ღორი მუხის ქვეშ (იგავი)
(თარგმანი აკაკი წერეთლისა) მუხის ქვეშ ღორი რკოებით გამოძღა მართლა ღორივით და იქვე ძილად მიეგდო გაუნძრეველად, მძორივით. რომ გაიღვიძა, წამოდგა, აწლაკუნებდა ისევ პირს და, როგორც დიდ - ხნის მშიერმა, ჩუჩქნა დაუწყო მუხის ძირს. მაღლიდან ჩხიკვმა დასჩხავლა: “მაგას რას შვრები, ღოროო? გინდა, ფესვები დასთხარო და მიწას მოაშოროო? მაშინ ხომ მუხაც გახმება, ძირი რომ წაუხდებაო?” ღორმა მიუგო “მერე რა? გახმეს!... რა მენაღვლებაო!? მე არ მინახავს მაგისგან ჩემ დღეში სარგებელიო! რას დავსდევ: ნედლი იქნება თუ გამომშრალი - ხმელიო!?” მუხა გაჯავრდა: “შე დრუნჩავ! ქვესკნელს რომ ჩაღრუტუნობო, შე ღორო, თავლაფდასხმულო, რატომ რკოს კი არ სწუნობო? ვინ არის იმ რკოს მომცემი, თუ არ მე? და რად მძრახავო? მაგრამ თავს მაღლა ვერ იღებ და რაღას დაინახავო?” უგნური კაცი ღორსა ჰგავს: ჰგმობს სწავლა - მეცნიერებას და ვერ მიმხვდარა: რა აძლევს აქ ქვეყნად ბედნიერებას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი