ველად გამჭერი ჩემო ბატონო


ველად გამჭერი ჩემო ბატონო, 
იქ წამიყვანე სადა მტერია,
 ჩემო უფალო შენ დამიფარე, 
შენ შემოგწირე დიდი ძღვენია. 

ველად გავიჭრათ გავმართოთ ბრძოლა, 
და ვასახელოთ წინაპართ სული, 
მსხვერპლი შევწიროთ და ვისახელოთ, 
და გავაღვიძოთ ჩვენი წარსული. 

მე შიში არ მაქვს დამარცხებისა, 
რადგან ჩემთან არს ჩემი უფალი, 
მიწა ქართული ძილში ჩაფლული, 
იქნება ამ დღეს თავისუფალი. 

ციდან მოგვესმის მამათა ხმები, 
შიში გაგვიქრა დამარცხებისა, 
და ზესკნელის დიდებულ კართან, 
ჩვენი მამები შვილებს ელისა. 

დღეს ჩვენ ვგრძნობთ ზუსტად იმავეს, 
რასაც მამები ათასი წლის წინათ, 
და მოვუხმობთ წინაპართ სულებს, 
მათ ვისაც ჯერ კიდევ ღრმად სძინავთ. 

რწმენავ გაფრინდი გაიარ მთები, 
არ შეჩერდე გაკვეთე ზღვები, 
მზედ იქეცი ჩვენს წმინდა ცაზე, 
სიბრძნე მოიტან ამ ქვეყანაზე. 

ხმალს შევღებავთ ისევ წითლად, 
სულებს თაყვანს ვცემთ ისევ წმინდად, 
ჩემო უფალო გააღე კარები, 
სხვა უფალს მე არ მივეკარები.

სამშობლოს ორი ათასი წელია სძინავს, 
თეჯისში დიდი მენჰირი გმინავს, 
არმაზციხიდან ცეცხლი ამოდის, 
და იახსარი ჩვენთან ჩამოდის.

ველად გამჭერი ჩემო ბატონო, 
იქ წამიყვანე სადაც მტერია, 
იქ, შორს, სადაც ისინი ჩვენზე, 
დღემდე დამცინავ სიმღერებს მღერიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი