ბაყაყი და ხარი (იგავი)
(თარგმანი აკაკი წერეთლისა) ბაყაყმა რომ საძოვარზე დაინახა ხარი, მეტის შურით და სიხარბით თავს დაეცა ზარი. მისი სიმსხო და სიმაღლე გულში ისრად ეცა. დაიჟინა: „ემოდენა უნდა გავხდე მეცა!“ გაიბერა, გაიგუდა, სიმწრით სული სძვრება; „შემომხედე, ყიყინაო!“ დობილს ევედრება. „ხარის ხელა ხომ მეცა ვარ?! აღარა მაკლია?!“ პასუხს აძლევს: „იმოდნობა ჯერ სად შეგიძლია!“ „მაშ, არც ეხლა? აბა, კიდევ შემომხედე ჩქარა! . . ახლა, ვგონებ, მეტიცა ვარ?“ „არა! არა! არა!!!“ არ ეამა დიდგულასა! შურმა გაამწარა, გასკდა ბერვით და წელები იქვე გადმოჰყარა. „მეტის-მეტი, ბრეტის-ბრეტი“ - ეს უთქვამსთ ჩვენს ძველებს, - „ვინც ზომაზე არა ჰყლაპავს, სიმწრით დაახველებს“.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი