მუზა და მუშა
ერთია მხოლოდ იმისი ფიქრი, ერთია მისი გულის ღონება, შავი აჩრდილი უდგა მას თვალწინ მას შეუპყრია მისი გონება! იგი არ არის მხოლოდ ოცნება, მწარე ქვითინი სატრფოს უარზე, არ არი იგი გალაღებული სულისკვეთება ველად, მთა-ბარზე! არა, ამისთვის არა სცალიან, ღმერთებს დაუთმო მან სიყვარული, სხვა აჩრდილს ხედავს იმისი თვალი და სხვაგვარად სცემს იმისი გული! დე, დედამიწის ნებიერებმა ილოცონ მხოლოდ ნაზი ამური,იმას შესწირონ ბედნიერება, წმინდა ნექტარი, სუნნელ-საპკური! არა, მას თვალწინ სულ სხვა აჩრდილი უდგა - დუხჭირი თვისი ცხოვრება, და მწარე არი, ვით თვითონ იგი მისი ფიქრი და მისი გონება! უდგას თვალწინა და ზედ კითხულობს: “მუშავ, მონა ხარ შენი ოფლისა და სათამაშო გასართობელი, მიწის მასხარა, მასხარა ცისა! შენ კაცი გქვიან, მაგრამ სადა გაქვს ადამიანის წმინდა უფლება, შეხედე შენს მკერდს, რა უყავ ოფლი; რისთვის და ვისთვის იგი იღვრება?! აშენებ დარბაზს - სახლი არა გაქვს, ებრძვი მიწასა - კვდები მშიერი, ვისთვის მუშაობს ეგ შენი მკლავი და რისთვისა სცემს მკერდი ძლიერი? შეხედე ქალაქს, შეხედე სოფელს, შენ გააკეთე ეს ქანდაკება, მას შენი ოფლის ბეჭედი აზის, მას შენი სული თავზე ევლება! მაგრამ ვისია? გაქვს შენ იქ წილი?! სადა გაქვს ბინა, ცხოვრების გერო? და მაშინაც კი ცრემლები მოგდის, როს სევდიანად გსურს დაიმღერო! არ გესმის ტაში იმ დარბაზიდან, ტკბილი მუსიკა, სიცილ-ხარხარი? ბედნიერები დღეს მეჯლისობენ და მათთვის უკრავს იქ ოქროს ზარი! მაგრამ იკითხე: ვინ გამოსჭედა ეს ოქრო-ვერცხლი, - და გიპასუხებს: შენი ნაღველი, შენი სიმწარე იმათ სიცილთან გადმოიქუხებს!ადგილი არ გაქვს შენ ამ მეჯლისში, ამოეფარე ნესტიან სარდაფს, ვიდრე შიმშილი შრომის ბაზარზე არ გაგიძახებს, არ დაჰკრავს დაფდაფს! იქ შეებმები კვალად უღელში, მხოლოდ ლუკმისთვის დასჭიმავ ძარღვებს მოკვდები ასე, ვიდრე მკერდის ქვეშ ტანჯული გული სცემს და ფართხალებს! შენს ადგილს შენი შვილი დაიჭერს, იცნობს ცხოვრების გზაზე შენს კვალსა, შეკრთება, მაგრამ გასჭიმავს უღელს, ვიდრე მოსძებნის შენთან საფლავსა!” ამას ეტყოდა აჩრდილი მუშას... ყურს უგდებს, თავი ხელს დაუყრდნია, ყურს უგდებს ჩუმად ცხოვრების ჩურჩულს, მისი ბრჭყალები გამოუცდია! დილაა... ღელავს შრომის ბაზარი, სცემს ოქროს ტალღა, სცემს ოფლის ზვირთი, იქ მონამ კვალად წახარა ქედი და ზედ დაიდგა ცხოვრების ტვირთი! დილის სხივებმა გაითამაშეს, მათთვის ერთია მონა, ბატონი, მათთვის ერთია: იყო შენ ჭია, თუ დიდებული მეფე-პატრონი! აღმოსავლეთი წითლად ენთება, ხარობს მიდამო, ხარობს ბუნება, - ვინ გაუბედავს იმას მონობას და სხვის მონობა რა ენაღვლება! ამ დროს სინათლემ მუშის სარდაფში შემოაშუქა და აციმციმდა, წინ სხვა სურათი გამოეჭიმა, შეხედა მუშამ და გაუკვირდა! ღმერთების სწორი სილამაზითა, ნაზია, როგორც თეთრი ღრუბელი, მთლად სიყვარული, მთლად სიხარული, ჩანგზე დასცურავს მთრთოლვარე ხელი და სიმი კვნესის, სიმი კანკალებს, მის ხმაში მღერის, თრთის გაზაფხული, ყურს უგდებს მუშა, მაგრამ მის სახე ისევ ისეა დაღონებული! “მე მუზა მქვიან, - უმღერის ჩანგი, - და მოგიტანე სიმხიარულე, მოდი შეგასვა მისი ნექტარი, შენც შეიყვარე, იმხიარულე!” მუშამ შეჰხედა, ასწია თავი, გაუთამაშდა ღიმილი მწარე, და ყრუ სარდაფის კედლებსა შორის გაისმა მისი სიტყვა მქუხარე. მუშა - მუზავ, რა გინდა შენ ამ ადგილას,ღმერთების შვილო, აქ მუშასთანა და სიყვარულიც ჩემ დასაცინად, მითხარ, ცამ რისთვის გამოგატანა? ბედნიერების გასართობელო, შესამკობელო მათი სუფრისა, გზა არევია მაგ შენს ტკბილს ჩანგსა, მესტვირევ ოქროს დარბაზებისა! წადი იქ, სადაც ტკბილი ნექტარი კრთის სიყვარულის ფიალაშია, ეკლის მაგიერ ვარდი ჰფენია, წადი ღმერთებთან, წადი ცაშია! ვერცხლის ქურუმებს უთხარ სიმღერა, ჩანგს მოგართმევენ ოქროს სიმებით, იქ მოგიხდება ჰანგების ჟღერა, მსხვერპლიც სიყვარულს იქ შესწირევით! მაგ შენ თვალებში სიცოცხლის ტალღა სულ სხვაფერად სცემს, სხვარიგად ღელავს,ჩანს შენი ნაზი მკერდი ბროლისა ჯერ მწარე ცრემლებს არ დაუფერავს! შენი ტკბილი ხმა ისარი არის, ჩემთვის შხამია ეგ სიყვარული, მე სულ სხვაგვარად, შენ სულ სხვაგვარად გვიცემს გრძნობა და გვიღელავს გული! შენ გაჩენილხარ სამხიარულოდ, მე, თითქოს, მხოლოდ სამგლოვიაროდ, ვხედავ, არ გჯერა, მაშ მოდი, მომყე, ცხოვრების ველი შამოვიაროთ! მუზა ნუ მირისხდები, ბედთან გამწყრალო, მე ყველასათვის ერთგვარად ვჟღერავ, ცისა და ქვეყნის მოციქული ვარ, ორთავ ერთგვარად ვმოსავ და ვფერავ! განა შენ არ ხარ ადამიანი, შენთვისაც არის ხომ სიყვარული, შენც ხომ გაქვს გრძნობა, გიყვარს სიცოცხლე, შენც ხომ გითრთოლავს მკერდის ქვეშ გული?! მუშა ბალღი ყოფილხარ, შენ ჩემო მუზავ, მაშ შენ არ იცნობ, ვხედავ, ცხოვრებას, და ეგ ლამაზი შენი თვალები მთლად დაუფარავს სიამოვნებას! წამოდი ჩემთან, გაგაცნო ველი; როგორც ჩანს, ჯერ შენ ის არ გინახავს, თვით ბედნიერო, სხვაც ბედნიერად ჭრელს ოცნებაში გამოგისახავს! და წინ გაუძღვა მუშა მუზასა, ქუჩის ტალღებმა ორივ შეხვია, გრგვინავს ცხოვრება, კვნესის ვიღაცა... ცრემლი ჩანგს მოხვდა და შეარხია!ხელგამოწვდილი ლუკმას თხოულობს, გლახა შიშველი, გლახა მშიერი, სიკვდილი უკან დასდევს დავრდომილს, მას დაუდვია თვისი ელფერი! ის წაბარბაცდა, მეორე გლახამ გადაუარა ზურგზე გუდითა, მუშამ დუმილით ღმერთების სატრფოს მწარედ შეჰხედა და მიუთითა! უყურებს მუზა გაკვირვებული, ვერ გამოეცნო მათხოვრის სახე, ის ხომ არ იყო შეყვარებული, არ მოხვედროდა მას სატრფოს მახე! არა, მას სულ სხვა ბეჭედი აზის, თვალებჩამქრალი, სხეულ მიხრწნილი, და მის სახეზე დაწერილიყო: “მხოლოდ შიმშილი, მხოლოდ შიმშილი!” - როგორ?! - განცვიფრდა აქ ცის პეპელა, -ადამიანი... ასე მშიერი?! მაშ, ვისთვის არის ცა და ქვეყანა, უცხო სამყარო, პირმშვენიერი? - ჩაფიქრდა მუზა და ჩანგს დაჰხედა, იქ ეჭვის სიმი გაჭიმულიყო და ვარდის ყლორტის პატარა წკირა გლახის ცრემლებით დანამულიყო! წადგა ნაბიჯი: ქუჩაა შავი, ფრთა გაუშლია თვითონ ჯოჯოხეთს, ცივა, ჰქრის ქარი, ვაი და კვნესა თვით უგულო ქვას შუა გადახეთქს! - უყურე, მუზავ, უყურე, დასტკბი, ცხოვრების კევრი აქა ტრიალებს, დაუგდე ყური! - ეტყოდა მუშა; - მწარე ნაღველი გადმოთქრიალებს! არა ჰგავს განა ველს აყვავებულს, და ხავერდოვან მთასა და ბარსა. ბულბულის წკრიალს, ბედნიერებას... შენი ჩანგიც ხომ მათ აძლევს ბანსა! ცისა და მიწის წმინდა კავშირო, შენ ჯოჯოხეთი გინახავს ცაში? იქ ვერ ნახავდი, ის მიწაზეა, ის არის მხოლოდ ჩვენ ცხოვრებაში! ეს კვნესა, ვაი - უსახლ-უკარო ბოგანო ხალხის მწარე ჩანგია და მიტომ შენი ტკბილი სიმები მათთვის ფუჭია, მეტი ბარგია! - გაწითლდა მუზა, თავი დახარა, დაჰკრა ნაოჭმა იმის სპეტაკ შუბლს, ამ დროს ვიღაცამ გადიხარხარა, თვისკენ ეძახდა იგი სიყვარულს! იცნო მუზამა ეს ბედნიერი, ბევრჯელ მის ჩანგმა მას მოულხინა, ახსოვს დარბაზი, ოქრო და ვერცხლი,ახსოვს მას სუფრა, მდიდარი ბინა! ის ყიდულობდა სიყვარულს აქა, ხან იცინოდა, ხან ვნებით თრთოდა, მისი მსხვერპლი კი თვის უბიწობას მწარე ცრემლებით ეთხოვებოდა! უყურებს მუზა, როგორა სთელავს ადამიანი წმინდა სიყვარულს, იმის მკერდზედაც გადაუშლია თვის ბაირაღი ოქროსა და ფულს! ჩანგის სიმებმა ვერ მოითმინეს, შეტოკდნენ, მწარედ ჩაიქვითინეს და გაყიდული გული და გრძნობა ადამიანის მათ დაიტირეს! მუშა გაუძღვა სტუმარს დაღვრემილს, მათ წინ აკლდამამ გააღო პირი: გრგვინვა, ქუხილი მოისმოდა იქ, თითქოს სატანამ დაჰკრა საყვირი.ჩაეშვნენ ქვევით, სდუღდა გენია, ათი ათასი იძვროდა ხელი, და ჭირის ოფლით იპკურებოდა იმათ გარშემო ცხოვრების ველი! ცეცხლი ვარვარებს, ტრიალებს ალი, ადის და ჩადის მთა ბუმბერაზი, აქ მონობისთვის შემოუვლიათ ირგვლივ ბორკილის რგოლი და ხაზი! იქავ ქურუმნი, ოქროს კერპები დგანან ამაყად, მათრახით ხელში, მათ წინ განრთხმულა და ისრისება ადამიანთა ურიცხვი ლეში. ვისაც აქვს ძალა, ის იქნევს მკლავსა, ზოგი ტალღებში დასუსტებულა, ბევრი მოღლილი, მთლად მოქანცული ზვირთისგან ნაპირს გადაგდებულა! შეხუთულია ირგვლივ ჰაერი, აქვე იხშობა გრძნობა, გონება, ამასა ჰქვიან ქურუმკერპთა წინ ქედის წახრა და მწარე ცხოვრება! შეხედა მუზამ თვის თანამგზავრსა, შეხედა მონებს: ერთია სახე!.. და ჯოჯოხეთიც იმათთვის მხოლოდ საერთო არი, - ერთია მახე. აბა შეხედე, პირმშვენიერო: აღმოსავლეთი ვით იღებება; ნუთუ არ გინდა ჩანგი აჟღერო?.. ათასი გულიც მას ეგებება! შეუხმატკბილე მათ შენი ჰანგი, იყავი გმირი იმათთან ერთად, დე, ქარიშხალმა ძირს დასცეს კერპი, ადამიანი გადიქცეს ღმერთად! ეს ოფლიანი ათასი მკერდი, მოქნილი მკლავი ოფლში, შრომაში,მათი ნუგეში, მათი იმედი ჰპოვებს, რაც უნდა, მხოლოდ ბრძოლაში! ჩუ! აგერ სხივმაც შეითამაშა და მონამ მაღლა ასწია ქედი, ბრძოლის ხმამ დაჰკრა, დაიგანგაშა, რომ გამოსჭედოს მან თვისი ბედი! შეხედე დროშას განთიადისას, წითლად შეღებილს, ამაყს, მშვენიერს, თრთიან ღმერთები, თრთიან კერპები და თავს უხრიან მის სიძლიერეს! აი, აქ არი, თვალმშვენიერო, რასაც ოცნება მხოლოდ გიხატავს, გაავლე ჩანგი იმის სხივებში და მაშინ სიმიც სხვაგვარაღ დაჰკრავს. წკირამ ჩამოჰკრა ჩანგის სიმებსა, მაგრამ სულ სხვაა ახლა მისი ხმა, ჰანგი ჰაერში ჰფანტავს ცრემლებსა...ისმის გოდება და მწარე მოთქმა! ქვითინებს მუზა: “მაშ ამაოა ცა, დედამიწა, მთელი სამყარო, ამიერიდან იგი მძაგს... მაგრამ იმის მაგიერ რა შევიყვარო! რისთვის და ვისთვის ვაჟღერდი სიმებს, ოდეს სიცოცხლე ყოფილა კრული?.. გაჰქრა, წავიდა ტკბილი ოცნება და ჩანგთან კვდება თვით სიყვარული! წყეულიმც იყოს სიცრუე ცისა, ამიერიდან მისი არ მჯერა, არ მჯერა სიტყვა მე ღმერთებისა! აყვავებული ცხოვრების კერა! წავალ მე ჩემთვის... რისთვის? ან ვისთვის?.. ახლა მჯერა, რომ ვარ მეტი ბარგი და ზღვისა ტალღებს შეუერთდება გადაგდებული ეს ჩემი ჩანგი! მუშა შესდექი, მუზავ, შენ აქაც სცდები, ზღვა არ დამარხავს შენ ჩანგის სიმებს!... არა, შენ ჩვენთან დარჩი, იქნები... ჩვენი ცხოვრება გიძმობს, გიშვილებს! სიმხდალე არის განდეგილობა, და მონასტერი - საფლავ- სამარე, როგორ გიყვარდეს აბა სიკვდილი, ოდეს სიცოცხლე ვერ შეიყვარე! ჩამოხსენ სიმი მაგ მშვენიერ ჩანგს, ღმერთებს გადუგდე გასართობელად, ჩვენი ცხოვრება სულ სხვას გააბამს და ხმა მქუხარე გაისმის ქვეყნად! ათრთოლდა მუზა, რწმენა, იმედი მას დაუბრუნდა; ათრთოლდა ჩანგი და ათი ათას ხმას შეუერთა მან საბრძოლველი თავისი ჰანგი! მაღლა მიცურავს წითელი დროშა, მონა ქედს იწევს, ზვირთი გუგუნებს, ცა წაგრაგნილა, ცა მოღუშულა, ძირს დაუხრიათ თავები ღმერთებს!... ჟღერავს კვლავ ჩანგი, მუზა ამაყად აკვნესებს ჰანგებს, ათრთოლებს სიმებს, მიცურავს დროშა მაღლა თამამად და განთიადიც მასთან იღვიძებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი