ლომი და თაგვი
(თარგმანი აკაკი წერეთლისა) ლომს უთხრა თაგვმა: "ბატონო! მხეცების დიდო მთავარო, სათხოვარი მაქვს და თქვენს წინ მუხლებმოყრილი ვდგავარო. "უსახლკარო ვარ, ღარიბი, დავეხეტები ობლადო და ნებას ვითხოვ, დავსახლდე აქ, სადმე თქვენს მახლობლადო! "რა დაგაკლდებათ მითი თქვენ, ჩვენ რომ მეზობლად დავდგეთო? ვინ იცის, ერთხელ როდისმე, ეგებ მეც გამოგადგეთო". ლომს გაუკვირდა და უთხრა: გეყოს ეგ თავის გდებაო! მე შენისთანა უძლური, აბა, რად დამჭირდებაო? რომ მეორედაც წამოგცდეს მაგგვარი სისულელეო, ვერ გადამრჩები ცოცხალი, ახლა კი თავს უშველეო!" შეშინდა პატარა თაგვი, რისხვა რომ გადაეცალა, მოჰკურცხლა კუდის ბზეკითა, წრიპინით გაიცანცალა. არ გაუვლია დიდ ხანს, რომ ლომი თოკებში გაება და თავს რომ ვეღარ უშველა, შექმნა ღრიალი, ვაება!.. და სთქვა: "ვაი, რომ ის თაგვი აქ ჩემთან აღარ არიო! ვერ გაუძლებდა მის კბილებს ვერც თოკი, ვერც ბაწარიო! მე ჩემმა მედიდურობამ გულზე ლახვარი დამასო! "ჩემზე უძლური რას მარგებს?" ნურავინ იტყვის ამასო!"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი