მომდურავი ბაყაყი (იგავი)


(თარგმანი აკაკი წერეთლისა)

	
მთის ძირას, სადღაც ჭაობში,

სცხოვრობდა ერთი ბაყაყი,

უკმაყოფილო მის ბედზედ,

მეტის მდომელი, ამაყი.


ამბობდა: „ჩემი აქ ყოფნა

არ არის საკადრისიო,

მე უნდა მქონდეს, სხვა ბინა

უკეთესის ვარ ღირსიო!“


მაღლა აცოცდა, მთის წვერზე,

იქ გამონახა ადგილი,

თავშესაფარი სოველი,

გადაბურული და გრილი.


ჯერ კარგად იყო, სანამდი

არ დადგა მკაცრი ზაფხული!

მაშინ კი, სიცხით გამომშრალს,

ლამის ამოხდა იქ სული!


დაიწყო კვნესა და გამჩენს

შესტირა: „მომეხმარეო!

ის ტბა რომ მოსწვდეს აქამდე,

წარღვენი არემარეო!“


გამჩენმა ბრძანა: „უგნურო!

შენთვის გავწყვიტო ერიო?

სიდგანაც ამოთრეულხარ,

იქითვე წაეთერიო“.


ბევრი კაცია, რომ ამბობს:

„ეს არის ჩემი მცნებაო,

თუ მე კი აღარ ვიქნები,

ქვა ქვაზე ნუ იქნებაო!“

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი