ორბი და გუგული (იგავი)
(თარგმანი აკაკი წერეთლისა) ერთხელ ორბმა გუგული დაამტკიცა ბულბულად; შეიფერა გუგულმაც, ვარდზე დაჯდა დიდგულად. სთქვა: „მეტი რაღა მინდა, ბულბულივით ვისტვენო, გავაკვირვებ ქვეყანას და თავს გამოვიჩენო!“ თავის ხრინწიანი ხმით დასძახა არემარეს, გაიგონეს ჩიტებმა, სიცილი დააყარეს გაგულისდა მღერალი: „ამას როგორ ბედვენო? ბულბულობა რომ მომცეს, განა ვეღარ ხედვენო?“ ორბს შესჩივლა: „ბატონო! დიდებულო, სვიანო! თქვენი ურჩი ჩიტები მკიცხვენ, დამცინიანო!’ ორბმა უთხრა: „რა გიყო? რომ გიშველო მზად ვარო მაგრამ რა შემიძლია! ღმერთი ხომ არა ვარო? როგორც მეფე, მე გაძლევ გარეგან წყალობასო და ყელში ვერ ჩაგიდებ ბულბულის გალობასო.“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი