ჩამოწყვეტილი ფოთოლი
ჩამოწყვეტილი ფოთოლი ჩამჭკნარი, კაეშნიანი, მიჰქონდა ქარსა ჰაერში, ობოლი, ობოლ-გზიანი! ქარი კვნესოდა, გმინავდა, ქარი ტიროდა, სიოდა და ფოთოლი კი ცრემლების ტალღებზე გადადიოდა! თანაც მოთქვამდა: “მშვიდობით, მშვიდობით გაზაფხულოვო, სამს დროთა შორის ვარსკვლავო, ხმელეთის თაიგულოვო! მშვიდობით, ჭალავ, მინდორო, ამწვანებულო მდელოვო,ზურმუხტის ჩანგზე სიმებო, შესაწყობდასამღეროვო! მშვიდობით, მთანო ნაქარგნო, მორთულნო ჭრელი კაბითა, გულ-სახსოვარო, სალო კლდევ, ამირან გმირის ამბითა! მშვიდობით, წყაროვ არშიყო, ვარდ-ზამბახის და იასი, რაკრაკავ, ჰანგის შემწყობო, ბულბულის ტია-ტიასი! გემშვიდობებით მეგობრებს, გემშვიდობებით ცრემლითა, ზამთარმა შტოზე მომწყვიტა, მომწყვიტა ბასრი ხელითა! ნამი ნაღველად შემახმა, ჩამიჭკნა გული ყვავილში, ბედმა მიმუხთლა უდროვოდ მე განთიადის ძახილში! მშვიდობით, მზისა სხივებო, და გარიჟრაჟო დილისა, მივდივარ... შორ გზას გავივლი, წამღები თქვენი ჭირისა! მახსოვს და თანაც წამყვება ჩემი ლაღობა, ნავარდი; ბევრჯელ მესროლა ავბედმა მახე და რკინის ქამანდი! ბევრჯელ აუსხლტი, მაგრამ დღეს მივდივარ ჩამოწყვეტილი; გზა ნაცნობია... ბილიკი აქ არის გამოკვეთილი!.. ჩანს გაუვლიათ სხვებსაცა: ცრემლი აჩნია კვალზედა, აქა-იქ სისხლიც შემხმარა დაწყევლილ ეკალნარზედა!თითქოს ხანდიხან ხმაც მესმის ბანს მომძახიან წყობითა... შორს... შორსღა... გრგვინავს სალი კლდე, გრგვინავს, სჭექს ბობოქრობითა! ერთსა გთხოვ: როცა შტოზედა ამწვანდებიან ფოთლები; ჩამოწყვეტილსა ღეროზე, ამოფეთქდება კოკრები, გაზაფხულს პირზე ღიმილი აუმღერ-აუჟღერდება, მწუხრზე დაუკრავს ბულბული, ცისკარზე გამოთენდება, ნიავს უთხარით დამღეროს მაშინ ჩემს კუბოს ლხენითა, ჩამოწყვეტილი ფოთოლი დანამეთ დილის ცრემლითა!” ასე მოთქვამდა ფოთოლი ჩამჭკნარი. კაეშნიანი, ჩამოწყვეტილი შტოზედა და ბედუკუღმართ გზიანი! ქარი კი ისევ კვნესოდა, ქარი კი ისევ სიოდა, და შორს... შორს... ცრემლის ტალღებზე ფოთოლი გადადიოდა:
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი