მწყემსი და კოღო (იგავი)
(თარგმანი აკაკი წერეთლისა) მწყემსი ძაღლის იმედითა ჩრდილში მიწვა, მიიძინა და თურმე აქ, მის მახლობლად შხამიან გველს ჰქონდა ბინა. რომ შეხედა, დაიკლაკნა, მიაშურა სრიალითა, გესლიანის ორკაპ - ენით, სისინით და ტრიალითა. თუ ეკბინა საბრალოსთვის, გესლი სისხლში ჩაეცალა, მწყემსი იქვე სულს დალევდა, მაგრამ კოღომ შეიბრალა. მიაფრინდა მძინარს ცხვირში, შიგ ისარი გაუყარა, გაამწარა, მაგრამ ის კი სიკვდილისგან დაიფარა. ადგა, თვალი გაახილა, ჯოხს დაავლო იქვე ხელი, გადუქნია მომარჯვებით, ერთის დაკვრით მოკლა გველი. მაგრამ უმალ, სიმწარე რომ იგრძნო კოღოს მან ისრისა, ცხვირზედ ხელი სემოიკრა და კოღო ზედ მიისრისა. ამისთანა მაგალითი ბევრი არის ამ ცრუ სოფელს, როცა ძლიერს სუსტი ვინმე სასიკეთოდ თვალს აუხელს. ის, სიკეთის მაგიერად, მის მხსნელსა და მის მოკეთეს გასწირავს და უმალ მასვე, როგორც კოღოს, ისე გასრესს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი