სიყვარული, რომელიც აღარ არსებობს


დღეს სიტყვა „სიყვარული“ ისე ხშირად გვესმის, რომ თითქოს უკვე არანაირი ფასი აღარ აქვს. წყვილები ერთმანეთს „მიყვარხარ“-ს ეუბნებიან, მაგრამ ხშირად ეს სიტყვა იაფფასიანი დაპირებებივით ჟღერს — ლამაზი შეფუთვა, რომლის შიგნით სიცარიელეა. სიყვარულის გრძნობა დღეს იქცა დეკორაციად, რომლის უკან მხოლოდ დროებითი ემოციები, ფიზიკური ლტოლვა და ხანდახან — მატერიალური მოგება იმალება.

ადამიანები ერთმანეთს არ არჩევენ გულით. ისინი არჩევენ გარეგნობით, სტატუსით, ფინანსური შესაძლებლობებით. ისინი არჩევენ იმით, თუ როგორ გამოჩნდებიან სხვების თვალში. სიყვარული კი, რომელიც უანგაროა, რომელსაც არაფერი სჭირდება — მხოლოდ ყოფნა და გრძნობა — დღეს უმწეოდ გადის სცენიდან.

და ისინი, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა ამ სიყვარულის, სწორედ ისინი ტკივილით ცხოვრობენ. ისინი ტანჯავენ საკუთარ თავს იმედებით, რომლებიც ხშირად არ მართლდება. ისინი სიყვარულს მღერიან, მაშინ როცა სხვა მხოლოდ სარგებლობს მათი გრძნობით. სამწუხაროდ, დღეს ხშირად ხდება ასე — ვისაც გულწრფელად უყვარს, ის ტირის. ვისაც თამაში უნდა, ის იცინის.

ამ თაობამ ვერ შეინარჩუნა სიყვარული. ანდაც არ დაუფასებია. ყველაფერი იცვლება სისწრაფით, ადამიანები ერთმანეთს ჩაანაცვლებენ ისე, თითქოს ნივთებს ცვლიან. არავის ეშინია დაკარგვის, რადგან ყველას ჰგონია, რომ „მეტი ყოველთვის გამოჩნდება“. ასეთ სამყაროში როგორ იარსებებს ნამდვილი გრძნობა?

ადამიანები ერთმანეთს აღარ სცემენ პატივს. აღარ უსმენენ, აღარ ესმით ერთმანეთის. აღარ აინტერესებთ, როგორ გრძნობ თავს — მთავარია, მათ კომფორტს არ არღვევდეს შენი ტკივილი. უბრალოდ მიდიან, თუ აღარ „ფუნქციონირებ ადეკვატურად “. თითქოს შენ ხარ დამნაშავე, რომ გულით შეგიყვარდა ის და არა საფულეთი ან სხეულის ფორმით.

ხშირად ვფიქრობ, რომ არასწორ დროს დავიბადე. იმ დროში უნდა მეცხოვრა, სადაც ადამიანები გულით უყვარდათ — არა სიტყვებით, არამედ ჭეშმარიტი გრძნობით. იქ, სადაც სიტყვა „ერთგულება“ ჯერ კიდევ თავის ნამდვილ მნიშვნელობას ატარებდა. იმ ეპოქაში უნდა ვყოფილიყავი, როცა ფურცელზე დაწერილი წერილი ათას მოწონებაზე მეტი ღირდა.

ახლა კი, იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ ცდილობენ ნამდვილი სიყვარული შეინარჩუნონ — ამათ უბიძგებენ, თავი „სუსტი“, „უიღბლო“, ან „არაპოპულარული“ იგრძნონ. და მაინც, ყველაზე ძლიერი სწორედ ისინი არიან — ვინც არ გაცვალეს გრძნობები მოდაზე, სხეულზე ან ფულზე.

და მიუხედავად ამ ყველაფრისა — მე მაინც მჯერა, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს. ალბათ ცოტანი დარჩნენ, მაგრამ არიან. ისინი არ ტოვებენ ერთმანეთს, როცა ცხოვრება რთულდება. არ კარგავენ სიყვარულს, როცა სიღარიბე მოდის. არ იბრუნებენ ზურგს, როცა გრძნობებს ზრუნვა სჭირდება.

მათ არ ეშინიათ თავის გაცემის.
-----
გ. კ. - 6 აპრილი 2025 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი