აგვისტო ივანე მაცჰაბელი (პირადი წერილები)
22 აგვისტო, 1877 წ. `ეს ორიოდე დღეა პარიჟს მოვედი გერმანიიდან… მაშინვე მინდოდა მომეწერა, მაგრამ პარიჟი ისეთი ქალაქია, რომ სანამ კაცი რიგიანად არ დაბინავდება, სულ `დავთრებ-დაკარგული~ დადის და ამისთანა მდგომარეობაში წიგნის დაწერაც კი მოუხერხებელია. რასაკვირველაი, რაწამს მოვედი პარიჟში, მაშინვე ნაცნობის ვისიმე მონახვა დავიწყე და გავწიე ზარაფოვის საპოვნელად, რაკი ზარაფოვი ვერ ვიპოვე, იმავე დღეს გავექანე სხვა ადრესზე იზმაილოვის საპოვნელად. თუმცა იზმაილოვს არ ვიცნობდი, მაგრამ რაკი ქალაქელი იყო, იმედი მქონდა მასწავლიდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავ, რომ ჩვენი ჯიბის შესაფერი ოთახი და სადილები მეპოვა, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, სახლის პატრონმა მითხრა, რომ იზმაილოვი თბილისში წავიდაო, ამას გარდა, სახლის პატრონმა მითხრა, რომ მიქელაძე, წულუკიძე და სხვ. აქ, ჩემთან იდგნენო. ამის გამო მეც ამ დიასახლისს გამოვართვი ოთახი, რადგან დიდხანს ყოფნა გოსტინიცაში მემძიმებოდა მეტისმეტი სიძვირის გამო…… რაც შეეხება ლაბორატორიაში მუშაობას, ამაზედ დაწვრილებით ვერას მოგწერ, მხოლოდ კი მითხრეს, რომ თუ კერძო ლაბორატორიაში იმუშავებ რომელსამე პროფესორთან, 40 ფრანკამდე დაგჭირდება თვეშიო. აგრეთვე შეიძლება სტუდენტად ჩაეწერო სადმეო და მხოლოდ ერთბაშად შეიტანო 50 ფრანკამდე და ხიმიის ეგზამენის დაჭერის შემდეგ აიღო ნება ლაბორატორიაში მუშაობისაო. შენ რომ მწერდი ოსმალეთის საქართველოზედ კომპილაცია შეადგინე და `ნაშ ვეკს~ გამოუგზავნეო, ეს საქმე სამი კვირეა შევასრულე, მაგრამ პასუხი არ მომსვლია, კარგი იქნებოდა, რომ დაებეჭდათ, მაშინ შეიძლებოდა აქედანაც კორესპონდენციები მეგზავნა, თუ რედაქცია მოინდომებდა, და ფულის სხვა წყარო გაგვეჩინა, მაგრამ პასუხი არ მომსვლია. ამ დაგვიანებიდან სჩანს, რომ არაფერი იმედია ამ მხრიდან. პეტერბურგის ჟურნალისტებს კასტა აქვთ შედგენილი და ვინც იმათ კასტას არ ეკუთვნის, ძნელად თუ შესძლებს დააბეჭდინოს რამე. მეორე წიგნში დაწვრილებით გიამბობ, თუ რა ვნახე შესანიშნავი ამ ზღვა ქალაქში…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი