დეკემბერი ივანე მაცჰაბელი (პირადი წერილები)
25 დეკემბერი. 1876 წ. `თუმცა რამდენიმე ასი და ათასი ვერსითა ვარ მოშორებული, მაგრამ ისე ხშირად მოგვდის ერთმანეთისგან წიგნი, რომ ვერც კი ვგრძნობ ამ დაშორებას. შენმა წიგნმა ცოტათი დამაღონა, რადგან გული დავაჯერე, რომ შენ მე კიდევ კარგად ვერ მცნობ. დარწმუნებული უნდა იყო, ძმაო, რომ მე იმ ანდაზას არ მივდევ, `საცა შეხვიდე, იქაური ქუდი დაიხურეო~. დარწმუნებული უნდა იყო, რომ აქაური სტუდენტობა თავის ჩირქს ვერ მომცხებს და პრანჭვას ვერ მასწავლის. ამ შენი უკანასკნელი წიგნიდან მივხვდი, რომ ჩემი აზრი აქაურ სტუდენტებზე შენ ფულის თხოვნად მიითვალე ტანისამოსისათვის. მე ეს სრულებით აზრად არა მქონდა. მე მხოლოდ იმიტომ გწერდი, რომ შენც გაგეცნო აქაურობა. ახლა ამას გთხოვ, რომ შენი ჭირიმე ჩემის გულისათვის ფულზედ ნუ შეწუხდები და ნუ გაიჭირვებ. რაც უსათუოდ საჭირო იქნება, იმას კი მე მოგწერ და ლაიკის ფერჩატკებს და ლაიკის პოლსაპოშკებს სჯობს თავი დავანებოთ. ცოტ-ცოტათი ამოვიდგი ენა ნემენცურად; საკვირველია, რომ პროფესორების ენა და ლექციები უფრო კარგად მესმის, სანამ სტუდენტების ერთმანეთში ლაპარაკი. ეს იმისგან წარმოსდგება, რომ წინდაწინ ცოტათი თეორეტიკულად შესწავლილი მქონდა ნემენცური ენა. მხოლოდ ერთი გარემოება მიშლის ნემენცური ენის სწავლას: სტუდენტებთან ლაპარაკი თითქმის მხოლოდ სადილის დროს შემხვდება ხოლმე; ლექციების დროს სადილზედ ჩემს სტოლზე სხედან ორი იტალიელი, ერთი ფრანცუზი და მარტო ერთი ნემენცი. ასე, რომ ჩვენი ლაპარაკი სადილად ნემენცურით, ფრანციულით და იტალიანურით აჭრელებულია. ეხლა ორი კვირით ლექციები შეჩერებულნი არიან უქმეების გამო, ჩემი ამხანაგები წავიდ-წამოვიდნენ, ასე, რომ სადილობის დროს ნემენცებთან შემხვდება ხოლმე ჯდომა; იმედი მაქვს, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში კარგად შევაჩვევ ყურს ნემენცურს… მართლა, უნდა მომეწერა, რომ სადილზე სტუდენტებს მგზავრობაზედ ჰქონდა ლაპარაკი და ყველას თავი მოჰქონდა, რომ მე ამა და ამ რკინის გზაზედ პირველ კლასში ვიჯექიო და მხოლოდ ცოტა ხნობით მეორე კლასში გადავჯექიო,_ მაგრამ შემეშინდა, არ იფიქრო, რომ მეც პირველი ან მეორე კლასით მინდა ამას იქით მგზავრობა!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი