სვია (იგავი)
(თარგმანი აკაკი წერეთლისა) ერთ ბაღში, ღობის მახლობლად, თავი ამოჰყო სვიამა და ახლოს სარი რომ ნახა, გადაუხვია... იამა. ჩაეკრა, უსურვაზივით ეგრიხებოდა ნელ-ნელა, დაბლიდან შეჰყვა და წვერში შეჩერდა, გადუყელყელდა და უთხრა: „მადლი ბედს, გამჩენს!.. რა კარგი რამ ხარ საროო?! შენთან ვერ მოვა ვერც ე, ის, აგერ რომა დგას საროო! მართალი არის, ნედლია, ფოთლებში გახვეულიო, შტოებიცა აქვს და მაინც ვერ აქვს საგულეს გულიო. ხან ქარი ურხევს შტოებსა, თოვლი ძირს უხრის თავსაო; ჭექა-ქუხილის შიში აქვს, სეტყვისგან ელის ავსაო. და შენ კი მაგრად არჭვიხარ, არ ეპუები ავდარსო; ყოველ ხეს სჯობხარ სიკარგით, შენ შემოგევლონ სულ გარსო!’ ბევრი რამ უთხრა ამგვარი, გამოაყრუა ქებითა, და თანაც გარს ეხვეოდა თრთოლვით და მოწიწებითა. არ გაუვლია არც ერთ თვეს, პატრონმა სარი მოთხარა. და მის ადგილზე გადმორგო ბაღში საროს ხე პატარა. სწორედ ის, რომლესაც სვია ისე გულდაგულ ლანძღავდა. ხემ გაიხარა და მალე ფესვიც გაიდგა... აყვავდა. მიჩოჩდა სვია მასთანაც, როგორც პირმოთნე მსახური, შემოეხვია, დაუწყო იმასაც ქათინაური: „ძლივს, როგორც იქნა გვეღირსა თქვენი აქ მობრძანებაო! რომ მაგონდება ახლაც კი, აქამდი მეცინებაო, რომ თქვენს ადგილზე აქ ერჭო ერთი გამხმარი სარიო, უქერქო, უფშტო, უფოთლო, წოწოლა საზიზღარიო!“ ბევრი სხვაც უთხრა ამგვარი პირმოთნე სვიამ საროსა, რომ დააჯეროს როგორმე და თავი შეაყვაროსა. ჩვენშიც ბევრია ამგვარი გრეხია სვია-კაცუნა!.. ძაღლივით ჰგორვენ ყველას-წინ, თუ ხელი მოუცაცუნა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი