ბუზი და ლომი (იგავი)


(თარგმანი აკაკი წერთლისა)


ბუზმა ლომი გაიწვია

საჭიდაო მოედანზე,

გაეცინა ლომს... შეხედა

და თავისთვის მიწვა განზე.


მაგრამ ბუზი არ მოეშვა,

ტრიალებდა, როგორც ჯარა, -

ხან აქ  ეცა, ხან იქ ეცა

პაწაწინა მეტიჩარა:


“თუ გულს გერჩის, გამობრძანდი

აქ მოედნის პირასაო,

ქამანდებს რომ ზედ მოგაყრი,

გადაგიყვან ყირასაო!”


გაუკვირდა ლომს და ბრძანა:

“რა თავს იგდებს სულელიო?

ცოდვას აუტორებია

სიკვდილისა მსურველიო!”


მიუბრუნდა, შეუტია,

მაგრამ ბუზმა არ აცალა,

უცბათ ცხვირში შეუფრინდა,

შეუძვრა და მიიმალა.


და ჩხიკინი რომ დაუწყო

დამშვიდებით, ნელა - ნელა,

ლომს მით თავბრუ დაახვია

და თვალები დაუბნელა.


აღრიალდა ლომი სიმწრით,

ხან ხტოდა და ხან გორავდა,

ბუზი მაინც ვერ გადევნა,

ტყვილად ცხვირ-პირს იტორავდა.


დაიქანცა, დაიღალა.

სიმწრით მისი დაემართა,

ბოლოს გული შეუწუხდა

და მიწაზედ გაიშხლართა.


გამოფრინდა მაშინ ბუზი

და ლომი რომ ისე ნახა,

“მე გახლავარ ფალავანი!”

სიამაყით დაიძახა.


და გაფრინდა ამპარტავნად,

მოინდომა თავის ქება,

მაგრამ გზაში ქსელი დახვდა

და უეცრად შიგ გაება.


გაექანა ობობია,

დაიჭირა ცოდვის შვილი,

და მაშინ კი სხვა კილოზე

მორთო ბუზმაც იქ ბზუილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი