,,საუცხოო ფერები,,


მე გავქროლდი ზღვის ქარებში
და ვემთხვიე სილაჟვარდეს,
ციურ დასებს  მივებარე
შორს გავყევი ნიაგარებს

და მომესმა ხმა ვედრების
განწირული ზამბახების,
ცად ვარსკვლავნი აელვარდნენ
დაეფინნენ,ზღვას მნათები.

ვხედავ,მიწა ობოლოა
ლურჯ სხივებში ნაელვარი,
ციურ დასებს უომიათ
ბურუსივით ჩანს მწვერვალი.

და მეც მწუხრად ავმღელვარდი
გავეხვიე ლურჯ ფერებში,
თუმც შევნიშნე შორი ვარდი
მივეახლე მას ფერებით:

-გთხოვ მითხარი,თუ რას ნიშნავს
ზურმუხტთა ფრთა ზღვებს რომ ფერავს
და ლაჟვარდში ნიავ ქარი 
სულს რად აჩენს,ფერად ფერადს.

გთხოვ მითხარი,ნიაგარი
ციდან ქარებს რა გზიდ აჩენს
ან სულს ეულს,მთლად არეულს
ქროლვით,საით მიაქანებს?-

-ქროლვით საით მიაქანებს?!-
ხმა გაისმა,თითქოს ქარის,
სულმა თავს რომ ზღვებს აფარებს
ტყვე გამხადა,ნიავქარის.

და შევნიშნე ცაზე ვარდი
ლურჯ სხივებში გახვეული,
მზის ფერებში მსუბუქ ვარდნით
ზღვაც შეიქმნა არეული.

-შენ არ იცი!შენ არ იცი!
სულს რა ქარი ეომება,
შენ არ იცი,რა ძალა ცრის
იმ სხივს,ზღვას რომ ეამება.

შენ არ იცი რა ვნებაა
ლურჯ სხივებში ლექსის წერა,
ზამბახიც ხომ იფერება
მზეს ლურჯ ფერად ეფერება.-

და შევნიშნე ცაზე გედი
ლურჯ სხივებთან ნაომარი,
ლაჟვარდებთან ფრთის შეხებით
ცაც ვიგრძენი,საოცარი,

თან ვიხილე ზღვის ქარები
ლურჯ ფერებში განბანილნი,
ქართა დასებს მივებარე
გადავკვეთე ის მანძილი

სადაც უწინ ელვარებდა
მწუხარება,სილაჟვარდე,
კვლავ დამიპყრეს მწვერვალებმა
ზურმუხტებმა,ზღვით დამბადეს.

ზეცა არის შენთვის ფრთები
ლურჯ ფერებში რომ საუბრობს,
ზურმუხტთა ფრთებს ეფერები,
მოიპოვებ შორს საუფლოს.

უფალს მუდამ ეყვარები
არ მოგაკლებს ნიავ ქარებს,
ჩაივლიან ლაჟვარდები
მზის სხივები ფრთით გატარებს.

გრიგალმა ხელთ აგიყვანა
და ემთხვიე იმ ანბანებს,
რაც ვერ იცნო იმ მავანმა
სულს,მიწას რომ მიაბარებს.
/ კახა გორგაძე/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი