მაიმუნი და სათვალე (იგავი)
(თარგმანი აკაკი წერეთლისა) მაიმუნმა სთქვა: „დავბერდი! თვალმა დამიწყო კლებაო, მაგრამ ამბობენ, ამ სენის შველაც კი შეიძლებაო. ადამიანსაც სიბერით ესევე ემართებაო, მაგრამ სათვალეს ხმარობს ის და აღარ ენაღვლებაო! თუ მეტი არა უნდარა, ეს ხერხი რა ძნელიაო? სათვალეების შეძენა ჩემთვისაც ადვილიაო!“ წავიდა, ერთის მაგიერ სადღაც ერთი ცხრა იშოვნა და მხიარული დაბრუნდა, ახლა მოვრჩიო, ეგონა. აიღო, სინჯვა დაუწო, გადადვა აქეთ-იქითა, ხან კუდზე წამოიცვა და ხან ყურზედ ჩამოიკიდა. თავზედ დაიდვა... ზედ დაჯდა... უსუნა... კიდეც უკბინა, მაგრამ არ იქნა, ვერ ნახა მისი ადგილი და ბინა. გაჯავრდა: „მეც სულელი ვარ, რომ ავყევ ქვეყნის ჭორებსო! ამგვარი სულელური რამ თვალს როგორ გაასწორებსო?“ და, გულმოსულმა, სათვალე აიღო, ქვას მიამსხვრია! როცა ვერა ვსცნობთ საგანსა, ჩვენშიაც ხოლმე აგრეა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი