ჩემი ჩინელი


მსახიობებს ცოტა აკლიათ. მეც მაკლდა. დავდიოდი აბნეული, გზაარეული. ხან ისე მჯეროდა, რომ მეფე-მთავარი ვიყავი, ვიწექი ხოლმე და ველოდებოდი, როდის მომართმევდნენ ოქროს სირმებიან ხალათს და მიმიპატიჟებდნენ სუფრასთან, რათა შემწვარი ხოხბებით გამმასპინძლებოდნენ. ხან კიდევ ჩამოდგებოდა მწუხრისფერი ბინდი და მე ვიყავი შვილმკვდარი დედა. მუცელზე მაგრად ვიჭერდი ხელებს და ვცდილობდი, ჩემი მოკვეთილი სხეული მომენელებინა. ნაწილებად ვიფლითებოდი, ტკივილს ვეღარ ვუძლებდი. ცრემლი მომადგებოდა, ტუჩები გამიფითრდებოდა, ერთიანად ვკანკალებდი. აი ესაა და სიკვდილის პირას ვიყავი თითქოს და მერე დამადგებოდა თავზე ცოლი. შემიჩნდებოდა, მოსვენებას არ მაძლევდა. აიჩემა, საყვარელი გყავსო, ამ ბოლო ხანს რას ჩამოგტირისო სახე. ვუხსნიდი შვილი მომიკვდა და ახლა ღამ-ღამობით მისი ლანდი არ მაძინებს, სულ მესიზმრება, როგორ სდის გამოღადრული ყელიდან სისხლი, იმას მოუკვდეს-მეთქი დედა. აბა რა დასაჯერებელი ეს ამბავი იყო, ჩვენ არც შვილი გვყავდა, რომ მომკვდარიყო და არც ქალი ვიყავი. 
  ჯერ იყო და გაგიჟდაო, ასტეხა განგაში, დაიბარა ჩემი მშობლები, თქვენია და დამეხმარეთ, მიმაყვაინეთო ექიმთან. 
-ეეჰო, ამას, შვილო, დაბადებიდან არეული აქვს, არეული კი არა და იქით არისო,- უთხრა მამაჩემმა. 
-სადაო, - გაიოცა თამუნამ.
-აი, იქითო რა, შორსო, მაღლაო. 
  მოიღრუბლა. შეყარა წარბები. არა, საწვიმრად არა, უფრო ქარიშხლის მოახლოებას ჰგავდა. ხომ გითხარი შვილი ახალი დაღუპული მყავდა და ვიჯექი ფანჯარასთან. ვიხსენებდი მის ხმას, მის სუნს, მის ღიმილს, მასთან ბოლო შეხვედრას, საკუთარ თავს ვკიცხავდი, როდის შემეშალა, სად დავუშვი-მეთქი საბედისწერო შეცდომა. იქნება რამე მინიშნებაც მომცა ღმერთმა და ვერ მივუხვდი. კი მომცემდა აბა რა, სამყარო ხომ ნიშნებით არის სავსე, ჩვენ კიდევ დავბრმავებულვართ და დავყრუებულვართ. მონატრების ტკივილი ცალკე მკლავდა, ეს დანაშაულის შეგრძნება, ცალკე არ მაძლევდა მოსვენებას. ისე გულსგარეთ მესმოდა საუბარი, თითქოს ვხედავდი კიდევაც და არც ვხედავდი, არც ლაპარაკის თავი მქონდა, ჩემს გარსში მინდოდა მოვკუნტულიყავი, საკუთარ თავს ჩავკვროდი გულში, საკუთარი ტკივილი გამომეზამთრებინა, მაგრამ თამუნას შეყრილ წარბებს რომ შევხედე, მზერით შევეხვეწე მამას, თავს უშველეთ-მეთქი. მიმიხვდა. მამა სულაც ხვდებოდა ყველაფერს. ახლაც ესმოდა ჩემი შვილის ამბები, იზიარებდა, მითანაგრძნობდა. წამოდგა. მხარზე ხელი მომითათუნა, გამაგრდი, შვილო, რაც მეტად გტკივა, მით მეტად ძლიერდებიო. ოპლაააო, აი აქ კი წამოიშალა გაბოროტებული ტყესავით და შრიალით გაადევნა უკან, სულ გიჟები ხართ დედა-ბუდიანადაო. 
  მერე ის ხანი იყო და ხალხის მოთმინების ფიალა აივსო და ქუჩას მოედო ბრაზი ლუდის ბაკალზე მომდგარი ქაფივით. ახლა რევოლუციურმა იდეებმა შემიპყრო. რომ მახსენდებოდა ეს ქუჩაში დარჩენილი ხალხი, ჩვენი ფულით გაზულუქებული დეპუტეტები, პარტიული ნიშნით დაწინაურებული უსახო ადამიანები, სავარძელზე მოთავსების შემდეგ ყურებსაც რომ ჰკარგავდნენ, რომ მახსენდებოდა გაუფასურებული ადამიანეობა, დაკარგული ტერიტორიები, განათლების ჩამპალი სისტემა, სამართალთან განქორწინებული სამართალდამცველები, ქუჩაში მოკლული ბავშვები, ჩვენ შორის მოსიარულე მკვლელები, საარჩევნო ყუთებში ბღუჯა-ბღუჯა ჩაყრილი ბიულეტინები, ერთ ადგილს მიყინული ადამიანები, რადგან წასასვლელი არსად ჰქონდათ და ფეხადგმული ხეები, უჰაერობისაგან გულშეღონებული ქალაქები, რომ ვფიქრობდი ქვეყანაზე, სადაც ვაზელინი აღარ იშოვებოდა, ბრაზი სხეულს ისე ეძალებოდა, თითქოს გაყინული ალკოჰოლი გამთბარიყო სისხლში და ახლა არეული ნაბიჯით მიჰყვებოდა სხეულს და თავბრუს მახვევდა. 
-თქვენი დედაც! - ვბღაოდი მთელი ხმით,- დამთავრდა თქვენი ბოგინი, რა გგონიათ-მეთქი, თქვე ნაბიჭვრებო, როგორც მოგიყვანეთ, ისევ ისე ვერ გაგიყენებთ წინამორბედების გზას?! მოეგეთ-მეთქი გონს, მე გიხდით ფულს, მე და ჩემნაირი გასაცოდავებული ხალხი-მეთქი. ჰოდა, ჩაუწიეთ თქვენი კომფორტული ჯიპების დაფერილ მინებს და შემოგვხედეთ, ქვები კი არა ადამიანები ვართ, ადამიანში კი ის დაფარული მხარე, ცხოველისაა. ზოგი ცბიერი მელაა, ზოგი მშვიდობის მტრედი, ზოგი გულზვიადი ავაზა, მაგრამ ყველაზე მეტნი მაინც მგლები ვართ და ისე ნუ იზამთ ერთ უმთვარი ღამეში ხროვამ წრე შემოგარტყათ და ნაფლეთებად გაქციოთ-მეთქი!
აღარც მახსოვს რამდენი ხანი ვიდექი მიკროფონთან, მაგრამ თამუნამ რომ გესლი მომცხო:
-შავები გაიხადე და ახლა თეთრი ჩოხით აპირებ ხალხს წინ წაუძღვეო?! - მე ხმა უკვე დაკარგული მქონდა და პასუხი ვერ გავეცი. 
  ხელი ჩაიქნია ჩემმა ცოლმა. თქვენი ჯიში და ჯილაგი ამოწყდა, სათქვენო გიჟები ხართ, მე უწინ გამისტუმრებთო საგიჟეში. ექიმთან მაინც წავედით. ჩემდა ბედად საგიჟეთები დაეხურათ, რათა, კაცო, ყველა დავჭკვიანდით-მეთქი? ვკითხე ხანშიშესულ ნევროლოგს, არა, შვილო, ყველა გავგიჟდით და აზრი დაეკარგა ვინმეს გამოკეტვასო.
-როდისო? - ჰკითხა თამუნამ, საგიჟეთების დახურვას გულისხმობდა. იმ ნევროლოგმა კიდევ, ზუსტად არ ვიცი, იქნებ უფრო ადრეც, მაგრამ მე მაშინ შევატყვე, მარჯვენა მკლავი რომ მოგვჭრეს და მარცხენაც ღიმილით გავუწოდეთო. 
-რააო?- გადმოკარკლა ჩემმა ცოლმა ჩიყვისგან ისედაც გადიდებული თვალები. 
  ჩამავლო მაჯაში ხელი და სულ მუჯლუგუნებით გამომიყვანა ცენტრალური საავადმყოფოს დერეფანში. გასვლისას ექიმს თვალი ჩავუკარი, გამიღიმა, ისეთი თანაგრძნობის ღიმილით, მადლობა ღმერთს, თამუნამ ჩვენი უხმო დიალოგი ვერ შეამჩნია, თორემ, საგიჟეთი თუ არა, მორგვები ჯერ კიდევ მრავალად იყო და მოგვიწევდა მივწოლოდით ერთმანეთს.
  მსახიობებს მთლად კარგად არ აქვთ ტვინში ყველაფერი, მაგრამ არის ხოლმე გამონათებებიც სიმშვიდის. მეც მსახიობი ვარ. დაცხრა ვნებები. მეძინა კარგად, ვჭამდი და დავყვებოდი ჩემს ცოლს საყიდლებზე. ახლა კიდევ უფრო გაუმძაფრდა ეჭვი. შენ მე შტერი ხომ არ გგონივარ, თქვი ახლა რას მალავო, ერთი დღე გიჟი ხარ და მეორე დღეს ჭკვიანიო, აქ რაღაც ვერაა მთლად ლოგიკურიო.
  მე კიდევ მთელი ეს აურზაური მკლავდა. გახვრეტილ ქილას ვგავდი, ნელ-ნელა ვცარიელდებოდი და ის იყო ალბათ და ძირიც გამძვრებოდი, რომ ქუჩაში გადავაწყდი. ისეთი წვრილი თვალები ჰქონდა, ვიფიქრე, იქნება ვერც კი შემნიშნოს-მეთქი, მაგრამ გაგიკვირდებათ და ჩემს ჩინელს, არაჩვეულებრივი მხედველობა ჰქონდა, დახუჭული თვალებითაც კი მხედავდა. 
  სიყვარული მშვენიერი რამ აღმოჩნდა, ისევ ავივსე, ისევ გავმთელდი და გავმთლიანდი. ახლა თამუნა დაჯდა ფანჯარასთან, როგორც მე ვიჯექი მაშინ, მწუხარების დღეებში, ოთხად მოკუნტული, ჩამოღამებული სახით, დაჯდა და მიშველეთ, ხალხოოო. რათააო, რა არ გავაკეთეო და მოჰყვა ისეთი მონოლოგი, ჩემს რეჟისორს ეს რომ მოესმინა, „ერთი მსახიობის თეატრიდან“ აღარ გამოახედებდა: შე უმადურო ღორო, გაჭმევდიო, გაცმევდიო, ჩემი უბედური თავი შემოგწირეო, რათაო, რისთვისაო, რატომ ის და არა მეო, რა აქვსო მას ჩემზე მეტი, შემომაბდღვრიალა ზღვასავით ლურჯი თვალები. 
რათა და როცა მე თურქ-სელჩუკებს ვებრძოდი და ფერდში დავიჭერი, მოვიდა ჩემ გვერდით ჩაიჩოქა, კაბის კალთა შემოიხია და სისხლის შეკავებას ცდილობდა-მეთქი, მინდოდა მეთქვა, მაგრამ რომ შევხედე სევდის ისეთი ტალღები აზვირთებულიყვნენ თამუნას მზერაში, მის წინ მუხლებზე დავდექი და ხელები დავუკოცნე: 
-მაპატიე-მეთქი, ჩემო თამუნია. 
  ძალიან მინდოდა, რომ არასოდეს ეპატიებინა, მაგრამ მე მიტევება ვთხოვე და მან შემინდო.... ხომ გითხარით მე მსახიობი ვარ ანუ ცოტა მაკლია, თამუნა კი უბრალოდ შეყვარებული იყო. რაც შეეხება ჩემს ჩინელს, აგერ უკვე 10 წელიც მიილია მას შემდეგ და დღემდე ვერ გამირკვევია, მართლა იყო თუ ეგეც ჩემი ყელგამოღადრული შვილივით გამოვიგონე, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ისაა, რომ დღემდე უშეღავათოდ მიყვარს. 
  მსახიობებს ტვინში მთლად კარგად არ აქვთ ყველაფერი. მეც მსახიობი ვარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი