გულკეთილი მელა (იგავი)
(თარგმანი აკაკი წერეთლისა) მონადირემ გაზაფხულზე მოჰკლა ერთი თოხისტარა, და მასთანვე მის ბარტყებსაც მით სიცოცხლე დაუმწარა. ტვლიპანებს და უსუსურებს რა შეეძლოთ თავის-თავად? რომ შესცივდათ და მოშივდათ, აჭვლიპინდნენ საცოდავად. მაგრამ ამ დროს, მოსწრებაზე, სადაც იყო, გაჩნდა მელა; თითქოს სუნი სცემოდეს მას, მოცუნცულდა ნელა-ნელა. იმ ობლების დანახვაზე, უცბად გული აუძგერდა. სთქვა: „დღეიდან მე ვუგამდლებ!“ ჩაცუცქდა და მიაჩერდა. აწუწუნდა მათის ცოდვით: „ვერა ჰხედავთ იმ საწყლებსო? უპატრონოდ, მოუვლელად, ვეღარც ერთი ვერ გასძლებსო. მაგრამ ჩვენი ვალი არის, ვუპატრონოთ როგორმეო, და ვისაც რა შეგიძლიანთ, მომეხმარეთ ყველა მეო. შენ, მერცხალო, საზრდო ზიდე! ქორო, მტრები უგერეო, გვრიტი ზღაპრებს უღუღუნებს, შენც ბულბულო, უმღერეო. შენ, კოდალავ!..“ მაგრამ ამ დროს დაუბერა უცბად ქარმა, შტო შეინძრა და ბარტყებიც აიტანა შიშის ზარმა. გადმოცვივდნენ, ძირს დაეცნენ, შეკრთა ცოდვით მაშინ მელა, მაგრამ თვისი ქადაგება დაავიწყდა უცბად ყველა. მივარდა და რომ დარწმუნდა, არ შეეძლოთ არსად წასვლა, შეებრალა, სტაცა პირი და სუყველა გადასანსლა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი