კაკლის ხე
წყალი გრილი იყო, ესიამოვნა. ჯერ კოჭებამდე ჩადგა, სხეული მიაჩვია, დაიხარა და ცივი წყლით მკერდის დაზელვა დაიწყო. მამამ ასწავლა: არასდროს ჩახტე წყალში სწრაფად, შეიძლება, გულმა ვერ გაუძლოსო. დაუჯერა. დამჯერი ბავშვი იყო. მხრებზე მოისვა ხელი, ოფლიან სხეულს ეამა სიცივე. მუხლამდე შევიდა. ფეხისგულები ეტკინა ქვებზე, შეცურა. ივლისის მზე აჭერდა. ჩაყვინთა. წყალი იყო მწვანე და გრილი. მდინარის დინების საწინააღმდეგოდ წავიდა. ძლიერი მკლავები ჰქონდა, ღონივრად უსვამდა. მარჯვენას დაჰკრავდა წყალს და მკერდით მიაწვებოდა დინებას, ფეხებს თანაბრად და სწრაფად ამოძრავებდა. კლდის ქიმს ასცდა, მორევს გვერდი აუარა და მდორეში გულაღმა დაწვა. აატივტივა მდინარის ზედაპირმა. ყურები წყალში ჰქონდა, მზე თვალებს სტკენდა. მოჭუტული თვალებიდან ლურჯ ცაზე ნაცრისფერ ღრუბლებს ადევნებდა თვალს. ღრუბლებს სხვადასხვა ფიგურებს ადარებდა, ზოგი პატარა სპილო იყო, ზოგი - ქალს მიჰგავდა, აგერ, იქით, მარცხნივ, ბაჭიას დაეცქვიტა ყურები. მდინარემ საკმაოდ ქვემოთ ჩაიყვანა და მეგობრებს დასცილდა. გადაბრუნდა, პირქვე გაწვა წყალზე და მკლავურით მოუსვა, ისევ შეეჭიდა დინებას. მძიმე იყო წყალი, წინააღმდეგობას უწევდა. მორევს რომ მიუახლოვდა, მარცხნივ აიღო გეზი, გვერდის ავლას ცდილობდა. თინას მორევი ერქვა ამ კლდის ქიმის ქვეშ მბრუნავ წყალს. დიდი არაფერი, ჯიმშერი კარგად ცურავდა და თავს დააღწევდა, მაგრამ რაღაც ზარი ჰქონდა. აქ, წლების წინ, თინას თავი მოუკლავს, სიყვარულის სევდიანი ისტორიაა: ქიმზე ასულა 16 წლის თინა, ფეხსაცმელი კლდის ძირში დაუტოვია, ფეხშველა, საქორწინო კაბით დამდგარა კიდეზე და ხელებ გაშლილი, ფართოდ გახელილი თვალებით გადაშვებულა მორევში. ამბობენ, მხოლოდ ერთხელ ამოაგდო წყალმა, მაგრამ შველას არ ითხოვდაო, არ შეშინებია, სიკვდილს საკუთარი სურვილით შეუწვა გაყინულ სარეცელში.... ამ ისტორიამ ბევრჯერ განიცადა სახე ცვლილება, ბევრი ჭორი და მართალი ითქვა, მაგრამ ძირითადი არ შეცვლილა: ქორწილიდან გამოიქცა 16 წლის ულამაზესი პატარძალი და მორევში გადახტა.... ამ ადგილს ყველა თავს არიდებს. მეცხვარეებმა თქვეს, ღამით კლდეს თუ მიუახლოვდები, ქალის განწირული წივილი ისმისო. ეს ამბავი გაახსენდა ჯიმას და მორევისაკენ თვალი გააპარა, შიშმა აიტანა, უფრო ძლიერად მოუსვა მკლავი. ფეხზე რაღაც წამოედო, შეაცია, სხული გაეყინა შიშით, რამდენიმე წამი განძრევა ვერ შესძლო. მერე თავი დაიიმედა, ხავსი იქნებაო და წყალში გაიქნია ფეხი, ტერფის გათავისუფლება სცადა, მაგრამ სიმძიმე იგრძნო, ვერ მოიშორა ფეხებში გაბლანდული მცენარე. აკანაკალებული ხელი წყალში ჩაყო, ხელი წაავლო მცენარეს, რაღაც ეუცნაურა, ფეხის თითები გაითავისუფლა და ხელი, ნელა და მძიმედ ამოსწია. თავთუხისფერი თმა შერჩა ხელში. გაფითრებული ქალის თვალების გარეშე დარჩენილი სახე შემზარავად შეჰყურებდა. ყვირილი უნდოდა, მაგრამ ხმა სადღაც გამქრალიყო. შიშველი და შემზარავი იყო ქალი. ხელები გაუშეშდა, ეჭირა თავთუხისფერი თმა და უთვალო თვალებში ჩაჰყურებდა ქალს.... მილიციამ ნახევრად გახრწნილი გვამი ნაპირზე დაასვენა. ჯიმშერს მისი არც ასაკი გაუგია, არც სახელი, არც ის იცის, როგორ მოხვდა თავთუხისფერი ქალი თინას მორევთან. ვერ დაიძინა, თვალებს დახუჭავდა და ქალი ახსენდებოდა, თეთრი, გამჭვირვალე, არამიწიერი, შემზარავი, ნახევრად გახრწნილი მკერდითა და უთვალო სახით.... ჯერ ხასიათი შეეცვალა, მერე, ზაფხულის ხვატის მიუხედავად, ძალიან გაფითრებული ჩანდა და სისუტე რომ იგრძნო, უკვე დაგვიანებული აღმოჩდა. ლევკემია დაუდგინეს. 7 თვე იწვა საავადმყოფოში. თავს ადგა ახალგაზრდა დედა, წამით არ მოსცილებია, ცისფერ თვალებში სევდა ჩაჰბუდებოდა და არ იცოდა რა ექნა, ეს სამედიცინო ტერმინები მისთვის აბსოლუტურად უცხო იყო, ექიმის განმარტებები არაფერს ეუბნებოდა. მხოლოდ ის უნდოდა, სახლში წაეყვანა შვილი, იქ უკეთ მივხედავო. ჯიმამ ყველაფერი იცოდა... დარდი მიჰყვებოდა, აქაურების სევდა ედგა სხეულში მწუხარე ჯარივით. ორი კიბე ჰქონდა საავადმყოფოს, ერთიდან ავადმყოფები ამოჰყავდათ, მეორეთი მიცვალებულები გაჰყავდათ, მე იმ კიბით მომიწევს სახლში წასვლაო, ერთხელ უთხრა დას. ვერ მიუხვდა ნაია ნათქვამს. ბოლო დღეებში სოფლის წყაროს წყალი ინატრა, ჩაუტანეს, მერე სახლი გაიხსენა, ჩემმა კაკალმა რა ქნაო. იხარაო,- უთხრა მამამ. გაუხარდა, მიმიხედეთო. 7 თვის უშედეგო მკურნალობის შემდეგ, შესთავაზეს, ოპერაცია ვცადოთო. ცდა წარუმატებლად დასრულდა. საკაცით წაიღეს დევივით მხარ-ბეჭი. დედამ თმა გაიწეწა. ერთ ღამეში გაკრთა ვერცხლი. დებმა იტირეს, ძმამ სამარესთან ჩაიჩოქა, ვეღარ ვდგები, ფრთა მომტყდაო. მხოლოდ მამა იდგა ბებერ მუხასავით, არც არაფერი უთქვამს, არც ცრემლი ჩამოვარდნია, არავის გამხნევება არ დასჭირვებია. იდგა ფესვებგამდგარ ხესავით და მდუმარედ ადევნებდა თვალს პროცესიას. მერე დაკუნთულ სხეულზე ლილაში გავლებული პერანგი მოიცვა და ცხოვრება გააგრძელა. წარბიც არ შესტოკებია. ქვისა ყოფილაო, რა გული უნდა გქონდეს, ანგელოზივით შვილი ცივ მიწას მიაბარო და ერთი ცრემლი არ ჩამოგვარდესო, რამდენჯერმე საყვედურივით თქვეს მეზობლის კაცებმა. .... ჯიმშერის გარდაცვალებიდან 10 წელი იყო გასული. სტუმრად მივედი. არავინ ჩანდა ეზოში, ვენახისკენ წავედი, გაზაფხული იყო, ვიფიქრე, ბაღში ფუსფუსებენ-მეთქი, ალბათ. მოგუდული ხმა მომესმა, მივაყურადე, ქვითინებდა ვიღაც. ხმას მივყევი, ვხედავ, ალექსი კაკლის ხესთან ჩაჩოქილა, ხელები ხისთვის შემოუხვევია, თითქოს თოთო ბავშვს იკრავდეს გულშიო და ტირის. მიწას მივეყინე, ვერ ვინძრევი, არ ვიცი, მივიდე ალექსისთან თუ ჩუმად მივბრუნდე უკან, ვითომ აქ არც ვყოფილვარ. ლუrsმებივით ჩაესო კეფაში ჩემი თვალები, ნელა ჩამოუშვა ხელები ალექსიმ, ლილაში გავლებული გახუნებული პერანგის სახელოთი მოიწმინდა ცრემლი და ისე შემობრუნდა, თითქოს სიკვდილმისჯილს უკანასკნელად უნდა ჩაეხედა თვალებში ჯალათისათვის. ახლა უკვე მუხასავით ძლიერი აღარ ჩანდა, თითქოს ამ წუთას, ქარისაგან გადატეხილი ხმელი ხე ყოფილიყოს. -ჯიმშერის დარგული კაკალია, დამიბარა მიმიხედეო, - თქვა და თვალები ახლადამოსულ ყლორტებს სიყვარულით მოავლო. ვიდექი და ხან კაკალს შევყურებდი, ხან-ალექსის. ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი, მომეჩვენა, ახლა აქ იდგა ჯიმშერიც, გაფითრებული, ჩამუქებული, კაკლისმურაბასავით თვალებით და მსაყვედურობდა, რატომ დამაშორე მამას, მისი მკლავები მათბობდაო. -არავისთან თქვა! - ფიქრებიდან ალექსის ფოლადივით მტკიცე ხმამ დამაბრუნა. -არა, არაფერი დამინახავს! - დავუფიცე და პირობა მის გარდაცვალებამდე შევინახე. ალექსი გასული წლის თოვლიან ღამეში გარდაიცვალა, გულმა უმტყუნა. სამძიმრის მისაღებად კართან ჩამდგარი კაცები მასზე საუბრობდნენ, ცივ და უემოციო კაცად ახასიათებდნენ. მე კი თვალწინ მედგა კაკლის ხესთან ჩაჩოქილი, ბავშვივით ატირებული ალექსი და ვფიქრობდი, რომ გვტოვებდა დედამიწის ყველაზე სევდიანი ბინადარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი