ივანე მაჩაბელი (პირადი წერილები) გიორგობისთვე რვა


8 გიორგობისთვე, 1876 წ. ჰოჰენჰაიმი.
 `ორი კვირის მგზავრობის შემდეგ ძლივს დავბინავდი. დავბინავდი, მაგრამ ცალკე ჯავრი მაწუხებს თქვენი, რომ ეგრე უპატრონოდ დარჩით, ცალკე მარტოკაობა. ვერ წარმოიდგენ, საყვარელი დაო, რა ძნელი ყოფილა ესე უცხო ქვეყანას ჩამოვარდნა, სადაც ერთ სიტყვას ვერ გაიგონებს კაცი, რომელმაც პატარა გული მოულბოს, სადაც ყოველი სახე და ყოველი სიტყვა უცნობია და ვერაფერი ვერა მოაგონებს რა კაცს თავის სამშობლო ქვეყანას. სხვა ყოფილა კაცისთვის სამშობლოს ცის ქვეშ ყოფნა და უცხო ქვეყანას გადაკარგვა. ეხლა პატარა გულზედ დარდი მომეშვა, რომ შევიძელ შენთან ქართულად გამოლაპარაკება. ასე მგონია თამარაშენში ვარ და კიდევ შენ გელაპარაკები-მეთქი… მაგრამ დავანებოთ თავი ამ ქალურ წრიპინს, ისა სჯობს, რომ თვალწინ წარმოვიდგინოთ ის იმედი, რომ ორი წლის უკან კიდევ მეღირსება მანდეთკენ პირის გამობრუნება… ხშირად მომწერე ხოლმე წიგნი, იქნებ სთქვა, რომ აქ არაფერი ამბავი არ არის რა და რა მივწეროო: მაგას ნუ იტყვი, რაც უნდა წვრილმანი ამბავი იყოს, მაინც მანდაური ამბავი ჩემთვის საინტერესო იქნება.~

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი