სად დაიკარგა ღმერთი?!


მამა ლოთია. სვამს განუწყვეტლივ. დედა მთელ დღეს წყევლის. მეზობლები მასხარად იგდებენ. მეგობრები აღარ ჰყავს. მამას ცუდი სუნი აქვს და მე მიჭირს მისი კოცნა. მამა ხშირად მოდის დასველებული შარვლით და მრცხვენია მის გამო. მამა ოჯახ-ოჯახ დადის და ფულს თხოულობს არყის საყიდლად და ამ დროს მე ის მეცოდება. მამას ექიმმა თქვა, ღვიძლი ეშლებაო, მაგრამ მე დავივიწყე ეს ამბავი. თუ არ მეცოდინება, არც არაფერი მოხდება, მაგრამ მე მაინც ძალიან მიყვარს და, მართალია, ვერ ვამართლებ დედასთან, რომელიც ჩვენს ყველა უბედურებას მას აბრალებს და ოჯახის შემარცხვენელს ეძახის, მაგრამ გულის სიღრმეში მე ვცდილობ, მის საქციელს ახსნა მოვუძებნო. 
  მამა ლოთია, დედა მაღაზიაში მუშაობს კონსულტანტად. 150 ლარი აქვს ხელფასი. დილით მიდის 8 საათზე და ღამით ბრუნდება, ხან საერთოდ არ ბრუნდება.  ამბობს, აღწერა გვქონდაო. არ ვიცი, იქნებ მასეცაა, მაგრამ ამას წინათ თინიკოსთან რომ მივედი,  გავიგე დედამისი როგორ ეუბნებოდა მეზობლის ქალს, სულ არ მინდა ეს ბავშვი ჩვენთან მოდიოდეს, მამა „ბრაძიაგა“ ჰყავს, დედა ბოზიო. რაღაც მოვიმიზეზე და თინიკოს სასწრაფოდ დავემშვიდობე.  მთელი საღამო ვტიროდი. არ ვიცი, როგორ გავაგრძელო ცხოვრება, ამის შემდეგ, რაც უნდა ვაკეთო, მე ვიქნები ლოთისა და ბოზის შვილი. სიკვდილი მინდოდა, წამლები მოვძებნე და დალევას ვაპირებდი, მაგრამ შემეშინდა. სიკვდილსაც ხომ გმირობა სჭირდება. მე კი გმირი არ ვარ, მე უბრალოდ ბავშვობის გარეშე დარჩენილი ბავშვი ვარ. 
   მე 13 წლის ვარ. ჩემი ძმა გიორგი - 7, პატარა დაიკოც გვყავს, 3 წლის ნიცა. ძალიან მგავს, ჩემსავით რიჟაა და  ჭორფლიანი, გაბერილია გასაფრენად გამზადებული ბუშტივით. მე მანჩო მქვია. უფროსი ვარ და და-ძმის მიხედვა მე მევალება. უნდა გავაღვიძო, ჩავაცვა, საჭმელი ვაჭამო, და  ბაღში დავტოვე, ძმა სკოლამდე მივაცილო. მერე საღამოსაც მე გამომყავს ნიცა ბაღიდან, ვაჭმევ, ვეთამაშები და ვაძინებ. მოკლედ პატარა დიასახლისი ვარ. ნელ-ნელა ყველაფერი ვისწავლე, ერთი დაუთოვებას ვერ მივეჩვიე, ყოველთვის აქვს ნაკეცები ჩემს გაუთოვებულ პერანგებს და კლასელები ამაზე ხშირად დამცინიან.  
  ძალიან გვიჭირს, არც მახსოვს ბოლოს ხორცი როდის ვჭამე, აა, კი, მახსოვს, მაიკო დეიდამ რამდენიმე თვის წინ ქათმის ჩახოხბილი შემოგვაწოდა. ერთი თეფში იყო, მაგრამ 5-ად გავყავი. ჩვენ ვჭამეთ, საღამოს დედამაც ჭამა და მამას წილი ნიცას აჭამა. მაგას არაფერში სჭირდება, არყის მეტი არაფერი უნდაო. იმ ღამეს ვიტირე. მგონია, რომ მამა მსოფლიოში ყველაზე მეტად მიყვარს და მძულს, მეცოდება და ვბრაზობ. მამა რომ არ სვამდეს, ახლა ჩვენ სხვანირად ვიცხოვრებდით, დედაც სხვანირი იქნებოდა და ჩვენც. 
     დედა ფიქრობს რომ მამა მალე მოკვდება, ფიქრობს კი არა, მგონი, ეს უფრო მისი სურვილია. რამდენჯერმე გვითხრა, თუ სახლში მოხვედით და მამას ისე ღრმად ეძინა, რომ ვერ გააღვიძეთ, არ შეგეშინდეთ, სმამ იცისო.  ჰგონია, რომ მძინარე და მკვდარ ადამიანს ვერ გავარჩევ, ვერ ხვდება, რომ გავიზარდე და ისე აღარ უნდა მელაპარაკოს, როგორც ბავშვს. მეშინია მამას  გამო და ხშირად ჩუმად ვაყურადებ მის სუნთქვას. 
   მამას ძალიან ფხიზელი ძილი აქვს, ჩვენ მოსვლაზე ყოველთვის ეღვიძება. წამოჯდება, ნიცას კალთაში ჩაისვამს და კოცნის. მე და გიოს აღარ გვეფერება. დედა გვაფრთხილეს, მამამ თუ მოფერება გთხოვათ, გაიქეცითო. მას მამა ურჩხული ჰგონია. არა და ვხედავ, როგორ ზის და მიყურებს, როცა ვალაგებ  ან ვაუთოვებ. 
 -რამხელა გახდი, შე შობელძაღლოო,-მეუბნება ხანდახან და მე არ მწყინს, რადგან ვიცი, ასე გამოხატავს სიყვარულს. 
  შარშან ზამთარში, ძალიან ციოდა და ტანსაცმელს ვრეცხავდი.  იმ დროს მოვიდა სახლში, სიცივისაგან დაწითლებულ ხელებს იაღლებში რომ ვითბობდი. თავზე დამადგა, მთვრალი იყო, არყისა და ჭუჭყის  სუნი ასდიოდა. როცა დამინახა, როგორ ვცდილობდი საპნიანი წყლის გადაღვრას, მოხმარება სცადა, წაბარბაცდა და წყალი დაღვარა. მე ტილოს მოსატანად გავედი და როდესაც მოვედი,  იატაკზე მჯდარი დამხვდა. იჯდა და ტიროდა. 
-მაპატიე, მამა,- მითხრა და თავი ხელებში ჩარგო. ვიცი, ეს წყლის დაღვრის გამო არ უთქვამს. ისიც ვიგრძენი, იმ წუთას სიმთვრალე არ ალაპარაკებდა. მისი ყოფა ისეთი რთული იყო, მივხვდი თმის ყველა ღერი სტკიოდა.  მომეჩვენა, საკუთარი თავი სძულდა. მაშინ გავიაზრე, აუცილებელი იყო მისთვის სმა,  ვიცოდი, ასე თავის გადარჩენას ცდილობდა. 
   გიორგის და ნიცას მამა არ უყვართ. გიორგი პატარა იყო, როცა მამამ სმა დაიწყო და აღარც ახსოვს როგორი იყო მანამდე ჩვენი ცხოვრება. ნიცას მამასი ეშინია და, საერთოდ, ხანდახან მამიდას სიტყვები მახსენდება, არ მჯერა, ეგ რომ ჩემი ძმისშვილია.  ჭირის დღესავით სძულს ცოლს ჩემი ძმა და შვილს გაუჩენდაო?!
  არ ვიცი, ნიცას ამბავი მართალია თუ არა, მაგრამ დედას მამა რომ სძულს, ეს დანამდვილებით ვიცი. ამ ზამთარს ყინავდა, მამა მთვრალი მოვიდა და დედამ კარი არ გაუღო. შიგნიდან ჩაკეტა. რამდენჯერმე დააბრახუნა კარზე და მერე, ეტყობა, ჩხუბის თავი არ ჰქონდა, ერთი კი გავიგონე: მოგიტყან გამზრდელიო და იქვე აივანზე ჩაეძინა. საბანი მეფარა და ძალიან მციოდა, ფეხის თითები გაყინული მქონდა, წარმოვიდგინე როგორ შესცივდებოდა მამას. შემოვუშვათ, შესცივა-მეთქი, ვთხოვე, მაგრამ, დაეგდეო,- დამიყვირა. ნეტამც არ იქნება, გაიყინოს და მოკვდეს, დავისვენებთ, აღარ შეგვარცხვენს მაინცო. ძილი გამიფრთხა, ვიწექი და ველოდებოდი გათენებას, რომ მენახა, მამა ცოცხალი იყო თუ არა. 
  ხან დედას თვითონაც მოაქვს არაყი. არ ვიცი, ეცოდება თუ უბრალოდ არ უნდა, რომ გამოფხიზლდეს. 
   მახსოვს მამა ფხიზელი, მახსოვს როგორ ვუყვარდი, მაგრამ არ მახსოვს, დედას და მამასაც თუ უყვარდათ ერთმანეთი. ისინი სულ ჩხუბობდნენ და მე ამის გამო, სახლის უკან ბოსელში  ვიმალებოდი. მამა ცდილობდა, ჩემი თანდასწრებით არ ეჩხუბა, მაგრამ ღამე, როცა ეგონათ, რომ მეძინა, საათობით  ყვიროდნენ,  მერე მამა ნაჩქარევად იღებდა ტანსაცმელს, კარს გაიჯახუნებდა და მიდოდა. დედა ტიროდა და გამთენიისას ეძინებოდა, მე კი ჩამეძინებოდა თუ არა, კოშმარები მესიზმრებოდა და ტირილით ვიღვიძებდი. დილით დედა დგებოდა შესიებული ქუთუთოებით და ჯამების ბრახაბრუხით ამზადებდა სადილს. მამა ყოველ დილით ისე შემოდიოდა სახლში, თითქოს ამ წუთას გავიდა ეზოშიო. მოდიოდა, რათა სამსახურში წასვლამდე ბაღში მივეყვანე. საღამოსაც ის მაკითხავდა. 
  ერთ დღეს ბაღში არ მომაკითხეს და მასწავლებელმა თვითონ მომიყვანა სახლში.  ეზოში ყვირილისა და მინების მსხვრევის ხმა ისმოდა. მაშინ მე უკვე მე-6 წელში ვიყავი, მივხვდი, ისევ ჩხუბობდნენ,  ნუნუ მასწავლებელს ვთხოვე, აღარ მინდა, ახლა ჩემით შევალ-მეთქი, მაგრამ არ დამანება. მაინც სახლში შემაცილა. ოთხაში  მაშინ შევედით, როცა მამას დედასთვის ყელში ჰქონდა ხელი წაჭერილი და კედელთან მიყუდებულს აგინებდა, წივილი ავტეხე. მამამ ხელი უშვა და სახლიდან გავარდა. ნუნუც უკან მიჰყვა. იმ ღამეს შიშზე კრუნჩხვა პირველად დამემართა. მეორე დილით ბაღში მეზობელმა წამიყვანა. როცა  მივედი, დავინახე, როგორ იდგა ნუნუ მასწავლებელი ოთახის შუაგულში და უყვებოდა მშობლებს წინა დღეს ჩემს ოჯახში მომხდარ ამბავს. 
  და აი, იმ წამს  დავკარგე ნდობა ადამიანების მიმართ. ნუნუ იყო პირველი ადამიანი, რომელიც შემძულდა. მთელი დღე ცუდად ვიყავი, სიცხემ ამიწია. მეორე დღიდან ბაღში აღარ წავსულვარ. გაზაფხული იყო, სამ თვეში ისედაც ვასრულებდი ბაღს, რადგან დედას დილით გამღვიძებელი და ბაღში წამყვანი აღარ ჰყავდა, ამიტომ ჩემი პროტესტი მისთვის ერთგვარი შვება აღმოჩნდა. არც ნუნუ მასწავლებელს მოვუკითხივარ, არც სხვა ბავშვების მშობლებს, ლაპარაკს  კი ამ ამბავზე  სოფელში წლების შემდეგაც არ წყვეტდნენ. 
  მამა შინ ორი დღის შემდეგ მოვიდა. ისეთი მთვრალი იყო, ფეხი ერეოდა და მაშინ პირველად შემეშინდა მისი, როცა დავინახე, ტირილი დავიწყე.
-ბავშვსაც კი შეაძულე თავი, - უთხრა დედამ და მამა ისე გაბრაზდა, კარი ჩაამტვრია და რამდენიმე თვე ზეწარი ასრულებდა მის  ფუნქციას. 
  სმის დაწყებიდან რამდენიმე თვეში მამა სამსახურიდან გამოუშვეს და დავრჩით ფულის გარეშე.  თავიდან მეზობლები გვეხმარებოდნენ, მერე ყველას მობეზრდა ჩვენი გამოკვება, არც გაემტყუნებათ, არავის ჰქონდა მოჭარბებული და დედამ სამსახურის ძებნა დაიწყო.  სახლებს ალაგებდა და სადილს აძლევდნენ, მერე 1 წელი ძიძად იმუშავა, შედარებით უკეთესად ვიყავით, როცა დედა ბავშვს უვლიდა, მაგრამ ოჯახური პრობლემებით ისე ჰქონდა ნერვები გაფუჭებული, თავი ვერ შეიკავა და ერთხელ პატარას სცემა, ამის გამო, ლამის დააპატიმრეს. ისევ ულუკმაპუროდ დავრჩით.
   ყოფილა დღეები, როცა პურიც არ გვქონია სახლში.  ფილტვები დამისუსტდა და 2 თვე საავადმყოფოში გავატარე. გამოვჯანმრთელდი, მაგრამ  კლასელებს დიდხანს ახსოვდათ ეს ამბავი, გვედით არავინ მიჯდებოდ, ჭლექიანს მეძახდნენ.   
   ბავშვებს რა გაემტყუნებათ, ყველაფერი შეუძლიათ გართობის საშუალებად აქციონ, აი, მასწავლებელი კი სულ სხვა თემაა.  მადონა, ჩემი მათემატიკის მასწავლებელი, როდესაც დავალების შესამოწმებლად მერხს უახლოვდებოდა, პირზე ცხვირსახოცი ჰქონდა აფარებული და არ მიახლოვდებოდა. შორს დადგებოდა და კისერწაგრძელებული ჩაჰყურებდა რვეულს, ჩემს ნივთებს არც კი ეხებოდა.
-გადაშალე, გოგო,- მესროდა ხოლმე სიტყვებს ძაღლისთვის მიგდებულ ლუკმასავით, როცა ერთ გვერდს ჩაამთავრებდა. 
    ეს ყველაფერი ჩემს, ისედაც ნაბადივით ფეხქვეშგათელილ, თავმოყვარეობას სულ უფრო მეტად სვრიდა ლაფში, ამიტომ გამოსავალი ვიპოვე და საერთოდ აღარ ვასრულებდი დავალებას, მადონა მასწავლებელი ასე შეძლებდა, ჩემგან რაც შეიძლება, შორს ყოფილიყო.    მე მასზე ვზრუნავდი, მაგრამ მათემატიკის წითელპომადიანი  მასწავლებელი, ყოველ გაკვეთილზე, კომენტარზე - დავალება არ მაქვს, სალათაზე მოყრილი მარილივით აყოლებდა: უთავმოყვარეო, დებილი, განუვითარებელი. 
  ერთადერთი საგანი, რომელიც მიყვარდა, ვსწავლობდი და სკოლაში სიარულის ტანჯვას აბალანსებდა, ქართული ლიტერატურა იყო.  შარშან შემოდგომით, ილიას „ოთარაანთ ქვრივი“ გვქონდა და მთელი საღამო ვსწავლობდი. ხელი ავიწიე, ადექიო, მითხრა. მოყოლა სიხარულით დავიწყე, მიხარია, ერთ საკითხში მაინც რომ შემიძლია სხვაზე უკეთესი ვიყო, მაგრამ ნანა მასწავლებელმა, გაჩერდი და კლასის ცენტრში გამოდიო.  უხერხულად გავედი დაფასთან, ვცდილობდი, ისე დამედგა ფეხები, დაკემსილი რეიტუზი არ შეემჩნიათ ბავშვებს, მაგრამ თურმე სხვა უბედურება მელოდა: 
-დაილაპარაკე,- მითხრა და ტუჩებზე გველივით გაუსრიალდა ღიმილი. 
გაოცებულმა შევხედე. 
-თქვი რამე!
-რა ვთქვა?-ვიკითხე დაბნეულმა. 
-ბავშვებო, თქვენც ამჩნევთ ტუჩები როგორ ებრიცება ლაპარაკისას? - იკითხა ნანა მასწავლებელმა და ირონიის დამალვა ვერ შეძლო. 
მთელი კლასი ახარხარდა. მერე ვიღაცებმა ჩემი გამოჯავრება სცადეს. 
-ყბაჩო,-დაიძახა უკანა მერხიდან ავთომ. 
   ვიდექი ისე, თითქოს ცივი წყალი გადაესხათ, ცრემლი თვალებს დაუკითხავი სტუმრებივით მოადგა. 
-დამშვიდდით, რა გაცინებთ, ბავშვებო, როგორ შეიძლება ერთმანეთის დაცინვა?- „გაბრაზდა“ მასწავლებელი,- მანანა  (იცის, ამ სახელს ვერ ვიტან, მანჩო მქვია საბუთებითაც, მაგრამ მაინც მანანას მეძახის, ახლა ამაზე აყაყანდნენ ბავშვები), რატომ გებრიცება ტუჩები? ძალიან ცუდად ჩანს გარედან, ამიტომ ეცადე, მასე აღარ გააკეთო,- დამარიგა მზრუნველი ხმით  და დაჯექი ახლაო, ნებართვა მომცა. 
   მერხთან დავბრუნდი. 23 წყვილი თვალი ჩემს ტუჩებს შეჰყურებდა. სახე სისხლისფრად მიელავდა და ვგრძნობდი, ცეცხლი მეკიდა სხეულზე. ტირილი დავიწყე. არავის უცდია ჩემი დამშვიდება. 
   კეთილმა რჩევამ არ გაჭრა: ტუჩებს დროდადრო ისევ ვბრეც, ნერვიულობაზე მემართება, სანერვიულოს კი ჩემს ოჯახში ღმერთიც ვეღარ გამოლევს. ასე რომ, პრობლემა ვერ მოგვარდა, მაგრამ სწავლის მიმართ ინტერესი საბოლოოდ დავკარგე. 
   სექტემბრიდან, ალბათ, სკოლაშიც აღარ ვივლი. დღეს ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი  მოხდა. დილით თონიდან მოვდიოდი და ნათია შემხვდა. დედა თონის მეპატრონეს იცნობს და სთხოვა, ძველი პური გვაჩუქოს ხოლმე. ყოველ დილით მივდივარ და გამხმარი პური მომაქვს. მცხვენია, როცა სათხოვნელად მივდივარ, მაგრამ რას ვიზამ, ნიცა და გიორგი ჯერ ძალიან პატარები არიან და მშივრებს ვერ დავტოვებ.  ამ დილას   თონიდან მოვდივარ და ნაცნობი ხმა მესმის:
-მანჩოო!
    ხმა ვიცანი და თავი მოვიკატუნე, ვითომ ვერ გავიგე, ნაბიჯს ავუჩქარე, არავის ნახვა არ მინდა, მე მივდივარ დაუვარცხნელი, აწეწილი თმით, მიმაქვს პური და ჩემს პურს თონიდან ახლადამოღებული პურის ოხშივარი არ ასდის. მაგრამ ნათიამ  სირბილით გადმოკვეთა ქუჩა და პირდაპირ ცხვირწინ ამესვეტა. 
-მანჩო, როგორ ხარ? ისვენებ?  საით ატარებ არდადეგებს? - მომაყარა კითხვები.  
   გაზრდილია, გალამაზებული, ჯინსის კომბინიზონი აცვია და ყურებზე გადაწეულ თმას აქეთ-იქით აქნევს მომხიბვლელად. 2 ბიჭი და 3 გოგო ახლავს. ჩვენზე დიდები ჩანან. ერთ ბიჭს სიგარეტი გაუჩრია გაფარჩხულ თითებში და სახეზე მაბოლებს, თან თავხედურად მათვალიერებს.  თავიდან რომ ავირიდო ნათიას უხერხული კითხვები, საუბარი გადამაქვს:
-უი, ვერც დაგინახე,  როგორ მომიახლოვდი. 
-დაგინახე და ტანსაცმლით გიცანი,- ამბობს და თანმხლებებს უყურებს, ვითომ ეს რა სასაცილო რამე ვთქვიო. გოგოები იცინიან,  ბიჭები ნათიას სიტყვებს ვერ ხვდებიან, მაგრამ გოგოებს რომ არ ჩამორჩნენ, ისინიც სიცილს მაყრიან. 
   არაფერი ვუპასუხე,  ზურგი შევაქციე და წავედი. სიტყვებმა ჩემამდე ვერ მოაღწიეს, მაგრამ გუმანით ვგრძნობდი, როგორ უყვებოდა ნათია მეგობრებს, რომ მე უკვე 2 წელია ამ ჯინსით დავდივარ და ისიც სხვამ მაჩუქა. 
  ჩვენს სამყაროში თანასწორობა ყოვლად წარმოუდგენელია. მე ბავშვი ვარ ბავშვობის გარეშე და ზღაპრებით ჩემი გაბრუება შეუძლებელია. ვიცი, კონკიები მხოლოდ გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ, რეალობაში არიან ღარიბები და მდიდრები.  უფულოდ დარჩენილი ადამიანები, ვერასდროს დაიმკვიდრებენ ადგილს საზოგადოებაში, რადგან თუ ახალი ტანსაცმელი არ გაცვია, არც მეგობრები გყავს და შეყვარებულზე ხომ საუბარი ზედმეტია. პური მივიტანე, ბავშვებს თბილ წყალში ჩავულბე, რომ კბილები არ დამტვრეოდათ, ვაჭამე და ტახტზე მივწექი: ტანსაცმლით გიცანი, ისე მესობოდა სიტყვები გულში, თითქოს სამსჭვალი ჩაერჭოთ მკერდში. 
    საღამოს  კიდევ ერთხელ დამემართა კრუნჩხვა და როდესაც სასწრაფოს ექიმებმა დამამშვიდებლები გამიკეთეს და წავიდნენ, კედლისკენ შევბრუნდი და თვალები დავხუჭე, მინდოდა, დედას მძინარე ვგონებოდი და მისი წუწუნი არ მომესმინა სასწრაფოს ექიმებისათვის მიცემული 20 ლარის გამო, რომელსაც  ერთი კვირა საჭმლის ფულად ვიმყოფინებდით. ალბათ, ძილის სცენა ბუნებრივად განვასახიერე, რადგან დედასაც და მაყვალა ძალოსაც მძინარე ვეგონე, ამიტომ თამამად საუბრობდნენ და მესმოდა ის, რაც ალბათ არ უნდა გამეგო: 
-ექიმს ველაპარაკე,- სვენებ-სვენებით, შემპარავი ხმით დაიწყო მაყვალამ,- ავადმყოფიაო. საშველი არაა, დიდხანს ვეღარ გასტანსო. 
 დედამ თითქოს ამოიგმინა, მერე ცრემლი შეისრუტა და ვიგრძენი მაჯით, როგორ მოიწმინდა ცხვირი. 
-ეეჰ,- ამოიოხრა მაყვალამაც. 
  ერთხანს ასე იყვნენ ჩუმად, კვნესა-ვაებაში,  მერე უფრო თამამად და დამაჯერებლად ალაპარაკდა მაყვალა: 
-დამიჯერე, მაინც აღარაფერი ეშველება, ტყუილად იწამებ თავს. რამდენი ხანია მე შენ ამას გელაპარაკები, ხომ ნახე ძლივს მოუსწრეს და ბრახ და რაღაც მომხდარიყო, მერე? ხომ რჩებოდი ასე არა? 
   ახლა ეს ფრაზები თითქოს ჩაქუჩები იყო, ისე  მიბაგუნებდნენ თავზე. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, რის მორჩენაზე, რა გამოსავალზე, რა გამორჩენაზე იყო საუბარი. 
-ჩემზე ამბობენ? ვკვდები? თუ ცუდად ვარ, ექიმები რატომ წავიდნენ? დედა რატომ ზის ასე მშვიდად და ისმენს ამ სისულელებს? იქნებ მძინავს და მესიზმრება? .... არა აშკარად მღვიძავს, უბრალოდ დახუჭული თვალებით ვუყურებ თვალებამოღამებულ სამყაროს, სადაც ჩემი განაჩენი იწერება. ღმერთო, შენ რა, მართლა არ აპირებ დამეხმარო? სად ხარ ღმერთო? იქნებ ისევე დაიკარგე, როგორც ბავშვობაში ჩემი ცხვირგატეხილი თოჯინა სერგო, რომლისთვისაც 5 წლის იუბილეს აღნიშვნას ქვიშის ტორტით ვაპირებდი? ან იქნებ მოკვდი? ღმერთო, ნუთუ მართლა მოკვდი?? -  ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთია, ტანჯვა და ტკივილია, ბევრჯერ მინატრია მისი დასრულება, მაგრამ როცა ეს დღე მომიახლოვდა, რაღაც არ მომინდა მისი დათმობა. აქ ცუდად ვარ, მაგრამ იქ რა იქნება? ან იქნება კი რამე? ღმერთი? აღარ მჯერა ღმერთის სამართალის, რომ არსებობდეს, ჩემ დახმარებას ხომ ისურვებდა. რომ ვუყვარდე, ასეთ ტანჯვაში ხომ არ ჩამაგდებდა? ღმერთი მოკვდა, ან ის აგრძელებს ცხოვრებას, ძალიან შორს და აღარც ახსოვს ჩემი არსებობა. არ მინდა მასთან, ისევ ეს სამყარო მირჩევნია. 
   შიშმა წელზე ხელები მომხვია და ფეხებში სიცივე ვიგრძენი. ახლა თავს ძალიან სუსტად ვგრძნობდი და სიტყვებიც  ჰაერში მოფარფატე შემოდგომის ფოთლებივით ჩნდებოდნენ აქა-იქ. აზრი ვერ გამომქონდა, რას საუბრობდნენ, რაზე ლაპარაკობდნენ:
   პატარებზეც ხომ უნდა იზრუნო, ცოდონი.... შიმშილი.... ფული.... სასიკვდილე ქმარი....ახლა ეს სიტყვები დაპნეული გიშრის მძივები იყო და მე მათ აკრეფას და შეკოწიწებას ვეღარ ვახერხებდი. 
-15 000 ცოტაა? უნდა მოვასწროთ სანამ რამე დაემართება.... განა რა, ბარში იქნება, ჩააცვამენ ლამაზ კაბებს, გამოპრანჭავენ, ბავშვმა იქნებ ნახოს რამე....
   სადმე მიშვებენ? საბუთები მომეციო მაყვალა ეუბნებოდა, იმ დღესაც კი მოვკარი ყური, სამზარეულოში ჩურჩულებდნენ, ფულს დოლარებში გადმორიცხავენ და ცოტას ამოისუნთქებ, ამ ბავშვებს მშივრებს არ დახოცავო. ნეტა რას ამბობდნენ? სად მივდივარ? რატომ იხდიან ჩემი  გამოპრანჭვის სანაცვლოდ დოლარებს? 
  კითხვები ქარში აწეწილი თმებივით მომებლანდა თვალებში. პასუხები  გონების ფსკერზე ჩაყვინთულიყვნენ და მათი ამოყვანა ვერ მოვახერხე. ფიქრი  ნელ-ნელა ნაცრისფერ ბინდს იფარებდა თავზე და წონასწორობა მეკარგებოდა. თითქოს ჯერ პატარა ვარდისფერი სამკუთხედები ახტუნავდნენ  თვალებთან, მერე ეს სამკუთხედები უფრო მომიახლოვდნენ, გაიბერნენ, გასუქდნენ და მთელი სივრცე დაფარეს. 
  სხეულს ვეღარ ვგრძნობდი, დავბუჟდი, ვეღარ ვხვდებოდი საწოლზე ვიწექი თუ ჰაერში ვტივტივებდი. 
-აქ ვარ,- ყურში ჩამესმა ხავერდივით რბილი ხმა, ასეთი ხმა არასდროს მომისმენია, დავინტერესდი ვინ იყო, მაგრამ თვალების გახელა გამიჭირდა, ქუთუთოები დამმძიმებოდა.
-ვინ ხარ? - მინდოდა მეკითხა, მაგრამ სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე და ხორხიდან რაღაც გაურკვევილი ბგერები ამომივიდა. ამ ბგერებს თითქოს სიმძიმე ამოჰყვა და სხეული სულ უფრო შორი და უწონო მომეჩვენა. სამკუთხედი ვარდისფერი სხეულები გაყვითლდა და სანამ ეს ყვითელი სვეტი ჩემკენ გადმოიხრებოდა, ყურში დედაჩემის განწირული კივილი ჩამესმა. 
....
  მე მანჩო ვარ, ბავშვობა წართმეული ბავშვი. 13 წლის ვარ და ალბათ გაზრდა აღარც მოხერხდება, მომიწევს სულ 13 წლის დავრჩე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი