მარტი ივანე მაჩაბელი (პირადი წერილები)


20 მარტი 1878 წ. პარიჟი. `საყვარელო ძმაო ვასო… შენს სახეს დავხედე თუ არა, მაშინვე ვთქვი, უწინდელი წუწუნი და ბედზე ჩივილი შარშანდელს თოვლსავით გამქრალა-მეთქი და ვიდრე შენს წიგნს წავიკითხავდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ იმაში იმას ამოვიკითხავდი, რაც ამოვიკითხე: იმავე მხიარულებას, იმავე გულმოდგინებას და `იმავე საქმიანს უდარდელობას~, რომელიც შენს სახეზედ იყვნენ დაწერილნი. ერთის სიტყვით, შენმა სახემ დამიმტკიცა შენი წიგნი და შენმა წიგნმა შენი სახე, ამ სიამოვნებას მიუმატა კიდევ იმ ამბავმა, რომ ბეჯითად მპირდები პარიჟში მოსვლას, სადაც თუ შენებური დონჟუანობა დაიწყე, წინდაწინვე მომილოცავს გამარჯვება, მეტადრე თუ ჩერქეზული ტანისამოსის წამოღება არ დაგავიწყდა. როგორც წინა წიგნში გწერდი, მეც იმედი მაქვს, აგვისტოსთვის დავბრუნდე პარიჟში. მინამდისინ კი ჯერ დარწმუნებით ვერ მოგწერ, სად ვიქნები. დღეს მივწერე ორი წიგნი ფერმე-ლეკოლეს დირექტორებს, რომ შემატყობინონ იქაური პირობები… თქმა აღარ უნდა, რომ იმ დირექტორებს მივწერე წიგნები, რომლებშიაც ვენახის და ხილის უმთავრესი ყურადღება არის მიქცეული… იმ დღეს შენგან მოწერილ წიგებს ვათვალიერებდი და ვკითხულობდი და ვკითხულობდი იმას, რაც ჩვენს კოპწია სახლ-კარს შეეხებოდა… ეხლაც თვალწინ წარმოდგენილი მაქვს, რა მშვენიერი იქნება ჩვენი კარ-მიდამო, როდესაც ეს ხეხილი წამოიზრდებოდა. თუ სამოთხე დაერქმეოდა რასმეს. ეს სახელი მაშინ ჩვენს სახლ–კარს მოუხდებოდა. ძალიან მეამება, რომ ილია ჭავჭავაძის ლექსი როგორმე გამომიგზავნო. დიდი ხანია, ქართული არა წამიკითხავს რა

Rate this:

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი