სიმღერა ტუსაღისა


მშვიდობით ჩემო სამშობლო მხარევ, მშვიდობით, მივალ დღეს,
გესალმები! ვეღარა ნახოს ჩემმა თვალებმა შენი ლამაზი, ამაყი მთები!
ვეღარ ვიხილო ჭალა, ტყე, ბორცვი, მთით გადმომსკდარი - ცელქი
მდინარე, ვეღარ ვიხილო სატრფო გულისა - ყელს მიხუტული, სახე
მღიმარე. მის მკერდის ნაცვლად ტანჯვის წუთებში მე თავს მივაყრდნობ
ციხის კედელსა, ცივი ბორკილი შეეფერება. მის საალერსოდ გაწვდილს
ხელებსა. მოღლილს, მოქანცულს მოსასვენებლად არ დამიხვდება
მკერდი დედისა
და სასთუმალად ბევრჯელ შემხვდება გვამი მეგობრის ჩემის ბედისა!
ტოლ-სწორთა შორის სიმღერის ნაცვლად ჩემი ბორკილი დაიჩხარუნებს -
და ხმა იმისი, ხმა შესაზარი ამიშლის ფიქრებს, ამიშლის წყლულებს...
მშვიდობით ჩემო სამშობლო მხარევ, გემშვიდობები დღეს შენი შვილი!
მივდივარ, ბორკილს მივარაჩხუნებ - მიტომ რომ გაძევს თვითონ
ბორკილი! სამშობლო მთების ლაღო ქურციკო, შველო, ჯერანო, ირემო
ტყისა! გემშვიდობებით თქვენც სხვებთან ერთად, თქვენ ხომ არ იცით ხმა
ბორკილისა. მშვიდობით დაბავ, ქალაქ-სოფელო, აოხრებულო და
გადამწვარო; მშვიდობით ქოხო ჩემო, ღარიბო,
მშვიდობით დედავ, ჩემთვის გულმკვდარო! და თქვენ, კანჯარნო მაღალ
მთებისა, მანდ რომ გამფრთხალხართ მთის ხვეულებში - თქვენღა
გადარჩით, თქვენ დაიტირეთ ყორანთ ნაკორტნი ამხანაგთ ლეში! თქვენ
კი, მტარვალნო მტარვალნო ჩემის აოხრებული სამშობლოისა წყევლა და
კრულვა! მწამს დაგიდგებათ ჟამი ტირილის, ჟამი გლოვისა... ცოტა
ვიცოცხლე და ბევრი ვნახე, ვნახე ქურუმნი გართხმულნი ძირსა; წეწვა და
გლეჯა მათი მანტიის, სისხლით გასვრილი მათ პორფირისა... მივდივარ,
ბორკილს მივაჩხარუნებ, მაგრამ თან მიმსდევს მასთან იმედი; მწამს
საბოლოოდ, რომ ხალხს უპყრია თავისი ხვედრი, თავისი ბედი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი