ძაღლი (იგავი)


(თარგმანი აკაკი წერეთლისა)


პატრონს ჰყავდა წუწკი ძაღლი,

მოვლილი და შენახული,

მაგრამ მაინც ვერ გაუძღო

მსუნაგს მისი ხარბი გული.


მაინც სული ხდებოდა მას

საქურდალს და საწუწკარში;

სტაცებდა პირს და გაჰქონდა

ნაქურდალი ჩუმად კარში.


ბატონი ძაღლს უწყრებოდა,

ხან დააბა, ხან აწვალა!

ვერას გახდა, სანამდი სხვამ

იმას ჭკუა არ ასწავლა:


„კაცო, ტყვილად თავს იწუხებ!

მაგასაც სისხლს ტყვილად ადენ!

რად დაიშლის ეგ ქურდობას,

თუ ნაქურდალს კი შეარჩენ?


ნუ სცემ! მხოლოდ ნაქურდალი

კი წაართვი, ნუ შეარჩენ!

და ნახავ, თუ იმ სენისგან

მაგ საცოდავს არ მოარჩენ?“


დაიჯერა რჩევა... მერე

ძაღლი აღარ გაულახავს,

და იმ ძაღლის ქურდობაც კი

აღარავის არ უნახავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი