თაია და მხატვარი
მხატვარს, რომელსაც შეშის მჭრელივით ძლიერი და დიდი ხელები ჰქონდა, რა ხანია მიეტოვებინა ტილო. ოთახის შუაგულში იდგა და სიცარიელეს შეჰყურებდა. ძლიერი მხრები ჰქონდა, ძველ დროში ის მებრძოლი იქნებოდა, გლადიატორი. თაიამ თითქოს წარმოიდგინა კიდევაც რომაელი, თეთრ ტილოში გამოხვეული თეძო... ცხიმისგან მზეზე აპრიალებული ყავის მარცვლების ფერი კანი... თვალები... თვალებში ჩახედა: თბილი, ოდნავ სველი მზერა ჰქონა, სევდის ნაკვალევი იყო თუ ღიმილის, რომ ვერც გაარკვევდი. შეღამებისას ჩამომდგარი ბინდივით მუქი და უძირო. გათბა. არა, ამ თვალების პატრონი არ იბრძოლებდაო, განა ვერ, არაო,-უთხრა გულს. ოთახში სიგარეტის კვამლი მთაში ჩამოსული ნისლივით დაცურავდა. დაბალჭერიანი იყო, რძიანი ყავისფერი კედლებით. ხატვისთვის შეუფერებელი ბინდი მიტმასვნოდა ნივთებს. ოთახის შუაგულში სავარძელი იდგა, ოდნავ შელახული, მოძველებული. გვერდით კი პატარა, ხის მრგვალი მაგიდა, რომელსაც აქა-იქ ზედაპირი დაჰკაწვროდა. სიგარეტის ნახევრად გახსნილი კოლოფი, ნამწვავებით პირთამდე ავსებული ჭაობისფერი საფერფლე და ყავის ფინჯანი - ზამბახისფერი, შავში გარდამავალი, ჩამრგვლებული, პუტკუნა. თაიას ისევ ხელებისაკენ გაექცა მზერა. ალბათ, უნდოდა წარმოედგინა ეს ფინჯარი თითებში მოქცეული. მხატვარს სევდისფერი პიჯაკი ეცვა, რუხი, როგორც უსიზმრო ღამე და შავი პერანგი, რომელსაც გული თუ მკერდი ვერ გუობდა. ერთი ხელი კეფაზე შემოედო, მეორე ხელის თითებში სიგარეტის თითქმის ჩამწვარი ღერი ჩაკარგულიყო. თბილი ხელები ექნება მხატვარს. ჩემს გაყინულ თითებს მუჭში მოიქცეს და მომინდება, დავხუჭო თვალები და სამყარო იყოს მხოლოდ ჩემი,- თქვა თაიას გულმა. მერე მოლბერტის კიდეზე ჩამოჯდა და თვალები დახუჭა. -სამყარო, რომელიც გვინდა მხოლოდ ჩვენი იყოს, სამწუხაროდ, სხვებისაცაა, - უთხრა მხატვარმა. თაიას რაღაც ეტკინა მკერდთან და მხატვარი მიხვდა, რომ მისთვის ზედმეტად პატარა გული დაეხატა, იმდენად პატარა, მხოლოდ სიყვარულის ატანას რომ შესძლებდა. ინანა. ჩრდილი მიადგა დაბურული, უსიერი ტყესავით ხშირ წამწამებს. თაიას მოუნდა დარდის გადაწევდა და თვალების გავლით გულში სხივების მიტანა, გათბობა, მაგრამ მიწას ფეხი ვერ მიაწვდინა. -რა შორი ყოფილა ჩემი სამყაროდან შენამდე,- თქვა თვალებმა, მაგრამ სიტყვებად არ აქცია. მხატვარი სდუმდა და დრო დამშრალი ტბასავით უმოძრაო და უსახური გამხდარიყო. თაია ელოდა მის სიტყვას, იდუმალსა და ამოუცნობს. კაცი კი შემთვრალი თვალებით ახალ ფერებს აჩენდა თეთრ ტილოზე. თაიას ნახევრად დახატულ კაბას ასწორებდა, აფერადებდა. კაბა ჯერ იყო ძალიან მოკლე, შუბლზე ძარღვად გაჩნდა ვნება და მხატვარს სისხლი აუღელვა, ნაჩქარევად დააგრძელა კაბა, მერე კოჭებიც დაფარა. კაბა გაზაფხულივით ნაზი და მრავლისმთქმელი გამოვიდა, მსუბუქი იყო, მაგრამ მაინც სტოვებდა საფიქრალს ჩაღილული გულისპირი, დაუდევრად, თითქოს შემთხვევით, შეუკვრელად დარჩენილი, პატარა, კესანებივით ლურჯი ღილები. თაიას თავი ელამაზა და ტილოზე შემობზრიალდა, კაბა მარაოსავით გაიშალა და წამიერად გამოაჩინა წვივი, ჩამოქნილი, ჯიშიანი. . . თავი გვერდზე გადახარა მხატვარმა და ქალი შეათვალიერა. ეამა. მკერდისკენ გაიწია მზერამ, სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა, ღრმად მოქაჩა. თაიას ყაყაჩოსავით მოედო სახეზე სიწითლე. პატარა, თეთრი ხელები ლოყებზე მიიჭირა. მხატვარს გაეცინა. ადგა მუსიკა ჩართა, ვიღაც პიანინოზე ძალიან ნაზად უკრავდა, ისე, თითქოს კლავიშებს არც ეხებოდა. მელოდიამ თაიას სევდა მოუტანა. ჩამოჯდა, ხელისგულებს დაეყრდო და ცას ახედა. ჯერ არ დაეხატა, თეთრი იყო, თეთრი და უსიტყვო. -ღრუბლები დახატე,- სთხოვა თაიამ. -რატომ?- გაოცება ვერ დამალა მხატვარმა. -მინდა, ხანდახან წვიმდეს. -მაშინ წვიმას დავხატავ, - გაეცინა და ის იყო, პატარა წყლისფერი წვეთები უნდა დაეხატა, რომ თაიამ მუხლებზე ჩამოდო თავი და ატირდა. -რატომ ტირი?- მოუნდა მიჰფერებოდა, დაემშვიდებინა, მაგრამ მხოლოდ სიტყვებს გააყოლა სითბო, სურვილი კი ძლიერად მომუჭულ ხელისგულზე დამარცხებული მოკრივესავით გართხმულიყო. -რატომ ხატავ წვიმას, მე ხომ ის მიყვარს,- სლუკუნ-სლუკუნით თქვა და ხელის ზურგით მოიწმინდა ცრემლი. გაკვირვება დოინჯშემოყრილი ჩადგა მხატვარსა და თაიას შორის. -ყოველ დილით იმაზე ფიქრი მაბედნიერებს, რომ შეიძლება გაწვიმდეს და თუ ყოველ დღე ისედაც იქნება წვიმა, რაღა გამახარებს? - სიტყვებს გული ამოაყოლა თითქოს. გაკვირვება სკამის სახელურზე ჩამოჯდა და გულხელი დაიკრიფა, მხატვარი კი მოლბერტისაკენ რომ წავიდა, თითქოს ოთახში ვერ დაეტია, თითქოს მის მხრებს გაცილებით დიდი სივრცე სჭირდებოდა, სხვა საზღვრები, სხვა ცა და როცა მხატვარმა ხელი გაუწოდა და თაიამ თავისი ათრთოლებული თითები შეაგება და დასთანხმდა, წამოდგომაში დახმარებოდა, იმ სხვა სამყაროდ ყოფნა ინატრა. მუსიკა თითქოს ფონი იყო მხატვრისა და თაიას ამბის და თითქოს არც ისმოდა. თაიას თითების დათმობა რომ ენანებოდა მხატვარს, წამოუარეს სიტყვებმა, დღეიდან უფრო გრძელი იქნებაო ღამეები, როგორ გავიდეო გაღმა, დილის სხივისკენ?! -თქვა მხატვარმა და ძალიან მოუნდა ერთი ბოკალი წითელი, სისხლივით წითელი ღვინო. -ჩემზე იფიქრე და გზა შეგიმოკლდება! - გაეღიმა ქალს, მაგრამ ახლა მისი ღიმილი მწუხრისფერი შემოდგომასავით სევდიანი იყო. -მე რომ შენზე არაფერი ვიცი?- გულმა კიდევ ერთხელ ატკინა რაღაც, შიგნით, ძალიან ღრმად. -ზღვა მიყვარს, წვიმა და იასამნები, - მხოლოდ ამის თქმა მოასწრო თაიამ, სანამ მხატვარი, მისი თმის ბოლო ღერს უხილავი ფუნჭით შეასწორებდა. რუხი იყო ქვიშა და ბინდისფერი ზღვა, აღელვებული, მობობოქრე, შურისმაძიებელი. ღრუბელი ისე მოსწოლოდა ცას, თითქოს ფეხმძიმე ქალი ყოფილიყოს და ეს-ესაა იმშობიარებდა. თაია კი იდგა სანაპიროზე, წაბლისფერი თმა ჰქონდა, ქარისგან აწეწილი, თვალებში უდროოდ მოსული სტუმარივით მობლანდული. იღიმებოდა, მაგრამ თვალებში, რომელიც არ უჩანდა, რადგან მხატვარმა მისი ფერის ამოცნობა ვერ შესძლო, ცრემლი ჩასდგომოდა. იმ მელოდიას ჰგავსო, იფიქრა მხატვარმა, „სევდიანი პოზიტივი“ რომ შეარქვა. კაბის კალთა ოდნავ შრიალებდა. აღმოსავლეთისაკენ რაღაცას გაჰყურებდა თაია, იქით მხატვარს არაფერი დაუხატავს, მაგრამ ვინ იცის, ქალი ჯერ ისევ ეძებდა გასაქცევ გზას, გზას, რომელიც არ არსებობდა, რომელიც კუნძულიდან თავისდაღწევის საშუალებას არასდროს მისცემდა. მხატვარმა ტილო აიღო, ერთ ხანს აკვირდებოდა და მერე "გაზაფხულის" გვერდით დაჰკიდა. სავარძელში ჩაეშვა, ყავა მოსვა, გასციებოდა, არ ესიამოვნა. თაიას რაღაც ჰკითხა, არავინ გამოეპასუხა. მარტოობა ჩამოუჯდა კალთაში. მხატვარმა ხელი მოხვია წელზე და მკერდზე მიისვენა. მარტოობას აბაზანიდან გამოსული ქალივით სველი კანი ჰქონდა. ვიღაც პიანინოს კლავიშებს ძალიან ნაზად ახებდა თითის ბალიშებს. მუსიკა მხატვარს გარს ევლებოდა და ისე აჟრჟოლებდა, თითქოს ქალის ტუჩი ეთამაშებოდა მის ყურს, მერე ეს ქალი კისრისკენ მიძვრებოდა და სველ კვალს სტოვებდა. თვალები დახუჭა. ყავისმარცვლებისფერ კანს სურვილი თეთრ პერანგზე შერჩენილი წითელი ღვინის ლაქასავით აჩნდა. დილაობით მთაში ჩამოსული ნისლივით ადგა ოთახს სიგარეტის კვამლი, ფირსაკრავი დაუსრულებლად ატრიალებდა ერთსა და იმავე ფირფიტას, რძიანიყავისფერი კედლები გავსებულიყო უჩარჩოებო, ფუნჯმოუსმელი, თეთრი ტილოებით. ცარიელი მოლბერტის გვერდით კი პალიტრაზე ზეთის საღებავები კარგა ხანია ჩამხმარიყო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი