მეტეხის ციხე


მტკვარი ტალღას სცემს, მტკვარი შრიალებს, მტკვარი ქაფს ისვრის,
კლდეს ესხურება, ზვირთის ფაფარზე ზვირთს ათამაშებს, მიდის
ქვეითკენ, მიეშურება. მიეშურება, თანაც ღიღინებს და ეს სიმღერა მთის
სიმღერაა, ტალღათ ტყლაშუნი, ბარათ რო ისმის, მთებში დაკრული
ჩანგის ჟღერაა. იმღერე, მტკვარო, მთვარე დაგხარის, მეტეხის კუბოც
გისმენს სიმღერას, იმღერე, მტკვარო, მეტეხის კონცხთან, უფრო უმატე
შენს ჰოროველას. ასე მეურმე ღიღინებს ხოლმე, გაჭიმულია წინ დიდი
შარა,გზის ნაპირზე კი სთვლემავს საფლავი, ტიალ მინდორზე ვიღაც
მომკვდარა. იმღერე, მტკვარო, მხოლოდ სიზმარში ჩვენცა
ვცოცხლდებით, სული დაფრინავს, აღარ ჟღარუნებს რკინის ბორკილი,
მას ჩვენ მკლავებზე მშვიდათა სძინავს. თვითონ დემონი აქ ყოველღამე
მოდის სიმღერით, მოეშურება, ხარხარებს, თითქო მეხი მეხს მოხვდა,
ხან-კი ხმატკბილად გვეჩურჩულება. იმღერე, მტკვარო, მოვა ჯალათი და
შენს ნაპირზე დაიბანს ხელებს, იმღერე, მტკვარო, თუ ტალღა შედგა,
ჩვენი მეტეხი სისხლს მოგაშველებს. შენს ტკბილ საუბარს ვიცი ყურს
უგდებს, ოქროს აკვანში გაზრდილი შვილი. დაუკარ მისთვის,
დაიღიღინე,
მორთე ვარდებით მის შვება-ძილი. დაუკარ მისთვის, დაიღიღინე, ისიც
აგყვება, ისიც მოგცემს ბანს და ვით პილატე ჯალათის გვერდზე, ისიც
გულგრილად ხელს გადაიბანს. მტკვარო შრიალავ, შენსა კიდეზე რაინდი
სატრფოს მოელოდება; რა ხელს გადაჰხვევს, გულში ჩაიკრავს. ისიც
შენსავით აღიღინდება! ბედნიერთ ჩანგო, დაუკარ ტკბილად, შენი
სიმღერა მათ გაახარებს, აქ, მეტეხში კი ცასთან გამწყრალი დემონი
მქუშად გადიხარხარებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი