უკანასკნელი დღე სიკვდილ მისჯილისა


მზე ჩადიოდა. უკანასკნელ სხივთ დაეფერადნათ მთისა მწვერვალი, და
დღეს, ვით მუშაკს, დაღლილ-დაქანცულს ეხუჭებოდა ნელ-ნელა თვალი.
საპყრობილეში იჯდა ტუსაღი, ვიწრო დარკინულ ფანჯარასთანა
მიშტერებოდა ჩამავალს მზესა, თითქო მის სხივებს მისდევდა თანა. სახე
გამხდარსა და გაყვითლებულს ეჭმუხნებოდა შუბლისა კანი, კარგა ხანია
მას სადგურად აქვს ნესტიანი და ბნელი საკანი...
მთისა მწვერვალსა კანკალ-ცახცახით მოსწყდა მზის სხივი უკანასკნელი.
შეკრთა ტუსაღი და ჩამოვარდა იმის თვალთაგან ობოლი ცრემლი. ნეტა
რა იყო, ასე უეცრივ რამ შეაშფოთა, რამ ააღელვა? მას შავმა ფიქრმა
მოწყვეტილ სხივთან გულს გაურბინა, ვითარცა ელვა! და აჰა, გრძნობამ
არ მოატყუა, ნელ-ნელ გაიღო რკინისა კარი, განიპო ბნელი, და ტუსაღის
წინ წყნარის ნაბიჯით წარსდგა მოძღვარი.
- მისმინე, ყრმაო, - უთხრა მოხუცმა, და თვითვე შეკრთა თვისსავე ხმაზე,
-ხვალე ადრიან, რა გადმოდგება მზეი ბრწყინვალე ივერის მთაზე, და
სხივნი მისნი გადმოშვებულნი კისკასს შეჰქმნიან დილისა ნამზე, მაშინ
ჯალათნი განმზადებულნი შენ აგიყვანენ სახრჩობელაზე. აწ მოიდრიკე
მუხლი ჩემ წინა, ემთხვიე, შვილო, სახარებასა, და უხილავის უფლის
წინაშე მოჰყევი, შვილო, აღსარებასა. გჯერა თუ არა შენ უკვდავება, 
სასუფეველი, ტანჯვა-წამება? მაშ აღიარე ცოდვანი
შენნი და გეღირსება იქ ნეტარება. თვით მაცხოვარმა, ჯვარზე გაკრულმა
მისცა ავაზაკს სასუფეველი, ილოცე, ყრმაო, შესთხოვე უფალს,
ახსენე, შვილო, ღვთისა სახელი. - ჰოი, მამაო! - უთხრა ტუსაღმა, და ხმა
საცოდავს ყელში ჩაუწყდა, - ჩემი საქმენი, გულის ზრახვანი უფალმაც
იცის და ერმაც უწყდა. რა მაქვს სათქმელი, სააღსარებო, უკვე სიკვდილი
მე მომესაჯა, მაგრამ ეს კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ სამართალმა სწორედ
გამსაჯა; მართალი არის, მე ენა მქონდა მწარე, სასტიკი, დაუნდობელი და
ფარისეველთ ამა ქვეყნისა გულს უგმირავდა, ვითარცა გველი. აბა
დამეწყო პირმოთნეობა, შემესხა მათთვის ქებათა ქება, მაშინ ამ ქვეყნად
სახრჩობელას წილ მათებრ მხვდებოდა მეც ნეტარება.მაგრამ ცის ნიჭი
მომადლებული ოქრო და ვერცხლზე არ იყიდება, ის წმიდა არის, ვით
ანგელოზი და თვით ტალახშიც წმიდად დარჩება. ხალხთ ამა ქვეყნად
კაცთ დასასჯელად ციხე და ხმალი მოუგონიათ და რომ სიმართლეც
მოსრან, შებოჭონ, ტყვილად ფიქრობენ, ტყვილად ჰგონიათ; არ ეკიდება
მას ბასრი ხმალი, ვერც
შეიპყრობენ მას ციხეშია, ვერც გაუყრიან ფეხში ბორკილებს, ვერც
დააჭერენ დანას ყელშია! მაგრამ რას ვამბობ... ჰო, შენ მითხარი, რომ იმ
ქვეყანას არს ნეტარება, მაგრამ, მოხუცო, იცი, რომ ჯერა მე აქ სიცოცხლე
კვლავ მენატრება? არა, არ მინდა ჯერ მე სიკვდილი,მე მსურს ვიცოცხლო,
ვუყურო მზესა... შენ მე მითითებ სასუფევლისკენ და აქ კი ჭაბუკს
მიბნელებ დღესა. მოიგონევი ახალგაზრდობა: არვის უყვარდი, არ
გყვარებია? სატრფო, დედ-მამა, ამხანაგები, შენთან შეზრდილი ძმა და
დებია! მსურს მათთან დავრჩე, ჰოი, მხცოვანო, მეცა მყავს შენებრ მოხუცი
მამა, მყავს გულის ტოლი, მიყვარს, ვუყვარვარ და ხვალვე უნდა
შთანმთქას საფლავმა?! ოხ, რა ტკბილია ახლა სიცოცხლე! მეც მსურს
ვიცოცხლო, გესმის თუ არა?! ოხ, ღმერთო, ღმერთო, რა უკუღმართად, და
რა შავ-ბედად გზა დამეღარა! წადი, მოხუცო და ვინაც გკითხოს, უთხარ,
რომ თავი არ მოვიხარე,მხოლოდ ერთ წუთით გრძნობამ დამჭარბა და
უნებურად ცრემლი დავღვარე. დედაჩემს უთხარ... მაგრამ რას ეტყვი,
მშრალი სიტყვები რა ნუგეშია? უთხარ, საფლავსა
სულ ნუ მომირთავს, თავს არ დამირგოს ვარდი და ია. სახრჩობელაზე
სიკვდილ-წამება, და ყვავილები სასაფლაოზე?! კუბოში მწარედ
გამეცინება, სასაცილოა, სასაცილოზე! გუშინ ციხის ძირს, შავით მოსილი
ლამაზი ქალი ცრემლს რომ აფრქვევდა, ჩემი სატრფოა, იმა ცრემლებით
უკანასკნელად ფიცსა მაძლევდა. იმასაც უთხარ, რომ თუ მტვრად
ქცეულს კვლავ შემეძლება მე სიყვარული... აქ კი ჭაბუკმა ვერ მოითმინა
და კვლავ ატირდა, აცრემლდა გული. სტირის ჭაბუკი, ჩამორბის ცრემლი,
უსმენს და სტირის მასთან მოძღვარი. ღამე ისწრაფის... კიდეც გათენდა
და აგერ დაჰკრეს ცისკრისა ზარი. იგრძნო მოძღვარმა თავდავიწყება და
მოიბრუნა გული თვისკენა, უკანასკნელად ჰსურს ნუგეში სცეს, მაგრამ რა
უთხრას? დაუდგა ენა. “ილოცე, შვილო, მოემზადეო”, გულამომჯდარმა
ძლივს უთხრა ესა. აუკანკალდა მოხუცს მუხლები და მიაშურა ციხის
კარებსა. - “მოემზადეო”, ხა, ხა, ხა, ხა, ხა! -პასუხად მწარედ ყრმას გაეცინა,
- მზე ემზადება მიწას ახაროს -მე მამზადებენ სიკვდილისთვინა!..
დიდის დიდებით მზე ამოვიდა, კისკასობს,ხარობს, ცეცხლებ ეგზნება და
მისნი სხივნი გვამს უსიცოცხლოს სახრჩობელაზე ეთამაშება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი