გულს შეუხუთავს, წკრიალებს სიმი სიყვარულისა, ვიდრე ზამთარი მას ცრემლს დაურთავს.მაგრამ ზამთარსა კვლავ გაზაფხული შესცვლის, მერცხალი ჭიკჭიკით მოვა, მხოლოდ ნაღველი, ჩვენი ნაღველი საუკუნოა, სამუდამოა! ეჰ, რისთვის ხარობს ასე ბუნება?! ხანდისხან ღიმი ჩვენც გვიკრთის ტუჩზე, მაგრამ ეს მწარე დაცინებაა გულის წიაღში ცრემლის ჩუხჩუხზე! ასე ბულბული გადამჭკნარს ბუჩქზე ხშირადა მღერის მოტყუებული და რა დახედავს შტოს გაცრეცილსა, თავს ჰკიდებს, რჩება დაღონებული; მაგრამ ის სხვა ვარდს შოულობს კვალად, მას გაზაფხული კიდევ მოუვა, მხოლოდ ნაღველი, მწარე ნაღველი საუკუნოა, სამუდამოა!სამხრეთისაკენ ჩადის მრავალი, სასწორმაც იქით გადაიწია; ქრება ვარსკვლავი, მისდევს მეორე, აწ განთიადმაც ამოიწია. მთვარეს უქრება ოქროს საშუქი, თითქო სულთმობრძავს ელევა ფერი; აღმოსავლეთით იღება კარი, მოსცურავს სხივი პირმშვენიერი. ჩრდილოეთიდან დაჰბერა სიომ, მთა შეიბერტყა, ასწია თავი და ლაჟვარდ ცაში დროშა გაშლილი მზემ შეაცურა ამაყი ნავი. გათენდა დილა, დღე გადიშალა, სადღაც ჩამოჰკრეს ცისკარის ზარი, მოკვდა წყვდიადი, გარდაიცვალა და ახმაურდა კვლავ მთა და ბარი.მაგრამ საღამო კვლავ გაცოცხლდება, პირბადრი მთვარე კიდევ ამოვა, სიკვდილ-სიცოცხლე სცვლიან ერთმანეთს, მხოლოდ ნაღველი... სამუდამოა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი