ორი ჭკუა (იგავი)


 (თარგმანი აკაკი წერეთლისა)

 
ორი ბოჭკა მოგორავდა,

თითქო ერთმანეთის ჟინით,

ერთი იყო ცარიელი

და მეორე - სავსე ღვინით.


სავსე უხმოდ მოგორავდა,

წყნარად, მშვიდად, ნელა-ნელა,

მაგრამ ცარიელმა ბოჭკამ

გააკვირვა კი სუყველა.


მოხტოდა და ბდღვირს ადენდა,

ბუკ-ნაღარა, ბრახა-ბრუხით!

გამვლელები შეაშინა

მეტიჩრობით, ფახი-ფუხით.


ქუდს უხდიდნენ, თავს უკრავდენ,

გზას აძლევდნენ მოწიწებით,

„ბრძანდებაო დიდი ვინმე“ -

იძახოდნენ გაოცებით.


ამ ცარიელ ბოჭკას დარჩა

პირველობა, ქვეყნის ქება

და სავსეს კი სულ არავინ

მიაქცია ყურადღება.


ცხოვრებაშიც ასე არის:

პირველობა იმას რჩება,

ვინც რომ მხოლოდ გარეგნობით

სხვის თვალსა და ყურს ეჩრება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი