სიჩქარე


დეკემბერია თუ ხვდები აპრილს,
ღამე დგება თუ ელავს ცისკარი,
ვით სუნთქვა დროის, ჩუმი და მძაფრი,
ჩრდილივით დაგდევს შენი სიჩქარე!

და გეჩვენება, თითქოს გვიანობ,
თითქოს დაჰკარგე სინათლის წილი,
ეს მაშინ, როცა, ადამიანო,
ცოტ-ცოტა მუდამ გაკლია ძილი.

მისხლობით ზომავ გაფრენილ წამებს,
მალიმალ ახელ სიზმრიან თვალებს,
და გენატრება რომ დადგეს ღამე,
და გენატრება გათენდეს მალე.

გუშინდელ ჭაბუკს არ გინდობს ჟამი
და გეუბნება ჭაღარა ხარო...
რადგან სიცოცხლე არ იცდის წამით,
რადგან სიცოცხლე ქარივით ჩქარობს,

გარჯაც, გალობაც, ალერსიც ქალთა,
უნდა მოასწრო ერთად ყოველი,
რომ დაგრჩეს ქვეყნად, ნეკროლოგს გარდა,
შენი პატარა სვეტიცხოველი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი