ბუ და ვირი (იგავი)
(თარგმანი აკაი წერეთლისა) ერთხელ ცოდვამ აატროვა თვალშემდგარი ბეცი ვირი და მგზავრობა მოინდომა გადიკიდა ჭირზე ჭირი. სინათლეში, როგორც იყო, გზას აგნებდა საცოდავი, მაგრამ როცა კი დაღამდა, უტეხ ტყეში შერგო თავი. აერია გზა და კვალი, ვეღარაფერს ვერ ხედავდა, აკანკალდა, შიშით ბიჯის გადადგმასაც ვერ ბედავდა. მაგრამ ბედზე გაუჩნდა ბუ და აღუთქვა წინამძღვრობა, ზურგს შეაჯდა, გზა უჩვენა, გაუწია მეგობრობა. საუცხოვოდ ატარებდა, ოღრო-ჩოღრო ააცდინა, მთელი ღამე დადიოდნენ, არც ერთმა არ დაიძინა. ვინ არ იცის, რომ ბუ ბნელში უკეთესად იყურება და მზის სხივებს რომ შეხედავს, თვალის ჩინი მთლად უქრება? რომ გათენდა, ბუს თვალებსაც დაეკარგა ხედვის ძალა, მაგრამ ბუმ კი, მეტიჩრობით მაინც აღარ დაიშალა. ატარებდა ალალ-ბედზე, ვითომ დღითაც სწორმხედველი! უძახოდა: „აქ კლდე არის, აქ ჭაობი და აქ ველი! მარცხნივ!.. მარჯვნივ ნუ მიდიხარ! ტყლაპო არის, არ იქნება!..“ მაგრამ თურმე მარჯვნით იყო ტყლაპო და შიგ გახდა ტვლეპა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი