სიმღერა ასოთამწყობისა
ჩვენ სულ ვაწყობთ ერთმანეთზე პაწაწინა ლითონ-რკინას, ზოგი აქეთ, ზოგი იქით, ზოგი კიდევ განაპირას. აარჩიე, რიგზე დადე, გააკეთე რკინის ბადე, ან-თან ბანი, გან-თან დონი და ერთმანეთს შეუფარდე. ასე ვაწყობთ ერთმანეთზე პაწაწინა ლითონ-რკინას, ზოგი აქეთ, ზოგი იქით, ზოგსაც კიდევ განაპირას. ვერაფერი ხელობაა კუჭს ვერ აძღობს ეს ტიალი, მაგრამ რას იქ, საცა არ სჯობს, მაინც ვამბობთ: “აღა- ბალი!” აბა, ბიჭო, დატრიალდი, გააცურე ხელი მარდათ გავათავოთ ეს გაზეთი, აგვიღია საქმე ნარდათ! შუაღამე გადავიდა, დატრიალდი მეტრანპაჟე, ატრიალე რკინის რგოლი, ბიჭო, მკლავი გააკაჟე! მკვდრის სუდარას სახე გვიგავს, თვალები კი გამქრალ სანთელს, ლომიც იყო, ვერ აიტან ფეხზე დგომას, ძმაო, ამდენს! ხერხემალი გამიშეშდა, მუხლები მთლად მიკანკალებს, თითები სულ დამიდუნდა,ვეღარ ვშლი და ვერც ვხრი მკლავებს! ეჰ, რა ვუყოთ, “მოწინავე” დღეს გაზეთში კარგი არი, “სიმართლე” და “დამაშვრალი,” ცხელ-ცხელები სულ აქ არი. რა გგონიათ! ორიოდე ჩვენც რამ ვიცით აქა-იქა, თან ვაწყობთ და თან ვკითხულობთ, - აგერ აზრიც გაიზნიქა! დავიკვეხებ: ჩვენშიც არი პოეტი და კრიტიკოსი, ვასო ვიქტორ ჰიუგოთ გვყავს და ანდრო კი არის როსი!ასე ვაწყობთ ერთმანეთზე პაწაწინა ლითონ-რკინას, ზოგი აქეთ ზოგი იქით, ზოგი კიდევ განაპირას!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი