შევარდენი და მატლი (იგავი)
(თარგმანი აკაკი წერეთლისა) შევარდენმა, მაღლა მფრენმა, ხის წვეროში მატლი ნახა, გაუკვირდა: „საიდან სადო?“ და დაცინვით გადმოსძახა: „ვინ იცის, თუ რა წვალებით ამოსულხარ ამ სიშორეს? მანამდე კი დაცოცავდი, ედებოდი ღობე-ყორეს. მაგრამ აქაც საშიშია, უნდა იყო მარად ფრთხილად; ქარმა თუ შტო შეარხია, გადაგისვრის ძირს ადვილად“. მატლმა უთხრა: „კი შეგშვენის ხუმრობა და ეგ სიცილი; მაგარი გაქვს რადგან ფრთები და ნავარდობ კმაყოფილი. მაგრამ აღარც მე ვარ უშნო! საგულესაც მაქვს მე გული და პატარა მაგარ შტოზე მარჯვედა ვარ მიტმასნული“. მაღლა ასვლა შესაძლოა სხვაგვარადაც, სულ სხვა წესით: ერთი ადის შევარდნის ფრთით და მეორე ცოცვა-ქლესით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი