მჭედელი პეტრე


გამურულა, ოფლში ჟანგი ჩამოცურავს მის სახეზე და დილიდან
საღამომდის, როგორც მწვადი, იწვის ცეცხლზე.ქურა ქშინავს, იბრძვის
კვერი, გამოუწრთო რკინას პირი, მერე თახჩას შეჰყო ხელი, ჭერს უჩვენა
ბოთლის ძირი!
“ეჰ, რა ვუყო, - ფიქრობს პეტრე, - შინ თუ ცხელა, გარეთ ჰყინავს, ჩვენი
მღვდელიც უზედაშოთ თავის დღეში არა სწირავს”.
და კვლავ კვერი მოიმარჯვა, მირბის, ელავს ნაპერწკალი, დახეთ პეტრეს?!
კარებიდან ვიღაც ლეჩაქს უყო თვალი!
ახლა კი ვერ მოითმინა და კვლავ ეშხით დაჰღიღინა: “ეს მეორედ კარების
წინ ცუგრუმელამ გაირბინა!
ვითომ რაო, პეტრე რო ვარ?! ცხვირზე ხალი, ტუჩზე ხალი, ნათლიდედაც
ლამაზი მყავს, მრგვალია ვით ფორთოხალი!
პეტრე რო ვარ, რაო ვითომ?ვინა მჯობნის, აბა ერთი, ვინც ბიჭია,
გააკეთოს ჩემისთანა ბარ-საკვეთი!მამაჩემიც რკინას სჭედდა, უანდერძა
კვერი პეტრეს, ვითომც დიდი განძი იყვეს, რკინას კი არ, ფულსა ჭედდეს!
როცა მოკვდა, კუბოს ფული მის ამქარმა გამოიღო. თვისი დღენი რკინას
ჭედდა, ჩექმა უნალო წაიღო!
შვილს მომბაძა, მაგრამ რაო... პეტრე რო ვარ, ვითომ რაო?! ფულიანი და
უფულო ყველა მიწამ გამოხრაო!
მერმის უნდა დავილოცო, თუ არ მოკვდა უსტაბაში, ოსტატ პეტრეთ
ჩამწერავენ, მეც კაცი ვარ, ძმავ, ჰამქარში!”
ქშინავს ქურა, იბრძვის კვერი, ილესება ოფლში ჟანგი, მღერის პეტრე,
ჟღერავს გრდემლი, მისი ტურფა, მისი ჩანგი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი