თვით ჩემი მუზაც ვეღარ იცლის, რომ ..
თვით ჩემი მუზაც ვეღარ იცლის, რომ სთქვას სხვა რამე, არა გშორდება, არ გცილდება არც დღე, არც ღამე. წავა საითმე და თან მიაქვს იგივე ფიქრი, ღელავს - შენც მასთან ასდევ ტალღებს, შენც მასთან მიჰქრი! თუ გაიტაცა ის ერთ წუთით მთის ლეგა ნისლმა, ან მწუხრის სიმი იმის გულში სევდათ გაისმა; ან მხიარულობს, წინწკლებს ისვრის ჭიქა ქარვისა, მის წინ ირხევა ტკბილ დუდუკზე ტანი ალვისა; ოხ, არ გეგონოს ჩანგი ამ წუთს უმღერდეს იმათ, არა, ისა თრთის, ის შენთვის თრთის მაინც იმ ჟამად; მაგრამ მტარვალად გადვიქცევი, ბორკილს დავგრეხავ, არ დავინანებ, არ დავინდობ ჩანგს გადავტეხავ; და ავუკრძალავ თავხედ მუზას შენს გზას, შენს სახელს. თუ წამოსცდება მყის ტუჩებზე დავაფარებ ხელს! აბა რას აქნევ ცხოვრებისგან მითელ-მოთელილს: სულს გრძნობას ლტოლვას, აღტყინებას, ფიქრსა და წადილს?! მითხარ, ვის უნდა, ვის რათ უნდა დაჭრილი გული,ვინ მოუკრიფოს მკერდის ბუჩქზე მას თაიგული! მე ფერფლიღა ვარ ცეცხლზე დამწვარ სალამურისა: მე გმინვაღა ვარ - მშველის გმინვა განგმირულისა: მე ვარ ორბის ფრთა მოტეხილი, მოდუნებული, მე ვარ ვარდის ძირს მიგდებული მკვდარი ბულბული: მიტომ ვუკრძალავ თავხედ მუზას შენს გახსენებას, ამიტომ ჩანგსაც, რომ გიმღეროს - არ ვაძლევ ნებას! და მხოლოდ ერთხელ... ეს იქნება უკანასკნელი სულს ამოჰყვება სიკვდილის წუთს შენი სახელი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი