როცა ადამიანი ბრბოდ იქცა


დღეს ქუჩაში რომ გაიხედო და ადამიანს თვალებში ჩახედო — ძნელია იქ სული იპოვო. ძნელია გრძნობების ამოცნობა. თითქოს ყველაფერი გაქრა: გულწრფელობა, სითბო, თანაგრძნობა… რაც ოდესღაც ბუნებრივად გვქონდა, დღეს უკვე უცხოა. ქართველმა ადამიანმა დაკარგა თავისი სახე — არა ის, რაც სარკეში ჩანს, არამედ ის, რაც სულის სიღრმეში სახლობდა.

ვცხოვრობთ დროში, სადაც ყველაფერს ფასადი აქვს. ქუჩაში ადამიანი რომ გაგივლის, ვეღარ ხვდები — ადამიანი მიდის, თუ მხოლოდ სხეული, რომელსაც აღარაფერი სწამს. სული გაქრა. და როცა სული ქრება, იქ ბრბო ჩნდება — უმისამართო, უპასუხისმგებლო, და რაც ყველაზე საშიშია — ადვილად მანიპულირებადი.

დავკარგეთ უნარი, ვიგრძნოთ ერთმანეთის ტკივილი. აღარავინ ფიქრობს, ვინ შიმშილობს, ვინ სიცივეშია, ვინ დათრგუნულია. მთავარია, მე გადავრჩე. ჩემი თავი იყოს მშვიდად. ეს ეგოისტური ფსიქოლოგია ფესვებივით არის გადგმული ჩვენს ყოველდღიურობაში. ხალხის სახე დაიკარგა და მასა მივიღეთ — ხმაურიანი, მაგრამ უტყვი; მოძრავი, მაგრამ უმისამართო.

ამ ყველაფრის ფონზე კი უხილავი ხელები მოქმედებენ — ისინი, ვინც ჩუმად გვცვლიან. ისინი, ვინც გვამეგობრებენ მტერთან და გვადანაშაულებენ ერთმანეთში. ისინი, ვინც გვეუბნებიან, ვის უნდა ვუყვიროთ და ვის უნდა ვუთმინოთ. და ამას ისე ოსტატურად აკეთებენ, რომ ეჭვის შეტანასაც კი სასაცილოდ მოგაჩვენებენ.

და მაინც, ბევრს თუ სურს ამ თამაშიდან გამოსვლა? არა. რადგან ეს თამაში უკვე მათ ცხოვრებად იქცა.

პოლიტიკაც თითქოს პოლიტიკა აღარ არის. აზრი არ აქვს მას . დარჩა მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლა. სცენარი სხვაგან იწერება, ჩვენ კი უბრალოდ როლებს ვასრულებთ — ზოგი მსახიობია, ზოგი მსხვერპლი. უკან ფარდა რომ გადაიწიოს, იქ დიდი და ბნელი ჩრდილი დგას — დიდი ქვეყანა ჩრდილოეთით, რომლის ჩრდილიც ჩვენთან მზეს ბინდავს.

და მაინც, ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ ადამიანმა — ქართველმა ადამიანმა — სიყვარული დაკარგა. არა ის სიყვარული, რაც სიტყვებით გამოითქმის, არამედ ის, რაც თვალებში ჩანდა და გულამდე მიდიოდა. სიკეთე — ძველმოდურ სიტყვად იქცა. მასზე საუბარიც კი სირცხვილად ითვლება.

და მაინც, სწორედ ეს უნდა გვაფიქრებდეს — როგორ დავუბრუნდეთ ადამიანობას? როგორ დავიბრუნოთ ის, რაც ქართველად გვაქცევდა და არა უბრალოდ საქართველოში მცხოვრებ არსებებად?

შეიძლება გვიანაა. მაგრამ იქნებ ჯერ კიდევ არაა გვიანი.

სანამ დროა — უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანები ვართ.
-----
გ. კ.  - 6 აპრილი 2025 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი