აპრუწუწუ


აპრუწუწუ ერთი კუზიანი კაცი იყო, ჩვენი სოფლის ბოლოში ცხოვრობდა. ორსართულინი სახლი ჰქონდა, მორყეული კბილივით ცალ მხარეს გადაღრეცილი, სულ მეგონა, აი ერთ ღამითაც წამოუბერავდა ქარი და დამარცხებული მოჭიდავესავეთ დააგდებდა ზურგზე. იყო კიდევაც ხშირად ქარიანი ღამეები, სონიკოს სახლს სახურავი მოხადა და იპოვნეს მიშას ეზოში, ჯემალის ტირიფის ხე ძირიანად მოთხარა და ჩაკეტა გზა, ალეს ეზოს ჭიშკარი მოგლიჯა, აპრუწუწუს სახლი კიდევ იდგა ისევ ძველებურად, გვერდზე გადახრილი, წელკავიანი კაცივით გადაგრეხილი.
ვერიდებოდით ბავშვები მის სახლს. რაღაც მისტიკური იგრძნობოდა. ლიანდაგების გადაღმა იდგა მარტოხელა სახლი და პატრონიც ასე ცალად დაიარებოდა ქვეყანაზე. ახალგაზრდობაში კი ჰყოლია ცოლი, ქალღმერთივით ლამაზი და სატანასავით მაცდური იყო, ის შეჩვენებულიო,- მეტყოდა ხოლმე პაპაჩემი. ზამთრის ერთ ბნელ ღამეში იგრიალა თოფმაო და მერე მთაში ჩამოსული ნისლივით მოედო საშინელი ამბავი სახლებსო, მოუკლავსო აპრუწუწუს ცოლი. მძინარე ქალისთვის გაუხვრეტიაო კეფა.
არც დამალულა და არც გაქცევა უცდია. იჯდაო იატაკზე, კარს უკან და მუხლებზე ედო თოფი, მეზობლები რომ შევედითო. ადგილზე გათავებულა თინია. მკვდარიც კი, ტვინგასხმულიც კი, ისეთი ლამაზი იყოო. შიშველი დაგვიხვდაო მიცვალებული, თვალდახუჭული, აღარ უჩანდა გაზაფხულის მდინარესავეთ უხავსო თვალებიო,- მიყვებოდა პაპა და მერე უფრო თავისთვის, ვიდრე ჩემთვის ამბობდა:
მაშინაც ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, ღუმელში ცეცხლი მინავლებულიყო. მაგიდაზე ძირზე არაყჩაგუბებული ბოთლი იდო და კიდევ პირმოტეხილი ჭიქა. იქვე ტახტზე იწვა. პირი ებრუნა გამურული კედლისკენ. ზურგზე კი თმა ეყარა, ცეცხლისფერი. ასეთ ქალებს მთაში ალებს უწოდებდნენ, ჩვენში კი ქალები ჭორებს ავრცელებდნენ სატანის მოციქულია, კუდი აქვსო, პატარა, ფაფუკი, ჟანგისფერი. მე კი არ ვიცოდი, სატანის იყო თუ ღვთის, მაგრამ როცა ჩაივლიდა წყაროსკენ, თეძოზე შემოდგმული სარეცხის ლეგენი, ქრებოდა ტალახიანი შარაც, გასარეცხი თეთრეულიც, ქრებოდა ლერსებიც და რჩებოდა მხოლოდ თინია და ფასი ეკარგებოდა სამყაროში ყველა ქალს. და სულ მჯეროდა, რომ ის ღამე იშლიდა წელზე დაფენილ ნაწნავებს და მხოლოდ ღამე იყო მისი სამოსელი. და იწვა, კედლისკენ გადაბრუნებული, თვალდახუჭული, ბაგე გახსნილი, გაზაფხულის ცვრიანი დილასავით ნაზი და აღელვებული ტალღებივით ვნებიანი. იწვა წელს სწვდებოდია ცეცხლისფერი თმა და ჯერ კიდევ თბილი სისხლი ეალერსებოდა ახავერდებულ კანზე. მერე გადმოვაბრუნეთ...
აპრუწუწუსი შურდა სოფელში ყველა კაცს, მის ბედს შენატროდნენ. ახლა კი ეს მთავარი განძის მფლობელი იჯდა სრულიად გულგრილი სახით, ედო მუხლებზე თოფი და უშფოთველად აბოლებდა თუთუნს, თითქოს სულაც ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა მის სახლში, არც კი ვიცი, გვამჩნევდა თუ არა.
არც მაღალი ეთქმოდა აპრუწუწუს, მაგრამ მარცხენა მხარზე ამომხტარი კუზი, კიდევ უფრო აპატარავებდა, აჩიავებდა. მუდამდღე თევზის სუნი ასდიოდა, მყრალი თევზის, ჭაჭის არყისა და თუთუნის მძიმე სუნი დაჰქონდა. დადიოდა კუზზემოგდებული ანკესითა და ყალიონით ხელში. დადიოდა და დაჰყვებოდა ათასი ავი თვალი. დაინახავდი და ის ქალი გახსენდებოდა, არამიწიერად ლამაზი და ისეთი ალისფერი, ნაკვერჩხლებივით ანთებული თვალებით. აგიზგიზებული, აღელვებული. არავის ესმოდა, რატომ იყოფდა სარეცელს მეთევზესთან, ვერავის გაგვეგო რა ხდებოდა მათ ოჯახში. კარჩაკეტილად ცხოვრობდნენ. აპრუწუწს არავინ ელაპარაკებოდა, ერთი თუ მიესალმებოდი და ეგ იყო და ეგ. თინია კიდევ მხოლოდ იღიმებოდა, არც კი ვიცოდით შეეძლო თუ არა საუბარი. არც არავისთან მიდიოდნენ სტუმრად, არც თავისთან ეპატიჟებოდნენ ადამიანიშვილს. ერთი დაგოჯილი, ყავისფერი ფინია ჰყავდათ და წითელი მამალი. როცა თინია წყაროზე მიდიოდა, ორივე უკან მიჰყვებოდა.
დედაკაცები ხმებს ავრცელებდნენ, ადამიანები არიანო, ცხოველებად აქციაო თინიამ. ალქაჯია და ათასი წამალი იცისო. წამალიც და ჯადოცო. მისი მორჩენილი არავინ მინახავს, არავისთვის უწამლია მისდღემში და ჯადო კიდევ, კი იცოდა. რომ ჩაივლიდა სხვა ქალებივით ქვემოდან კი არ ამოგაპარებდა მზერას, ასე ჯიქურ ჩაგაშტერდებოდა თვალებში. გაუფართოვდებოდა გუგები და ისე გაგიღიმებდა, გულღიად, შიგნიდან, თითქოს კბილები კი არ გამოუჩნდა, მილიონი ჩირაღდანი აინთოვო ერთბაშად და გაგინათაო რაღაც სხვა სამყაროსკენ მიმავალი გზა. მერე ჩაივლიდა და უცბად ჩამოღამდებოდა და ხელის ცეცებით გიწევდა მთელ დღეს სიარული, ედებოდი ღობე-ყორეს, ვეღარც გზა გეპოვნა და ვერც სიტყვა.
ათას ჭორს და მართალს ამბობდნენ თინიაზე. არავინ იცის მტყუან-მართალი. თოფი გავადა თუ არა, თქვა ჩემმა ქალმა, მიუსწრებდაო ვინმესთან, აეს პაჭუა ცხვირი მომაჭერი თუ ასე არ იყოსო. ეგ ისეთი იყოვოოო. ჰოდა, მოვიდნენ პოლიციიდან. შეიარაღებულები, ფრთხილად შემოაღეს კარი, ქვრივი კი ისევ გაუნძრევლად იჯდა იატაკზე და ახლა უკვე ცარიელ ყალიონს ატრიალებდა ხელში.
კურდღელი მეგონაო, განუცხადა სასამართლოს აპრუწუწუმ. შველი მაინც გეთქვა, შე კაი კაცო, ეს ანგელოზივით ქალი, კურდღელი როგორ გეგონაო, გაუკვირდა მოსამართლეს, რომელიც კაცი იყო, თორემ ქალი რომ ყოფილიყო, ალბათ კითხავდა, მგელი სად იყოვო იმ დროს, გაგექცაო?
მოკლედ, როგორც იყო, ჩასვეს საგიჟეში აპრუწუწუ. არა და მაგას სიგიჟის არაფერი ეცხო. ისეთი საღად მოაზროვნე იყო, ბარე ბევრს რომ შეშურდება, მაგრამ ვერ გადაარწმუნეს, ვერ გადაათქმევინეს, კურდღელი მოვკალიო, რა თქვენ არ გინადირიათო? ჩავუსაფრდი, ამოვიღე მიზანში და ბრაახ - შიგ კეფაში მოხვდაო. კარგი მიზანი მაქვს მე, ბატონო მოსამრთლევ, შენ ასე კი ნუ მიყურებო, პატარა კია, მაგრამ არამც და არამც ადვილი მოსახელთებელი არ გეგონოსო კურდღელი. ისეთი ცქვიტია, ისეთი ყურები აქვს, ააა ასე, ხელები მიიდო ყურებთან და სკუპ-სკუპით გაიარა დარბაზი,- ყვებოდა პაპა.
იყო ერთ ხანს გამოკეტილი და გამოუშვეს მერე. მაშინ 50-ისაც იქნებოდა სოფელში რომ დაბრუნდა. ახლა კიდევ უფრო მაგრად გადარაზა კარი. ახლა კიდევ უფრო შორიდან ვუვლიდით გვერდს მის მორყეულ სახლს. ძველ საქმეს დაუბრუნდა, თევზაობდა. გაივლიდა დილაობით კუზზე მოგდებული ანკესით და გამოივლიდან საღამოხანს ბადეში აფართხალებული თევზებით.
კაცი ვერ იტყვის, ვინმესთვის ეწყეინებინოს. არც სალამი შეშლია და რამდენჯერმე ქილერა ვალიკოსა და ლოთი ემასთვის თევზიც მიუწოდებია. მარო ამბობდა, შევნიშნე მზიან ამინდებში თინიას ტანსაცმელი გამოეტანა ეზოში და ანიავებდაო, ისე სათუთად უსვამდაო ხელს, ისე ეფერებოდაო. . .
ბოლო დროს სულ უფრო იშვიათადღა დაინახავდით აპრუწუწუს, სათევზაოდ მიმავალს. მოტყდა, დაუძლურდა. მერე მოიბა წელზე ქვა და გადაეშვა მდინარეში ხიდიდან.
სოფლის განაპირას ისევ დგას მორყეული კბილივით გადახრილი სახლი. ხალხს კი ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია, თინიასა და აპრუწუწუს ამბავი.
-მაინც რა იყო, პაპავ, ჰაა? ვითომ გიჟი იყო აპრუწუწუ?- ვკითხე ერთ საღამოს.
ივანემ შებერებული თვალებით გახედა მდინარეს. მერე მგონია, თინიას ცეცხლისფერ თმაზე ფიქრობდა, მის ღიმილზე, თვალებზე...
-არა, ჭკვიანი იყო აპრუწუწუ, ძალიან ჭკვიანი,- თქვა დარწმუნებით.
-მაშ რატომ მოკლა ცოლი?
-ეჰ, შვილო, ვინ იცის შენც მოგეკლა ცოლად თინია რომ გყოლოდა.
-აბა არ ღალატობდაო?!- გამაკვირვა პაპაჩემის სიტყვები.
-არც ღალატობდა და ძალიან კარგი ცოლიც იყო და, როგორც ჩანს, ვერც აპრუწუწუს გაეგო რა უნდოდა ასეთ ქალს მის საწოლში. იქნებ კიდევაც დაიჯერა ქალი კი არა ალიაო და ათასი სიცოცხლე აქვსო. ახლა რაღას გავიგებთ.
მერე გაჩუმდა. მეც ჩავფიქრდი. არასრულფასოვნების კომპლექსი თუ ჰქონდა-მეთქი მეთევზეს, ვფიქრობდი.
-ხან კიდევ რას ვფიქრობ იცი? - შემაწყვეტინა ფიქრი ივანემ,- შეიძლება სიყვარულისთვის ქნა.
-რისთვის? - ახლა კიდევ უფრო ავირიე.
-რისთვის და... აბა, ბიჭო, თინიას მსგავსი ქალის დაბერება და ისე უბრალოდ სიკვდილი შეიძლებოდა?! აუცილებლად შიშველი უნდა მომკვდარიყო, ზამთრის ყველაზე ბნელ ღამეში და სამუდამოდ დარჩენილიყო ხსოვნაში, გათქვირული ძუძუსთავები, ხავერდივით კანი და ალისფერი, წელზე დაფენილი თმა. ასეთი სიყვარულის ქალღმერთივით უნდა შერჩენოდა ხსოვნას, რომ მერე ყველა ქალი მისთვის შეგედარებინა და ტოლი ვერ გეპოვნა. ჭკვიანი კაცი იყო აპრუწუწუ, ჯერ ხომ მაშინ აგვიგდო მასხარად ყველა, სოფელში რომ მთის წყაროსავით ჩამოატარა და გულში ღვარ-ცოფი დაგვიტოვა და მერე კიდევ მაშინ დაგვცინა, როცა ისე უბრალოდ მოკლა, აქაოდა კურდღელი იყოო და სხვა არაფერი, თქვე პატარა ადამიანებო, ეს თქვენთვის იყო დედოფალი, თორემ მე კურდღელზე მეტად არც კი მიმაჩნდაო.
......
ყველა სოფელს აქვს თავისი ლეგენდები, ჩემს სოფელსაც. დგას განაპირას, ლიანდაგებს გადაღმა კოჭლი სახლი. კიბეს საფეხურები ჩამტვრევია. დროს გადაუთელია ხის მესერი. აბალახებულა ეზო უპატრონო სასაფლაოსავით, შეუღია ქარს სახლის კარი და ბნელ ღამეებში ჭრიალი კვნესასავით ედება სოფელს. ამბობენ, ზამთრის ღამეებში დადისო ოთახებში შიშველი თინია და კაცებს ეძახისო, მოფერებას ითხოვოს. იმასაც ამბობენ, აპრუწუწუს ძაღლივით ჰყავსო მიბმული თინია კაკლის ხეზე და აიძულებს იყეფოსო. სხვებმა თქვეს, ის წითელი მამალი და დაგოჯილი ძაღლი, თინიას სიკვდილის შემდეგ რომ აღარავის უნახავს, ცოცხლდებიანო ღამ-ღამობით და მათ წინ დამხობილი ლოცულობსო მკერდმოღერილი ქალი.... დღესაც გვერდს უქცევენ აპრუწუწუს სახლს ბავშვები, ერიდებიან მის სიახლოვეს თამაშს. რა უნდა ლეგენდის დამსხვრევას, ერთ ბნელ ღამეს აელვარებული კვარით უნდა შეაბიჯო სახლში და კუნჭულ-კუნჭულ დაძებნო სიცარიელე.
მე რატომ არ ვაკეთებ ამას? არა, შიში რა მოსატანია, ყველა სოფელს სჭირდება თავისი ლეგენდა, ჩემსასაც მათ შორის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი